მიუხედავად კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, რომელმაც ისრაელში დაგეგმილი თითქმის ყველა არქეოლოგიური გათხრა გადადო, 2020 წელს მაინც ბევრი სიახლე განხორციელდა ამ კუთხით. ზოგიერთი გათხრა მაინც ჩატარდა ისრაელსა და მის მეზობელ ქვეყნებში და ასევე გაგრძელდა წინა გათხრების გამოკვლევები.
გთავაზობთ 2020 წლის ყველაზე დიდ სიახლეებს არქეოლოგიაში, რომლებიც ბიბლიურ სამყაროსთან გვაკავშირებს:
10. ასურელი ღმერთების გამოსახულებანი
ჩრდილოეთ ერაყში მომუშავე იტალიელი და ერაყელი არქეოლოგების ჯგუფმა აღმოაჩინა რელიეფური გამოსახულება ქვებზე, რომლებიც კლდეში გათხრილი არხების რთულ სისტემას ამშვენებდა. დაახლოებით 4,5-მეტრიან გამოსახულებებზე აღბეჭდილნი არიან ასურელი მეფე და ასურელთა შვიდი ღმერთი, რომლებიც წმინდა ცხოველების ზურგზე დგანან. მიიჩნევა, რომ გამოსახულებაზე აღბეჭდილი მეფე სარგონ II იყო, რომელიც ძვ. წ. 722-705 წლებში მეფობდა და დაპყრობილი ჰყავდა ისრაელის სამხრეთ სამეფო (მე-4 მეფეთა 17:6).
9. მყარ კლდეზე აშენებული ეკლესია
ისრაელის სამხრეთით, ბანიასში, გათხრებისას აღმოჩენილ იქნა IV საუკუნის ტაძრის ნანგრევები. იგი აშენებული იყო მაღლობზე, კერპის თაყვანისცემის ადგილას, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ბანიასი ბერძნული ღვთაება პანის თაყვანისცემის ცენტრი გახლდათ. თუმცა მეოთხე საუკუნის ქრისტიანები ამ ადგილს ბიბლიურ ქალაქად – ფილიპეს კესარიად – დაასახელებდნენ, სადაც პეტრემ უთხრა იესოს: „შენ ხარ ქრისტე“, ხოლო იესომ უპასუხა: „შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას“ (მათე 16:13-19). ნანგრევების ერთ-ერთი ქვა აღნიშნულია ჯვრებით, რომლებიც ქრისტიანმა მომლოცველებმა (პილიგრიმებმა) დატოვეს მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა.
8. დავით მეფის დროინდელი ციხე-სიმაგრე
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ გოლანის მაღლობზე გასულ წელს აღმოჩენილი ციხე-სიმაგრე გეშურის სამეფოს ეკუთვნოდა, რომელიც დავით მეფის მოკავშირე გახლდათ. ბიბლიის თანახმად, დავით მეფის ერთ-ერთი ცოლი გეშურის მეფის შვილი, მაყაქა იყო. ის გახლდათ აბესალომისა და თამარის დედა. იქ არქეოლოგებმა ნაკვეთი ქვებიც აღმოაჩინეს, რაც, სავარაუდოდ, გეშურელების რელიგიურ წეს-ჩვეულებაზე მეტყველებს.
7. უძველესი ქრისტიანული არტეფაქტი ბრიტანეთში
ბრიტანეთის ერთ-ერთი ძველი რომაული ფორტის VI საუკუნის ეკლესიის ნანგრევებში, დაახლოებით, 1400 წლის წინანდელი თასი იპოვეს. ეს თასი, ჯერჯერობით, ყველაზე ძველ ქრისტიანულ არტეფაქტად მიიჩნევა დიდ ბრიტანეთში.
თასის ფრაგმენტებზე გამოსახულია ძველი ქრისტიანული სიმბოლოები, როგორებიცაა: ანგელოზები, თევზები და ჯვრები.
თასის აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ რომაელების მიერ V საუკუნეში ბრიტანეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგაც იქ მცხოვრებნი კვლავაც განაგრძობდნენ ქრისტიანულ მსახურებებს.
6. სოლომონის ტაძრის მეტოქე ტაძარი
თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გამოთვალეს, რომ იერუსალიმთან ახლოს მდებარე ისრაელის გზატკეცილი N1-ის რეკონსტრუქციისას აღმოჩენილი მოცას ტაძარი ძვ. წ. 900 წელს იყო აშენებული. აღნიშნული ტაძარი ზომებით თითქმის ისეთივე იყო, როგორიც მანამდე საუკუნე-ნახევრით ადრე აშენებული სოლომონის ტაძარი. იერუსალიმიდან სულ რაღაც 8 კილომეტრით დაშორებული ტაძარი გამოიყენებოდა აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთის და ასევე სხვა ე. წ. ღმერთების თაყვანსაცემად. ეს აღმოჩენა კარგად შეესაბამება ძველაღთქმისეულ მონათხრობთ ეროვნული კამათის შესახებ იმის თაობაზე, თუ სად, როგორ და ვისთვის უნდა ეცათ თაყვანი.
5. ქანაანის ღმერთები
ებრაელმა არქეოლოგმა იოსეფ გარფინკელმა აღმოაჩინა ძვ. წ. XII საუკუნის ქანაანური ტაძრის ნანგრევები. გათხრები ძველი აღთქმის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ქალაქში – ლაქიშში ტარდებოდა. აქ ბევრი არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი, რომლებსაც ქანაანური რელიგიური წეს-ჩვეულებებისთვის იყენებდნენ, მათ შორის, სამკაულები, ხანჯლები და „მომსრავი ღმერთების“ ორი 10 სმ-იანი ფიგურა.
ტაძრის ყველაზე დიდი აღმოჩენა, ალბათ, მაინც ბრინჯაოს კვერთხია, რომელიც ვერცხლით არის დაფარული. გარფინკელი მიიჩნევს, რომ ეს კვერთხი ქანაანელი ღმერთის – ბაყალის ქანდაკებას ეჭირა ხელში. თუმცა თავად ქანდაკება, რომელიც, სავარაუდოდ, ადამიანის სიმაღლისა უნდა ყოფილიყო, ნაპოვნი არ არის, უძველესი ქანაანელი ღმერთების დიდი ქანდაკებები იშვიათობაა.
4. კარგად შენარჩუნებული სასახლე
თანამედროვე ქალაქ აფულას საზღვრებს გარეთ, იზრეყელის ველზე გზის პროექტზე მომუშავე არქეოლოგებმა სამეფო კომპლექსი აღმოაჩინეს, რომელიც ისრაელის ისეთ მეფეებს ემსახურებოდა, როგორებიც იყვნენ ყომრი და აქაბი. აღმოჩენილი სამეფო კომპლექსი მდებარეობს საკმაოდ ახლოს მეფე აქაბის კიდევ ერთ სასახლესთან, თუმცა ახლად აღმოჩენილ, სვეტებიან დიდ დარბაზს უკვე უწოდეს „ყომრის სახლის ყველაზე კარგად შენარჩუნებული შენობა, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ისრაელში“.
3. საშინაო ეკლესია ლაოდიკიაში
ლაოდიკიაში ერთ-ერთი სახლის გათხრებისას თურქმა არქეოლოგმა ჯელალ შიმშეკმა წმინდა საგნები აღმოაჩინა, რომლებსაც ქრისტიანები რელიგიური რიტუალებისას იყენებდნენ. მას არ დაუსახელებია, რა სახის საგნები იქნა აღმოჩენილი, თუმცა მისივე განცხადებით ნათელია, რომ ეს შენობა გახლდათ საცხოვრებელი სახლი, რომლის ნაწილიც გადაკეთებული იყო ეკლესიად. აქ კი ადრეული ქრისტიანები იკრიბებოდნენ და ატარებდნენ ღვთისმსახურებებს. 2 000 კვადრატულ მეტრ მიწაზე აშენებული დიდი სახლი, რომელიც თეატრთან ახლოს მდებარეობდა, როგორც ჩანს, საკმაოდ შეძლებულ ადამიანებს ეკუთვნოდათ.
ლაოდიკიის ეკლესია მოხსენიებულია იოანეს გამოცხადებაში (გამოცხ. 3:14-22). გარდა ამისა, ცნობილია, რომ არსებობდა პავლე მოციქულის მიერ ლაოდიკიის ეკლესიისადმი მიწერილი წერილი, რომელიც ნახსენებია პავლე მოციქულის კოლასელთა მიმართ წერილში, თუმცა ლაოდიკიელთა მიმართ წერილი, როგორც ჩანს, დაიკარგა.
2. ძველი დოქები მნიშვნელოვანი წარწერებით
ისრაელში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს არტეფაქტები, რომლებიც სამი ათასწლეულის განმავლობაში ინახებოდა მიწაში. დაკვირვების შედეგად ცხადი გახდა, რომ მათი აღმოჩენა ადასტურებს ბიბლიურ ფაქტებს.
ებრაულმა წარწერამ „lbnayo“, რომელიც დოქში აღმოჩენილ გრაგნილზე იყო და ნიშნავს „ბენიამინის საკუთრებას“, შესაძლოა გადაჭრას ხანგრძლივი დავა ძვ. წ. მე-9 საუკუნეში ისრაელის ტერიტორიის მასშტაბების შესახებ.
როგორც „ბიბლიური არქეოლოგიური საზოგადოება“ ამტკიცებს, ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ აბელ-ბეთ-მაყაქა ნამდვილად იყო ისრაელის ქალაქი აქაბის მეფობის პერიოდში, რაზეც საუბარია ბიბლიაში.
1. პირველი ტაძრის ეპოქის დროინდელი სასახლე
არქეოლოგებმა იერუსალიმში პირველი ტაძრის დროინდელი სასახლის სვეტების უზარმაზარი თავები აღმოაჩინეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეზიდენცია, სავარაუდოდ, მეფეების – ხიზკიაჰუსა და იოშიას მმართველობის დროს აშენდა. არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ეს ან მეფის რეზიდენცია იქნებოდა, ან იერუსალიმის რომელიმე მდიდარი წარჩინებულისა. და რაც მთავარია, ვიღაცამ თავის დროზე კარგად იზრუნა იმაზე, რომ სვეტის თავები გადარჩენილიყო და ჩვენამდე მოეღწია, რადგან ისინი მიწაში იყო ფრთხილად ჩამარხული. ვინ და რა განზრახვით გააკეთა ეს თავის დროზე, ექსპერტებისთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სასახლის დანარჩენი ნაწილი განადგურებულ იქნა ბაბილონის მიერ იერუსალიმის გაძარცვის შედეგად ძვ. წ. 586 წელს.