კვლევა: აშშ-ის საჯარო სკოლებში იზრდება ევოლუციის შესახებ სწავლება

83 ნახვა
11 გაზიარება
0 კომენტარი

ბოლო 12 წლის განმავლობაში აშშ-ის საჯარო სკოლებში კრეაციონიზმის შესახებ სწავლებამ იკლო, მაშინ, როცა ევოლუციის თეორიის შესახებ სწავლების დრო მკვეთრად გაიზარდა.

კვლევა, რომელსაც ეწოდება „Teaching evolution in U.S. public schools: a continuing challenge“, დაიბეჭდა ჟურნალში Evolution: Education and Outreach.

Christian Post-ის მიხედვით, კვლევა ჩაატარა პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა ერიკ პლატცერმა სამეცნიერო განათლების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან (კალიფორნიაში არსებული ანტიკრეაციონისტული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მასწავლებლებს ხელს უწყობს, ასწავლონ ევოლუციისა და კლიმატური ცვლილებების შესახებ) გლენ ბრენჩსა და ენ რიდთან ერთად.

კვლევა ეყრდნობა 752 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელთა გამოკითხვას.

მსგავსი კვლევა 2007 წელსაც ჩაატარეს პლატცერმა და მისმა კოლეგებმა. 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ კი ცხადყო, რომ 2007 წლიდან 2019 წლამდე შეერთებული შტატების საჯარო სკოლებში 60%-ით გაიზარდა სასწავლო საათების საშუალო რიცხვი, რომელიც ევოლუციის სწავლებას ეთმობა, ხოლო 7%-ით გაიზარდა იმ მასწავლებელთა რიცხვი, რომლებმაც უარი თქვეს, არ ესწავლებინათ კრეაციონიზმის და ზოგადად გონივრული ჩანაფიქრის შესახებ.

2007 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, უმაღლესი სკოლების ბიოლოგიის მასწავლებელთა 51% მიიჩნევდა, რომ კრეაციონიზმი მეცნიერება არ არის. დღეს კი ეს რიცხვი 67%-მდე გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, არიან მასწავლებლები, რომლებიც კრეაციონიზმს მეცნიერებად მიიჩნევენ, თუმცა „მათი რიცხვი მცირდება.“ ‒ აღნიშნა ბრენჩმა კვლევის შესახებ დაწერილ ბლოგპოსტში.