მას შემდეგ, რაც კოვიდ-19 გავრცელდა, ბევრი ქრისტიანი მომღერალი შეიკრიბა ონლაინპლატფორმაზე, რათა ერთად შეექმნათ მუსიკა, რომელიც გაამხნევებდა და იმედს მისცემდა ადამიანებს.
გრემის ჯილდოს მფლობელი ბენდი „For King and Country“ გაერთიანდა ცნობილ ქრისტიან მომღერლებთან, კირკ ფრანკლინთან და ტორი კელისთან, რათა ერთობლივად შეექმნათ მუსიკა, რომელიც გაამხნევებდა და ანუგეშებდა ამ პანდემიის დროს დაზარალებულ ადამიანებს.
სიმღერა „Together“-ის გადაღება კარანტინის დროს მიმდინარეობდა მომღერალთა სახლებში. კლიპში მონაწილეობენ ის ადამიანებიც, რომლებიც გადმოსცემენ თავიანთ ისტორიებს იმედგაცრუებისა და სტრესის შესახებ.
„For King and Country“ თავის ინსტაგრამგვერდზე აქვეყნებს: „აღნიშნული ვიდეორგოლი გადავიღეთ ჩვენ-ჩვენს სახლებში 2020 წლის კოვიდ-19 პანდემიის დროს. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ 2000 ადამიანს, რომელთაც თავიანთი ისტორია და სათქმელი გაგვიზიარეს, ამის წყალობით შეიქმნა ეს ვიდეორგოლი.“
სიმღერის ტექსტი გვახსენებს იმას, რომ არ ვართ მარტონი ამ რთულ და კრიზისულ პერიოდში.
„თუ შენ ეძებ იმედს ამ ღამით, თუ შენ მარტოდ გრძნობ თავს და არ იცი, რა უნდა გააკეთო, ასწიე ხელები მაღლა.
თუ შენ იბრძვი შენი სიცოცხლისთვის, წამოდექი, ჩვენ ამას ერთად გადავიტანთ.“
ერთ-ერთ პოსტერზე წერია: „მე დავუბრუნდი ჩემს ოჯახს, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ. ღმერთი მოწყალეა!“
კიდევ ერთი წერს: „მამაჩემი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა.“
ერთ-ერთმა ადამიანმა ასევე გაგვიზიარა: „ჩვენ ვერ შევძელით ქორწილის გადახდა ამ პანდემიის გამო, მაგრამ მას დიდებულად აღვნიშნავთ, როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის.“
„For King and Country“-მ მარტში ჩაატარა ინტერნეტკონცერტი, სახელწოდებით „ერთად: იმედის ღამე“, რათა გაემხნევებინა და ენუგეშებინა ხალხი ამ მძიმე დღეებში.
„მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება გამხნევება და ბევრ რამეზე დაფიქრება, დაფიქრდება იმაზე, თუ რატომ გვაქვს იმედი.“ ‒ აღნიშნა ლუკ სმოლბოუნმა CBN-თან ინტერვიუში.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი იზოლაციაში ვართ, ‘ზუმის’ მეშვეობით შეგვიძლია, ვიგრძნოთ ერთობა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი.“ ‒ დაამატა მან.
ასევე განსაკუთრებული სტუმარი იყო ქრისტიანული მუსიკის შემსრულებელი კირკ ფრანკლინი, რომელმაც წინა თვეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოკრიბა თავისი მეგობრები, მომღერლები და ვირუსის წინააღმდეგ წამოწყებული პროგრამის ფარგლებში შეასრულა სიმღერა „მე ვიღიმი“.
არც ისე დიდი ხნის წინ, მომღერალმა საჯაროდ ისაუბრა თავის პრობლემებზე. ისაუბრა დეპრესიაზე, შიშსა და ნერვიულობაზე, იმ განცდებზე, რომელთაც თავად გრძნობდა და მათგან გამოსავალი მადლიერებით ცხოვრებაში იპოვა.
ის მოუწოდებს ადამიანებს: „შეიძლება, თქვენ ახლა უარეს მდგომარეობაში ხართ, მაგრამ ეს იქამდე იქნება ასე, მანამ არ დაიწყებთ მადლიერებით ცხოვრებას. თუ ისწავლით მადლიერებას უფლის წინაშე ყველაფრისთვის, რაც თქვენთვის გააკეთა, უფრო მტკიცენი გახდებით.“