ქრისტეს დროინდელი აბანო, რომელიც რელიგიური რიტუალებისთვის გამოიყენებოდა, არქეოლოგებმა გეთსიმანიაში აღმოაჩინეს. 2000-წლიანი აბანო თანამედროვე ცნობილ ეკლესიასთან („ეკლესია ყველა ერისთვის“) ახლოს იპოვეს. ესკავატორებმა იმ ადგილას ბიზანტიის პერიოდის ჩვენთვის უცნობი ეკლესიის ნაშთებიც აღმოაჩინეს. ეკლესია, დაახლოებით, 1500 წლისაა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს ძველი ეკლესია მე-6 საუკუნეში, ბიზანტიის პერიოდის დასასრულისკენ აშენდა და ომაიადების დროსაც აგრძელებდა ფუნქციონირებას. ეს აჩვენებს იმას, რომ ქრისტიანი მომლოცველები მაშინაც აქტიურად დადიოდნენ იერუსალიმში, როდესაც ქალაქი მუსლიმანთა დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.
ნაშთებს თავდაპირველად მუშებმა მიაგნეს, რომლებიც აშენებდნენ ვიზიტორთა ახალ ცენტრსა და საფეხმავლო გვირაბს, რომელიც თანამედროვე ეკლესიას კედრონის ხევთან დააკავშირებს. გათხრების შედეგად ნაპოვნი აღმოჩენები ვიზიტორთა ცენტრში განთავსდება, როდესაც ის გაიხსნება.
ებრაელი არქეოლოგები ამბობენ, რომ ასეთი აბანოს აღმოჩენა, რომელსაც დამატებითი შენობა-ნაგებობები არ აქვს, სავარაუდოდ, მიანიშნებს იმაზე, რომ 2000 წლის წინ აქ სასოფლო-სამეურნეო წარმოება არსებობდა, რომელიც, შესაძლოა, ღვინოსა და ზეითუნის ზეთს აწარმოებდა. ებრაული კანონები ავალდებულებდა ღვინისა და ზეთის მწარმოებელ მუშებს, განბანილიყვნენ.
„რიტუალური აბანოს აღმოჩენა შეიძლება მიუთითებდეს ამ ადგილის ძველ სახელწოდებაზე – გეთსიმანია („გათ შემანიმ“ – ზეთის გამოხდა). ეს გახლდათ ქალაქთან ახლოს მდებარე ადგილი, სადაც რიტუალურად მზადდებოდა სუფთა ზეთი.“ – განაცხადა ისრაელის სიძველეების სამმართველოს (IAA) ერთ-ერთმა არქეოლოგმა, ამიტ რეემმა.