აშშ: „სატანისტური ტაძარი“ აწესებს „ეშმაკის ადვოკატის სტიპენდიას“ მომავალი სტუდენტებისთვის

514 ნახვა
14 გაზიარება
0 კომენტარი

ორგანიზაცია „სატანისტური ტაძარი“ (The Satanic Temple ‒ TST) კოლეჯის სტიპენდიის დანიშვნას აპირებს დამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას აპირებენ. მასაჩუსეტსის ქალაქ სალემში დაარსებულმა ორგანიზაციამ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი მიზანია ‒ მხარი დაუჭიროს ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსაგან, განაცხადა, რომ „ეშმაკის ადვოკატის სტიპენდია“ (500 დოლარის ოდენობით) ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც წელს ამთავრებენ სკოლას. სტიპენდიის მიღების მსურველებმა ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს უნდა უპასუხონ ესეის, ლექსის ან სხვა შემოქმედებითი პასუხის მეშვეობით.

1) რა ინიციატივა წამოგიწყიათ ისეთი, რაც ორგანიზაცია „სატანისტური ტაძრის“ დანიშნულებასა და პრინციპებს შეესაბამება?

2) გთხოვთ, განიხილოთ და დეტალურად აღწეროთ ნებისმიერი მასწავლებელი, რომელმაც ჩაახშო თქვენი სული, საფუძველი გამოაცალა თქვენს თავდაჯერებულობას და შეგაძულათ სკოლაში გატარებული ყოველი წუთი.

„განმცხადებელი შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად წარმოაჩენს მისი პასუხი ორგანიზაციის მისიას.“ ‒ წერია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

„სატანისტური ტაძრის“ თანადამფუძნებელი მალკოლმ ჯერიმ ამბობს, რომ სტიპენდიის დანიშვნის მიზანია სავალდებულო სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქება. მისი თქმით, ორგანიზაცია უარყოფს სავალდებულო სწავლების აუცილებლობას, რადგან ის „არღვევს მოსწავლეების ძირითად სამოქალაქო უფლებებს და ჩააგონებს მორჩილებას დაუმსახურებელი ავტორიტეტის წინაშე“.

„სტიპენდია განკუთვნილია მათთვის, ვინც ინდივიდუალიზმის, თანაგანცდის, თავისუფალი აზროვნების მომხრეა და სკეპტიკურად არის განწყობილი იმ მჩაგვრელი დაწესებულების მიმართ, რომელსაც იძულებული იყო, შეჰგუებოდა“, დაამატა ჯერიმ.

ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ თაყვანს არ სცემენ სატანას და არ სწამთ მისი, როგორც პიროვნული არსების, მაგრამ „მათი სახელი და ქმედებები ცხადყოფს, რომ მისი მიზანი სწორედ სატანის სახელის განდიდებაა, სატანისა, რომელიც ბოროტების სათავეა და ცდილობს ხელი შეუშალოს ღვთის ნების აღსრულების დედამიწაზე“, ასე აფასებს ქრისტიანული საინფორმაციო პორტალი CBN ორგანიზაციის საქმიანობას.