და ვინჩის „უკანასკნელი სერობა“ − „გუგლის“ ახალი ტექნოლოგიით აღდგენილი დეტალები

1830 ნახვა
109 გაზიარება
0 კომენტარი

ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიამ ინტერნეტ პლატფორმასთან Google Arts and Culture ერთად მოახდინა ხელოვნების 200-ზე მეტი ნიმუშის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, მათ შორისაა ლეონარდო და ვინჩის ცნობილი შედევრი „უკანასკნელი სერობა“, რომელიც იტალიელმა ფერმწერმა მილანში მდებარე სანტა-მარია-დელე-გრაციეს ტაძრის სატრაპეზოს კედელზე დახატა.

ჯგუფის Google Arts and Culture სპეციალისტებმა ძალიან დიდი დრო დახარჯეს იტალიელი ფერმწერის ნახატის (რომლის ხატვაც და ვინჩიმ 1498 წელს დაასრულა) მაღალი რეზოლუციის გამოსახულებათა შესაქმნელად.

გამოცემის U.K. Times ცნობით, „გუგლის“ გიგაპიქსელის კამერით შექმნილი ციფრული ვერსია მნახველებს საშუალებას აძლევს, შედევრის უმცირესი დეტალებიც კი დაინახონ, რომელთა დანახვა რთული იყო ასლებზე ან რომლებიც აღარ ჩანდა ორიგინალზე.

ნახატზე უკვე ჩანს იესოს ფეხები, რომლებიც აღარ ჩანდა მას მერე, რაც მონასტერმა ნახატის დაბლა გასასვლელი გააკეთა.

 

 

 

გამოსახულებაზე ასევე კარგად ჩანს მოციქულ თომას თითი − ალუზია იმისა, რომ მას ეჭვი გაუჩნდებოდა ქრისტეს აღდგომასთან დაკავშირებით.

 

 

ასევე კარგად ჩანს, იუდა ისკარიოტელს, იესოს გამცემს, როგორ აქვს ჩაბჯუღული ფულით სავსე ქისა.

 

 

 

„შეგიძლიათ, მკაფიოდ დაინახოთ უმცირესი დეტალებიც კი, როგორც არასოდეს აქამდე. ეს უხილავს ხილულად აქცევს“, – ამბობს Google Arts and Culture-ის საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელი ლუისელა მაცა.

ორიგინალმა დროთა განმავლობაში გახუნება იწყო, რადგან და ვინჩიმ, ნაცვლად ტრადიციულისა, ექსპერიმენტული ტექნიკა (ტემპერა) გამოიყენა, ხოლო და ვინჩის მოსწავლეებმა ასლების შესაქმნელად გამოიყენეს ტრადიციული მეთოდი და შესაბამისად, ასლებმა უკეთ გაუძლო დროს.