ბიბლიის შემსწავლელი პოდკასტი – „ბიბლია ერთ წელიწადში“, რომელსაც უძღვება კათოლიკური ჯგუფი Ascension Presents, ყველაზე პოპულარული პოდკასტია აიფონის მომხმარებელთათვის. ის ცნობილ კათოლიკე მღვდელს, მაიკ შმიტს მიჰყავს, რომელიც უძღვება მოზარდთა მსახურებას თავის ადგილობრივ ეკლესიაში. პოდკასტი მოიცავს წმინდა წერილის კითხვას ბერი შმიტის მიერ და შემდეგ დამატებითი თეოლოგიური თუ ისტორიული კონტექსტის გაცნობას მსმენელისთვის. პოდკასტის ხანგრძლივობა 25 წუთია.
„ბიბლია ერთ წელიწადში“ უკვე შეეხო დაბადების წიგნის რამდენიმე თავს, ფსალმუნებს, იობის და იგავთა წიგნებს. ის მეტად რეიტინგულია, ვიდრე „ნიუ იორკ ტაიმსი“ თუ ახალი ამბების სხვა ძირითადი სააგენტოები და პოლიტიკური გადაცემები.
ამავდროულად, მეორე, D-ჯგუფის პოდკასტი პროტესტანტულ ეკლესიასთან თანამშრომლობით, რომლის მიზანიც სახარების გავრცელებაა, იკავებს მე-8 ადგილს 25 ყველაზე პოპულარულ პოდკასტს შორის. D-ჯგუფის პოდკასტი, სახელად „ბიბლიის შეჯამება“, ძირითადად, აქცენტს აკეთებს არა ბიბლიის კითხვაზე, არამედ ბიბლიის მიმოხილვაზე და დაახლოებით 6 წუთს გრძელდება.
ალექსანდრა დესანქტისი National Review-სთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც ადამიანები იწყებენ ბიბლიის პოდკასტების მოსმენას, არის ის, რომ „ბევრ ჩვენგანს ახალი ამბების მოსმენაზე მეტად სწყურია სიმშვიდე, სიმშვიდე სამყაროში, რომელიც სავსეა კონფლიქტით, ურთიერთდაპირისპირებით. ადამიანებს სურთ, რომ ტკივილის ნაცვლად იგრძნონ სიმშვიდე და უსაფრთხოება ამდენი ტანჯვისა და არეულობის ფონზე.“