ქრისტიანი მუსიკოსი და მომღერალი კარმან ლიკიარდელო საავადმყოფოში წევს. ბოლო მონაცემების მიხედვით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჯერ კიდევ ებრძვის პნევმონიას. გასულ კვირას მან ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა, რამაც გართულებები გამოიწვია.
კარმანის ორგანიზმი პნევმონიის ფონზე ორგანოების უფუნქციობასაც განიცდიდა, სიცხეც აეწია და ექიმებმა სულ მალე აღმოაჩინეს, რომ მას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, ამიტომაც მეორე ოპერაცია დაგეგმეს.
2013 წელს მომღერალს უკურნებელი მიელომას კიბო დაუდგინეს. ის წლების განმავლობაში ებრძოდა ამ დაავადებას და გამოჯანმრთელდა კიდეც. გასულ წელს კი მან განაცხადა, რომ კიბო ისევ აღმოაჩნდა, თუმცა ის აპირებდა ბრძოლას განკურნებისთვის.
მრავალი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, კარმანი მაინც იმედიანადაა და სთხოვს ხალხს, ლოცვით იშუამდგომლონ მასზე.
კარმანმა თავისი 65-ე დაბადების დღე საავადმყოფოში აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით მან თავის „ფეისბუკგვერდზე“ დაწერა:
„დღეს საავადმყოფოში ვარ, ჰიატალური თიაქარი გავამარცხეთ, თუმცა ამით არ დასრულებულა ყველაფერი. გაურკვეველი მიზეზით, სისხლის წნევა საგრძნობლად დაეცა და კვლავ განაგრძობდა კლებას. ანესთეზიიდან როდესაც გამოვედი, დავინახე, 9 ექიმი და ექთნები როგორ ბუტბუტებდნენ შეშფოთებულები. ისინი საათობით მუშაობდნენ, რომ ჩემი მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ.
მამაჩემი და ჩემი ბებია-ბაბუაც ჩემს ასაკში გარდაიცვალნენ. მეც ვფიქრობ ამაზე, თუმცა აქამდეც ვყოფილვარ კრიზისულ მდგომარეობაში და განმიცდია ტკივილი. ახლა თქვენი ლოცვითი მხარდაჭერა მჭირდება. მადლობა თქვენი ერთგულებისთვის. ხშირად ვამბობ ამას სცენიდან, მე არ მყავს გულშემატკივრები, მე მყავს შუამდგომლები. ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენი ლოცვით ღმერთი შემინარჩუნებს სიცოცხლეს.“