ჩინეთის მთავრობა კრძალავს ღვთისმსახურებათა ონლაინრეჟიმში გადაცემას

379 ნახვა
33 გაზიარება
1 კომენტარი

ეკლესიები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთმანეთთან კავშირს ინტერნეტსაშუალებებით ინარჩუნებენ და ამგვარად ადევნებენ თვალყურს ღვთისმსახურებებს კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო. ჩინეთში კი მსგავსი ქმედება კანონის დარღვევად მიიჩნევა.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „Bitter Winter“-ის ცნობით, 5 აპრილს, სულ რამდენიმე ორგანიზაციას მიეცა რელიგიურ მსახურებათა ონლაინრეჟიმში გაშვების უფლება და ისიც მხოლოდ იმათ, ვინც სახელმწიფოს მიერ გაცემულ ლიცენზიას ფლობენ.

ორმა ხუცესმა სცადა კიდეც, ონლაინრეჟიმში გადაეცა თავისი ქადაგება, მაგრამ ონლაინმსახურებები მალევე გათიშეს.

2018 წელს ჩინეთში მიღებული კანონის მიხედვით, ღვთისმსახურებათა ონლაინგადაცემა იკრძალება.

„არცერთ ორგანიზაციას ან ცალკეულ პირს არ აქვს უფლება, ონლაინ ან პირდაპირ ეთერში გადასცეს რელიგიური აქტივობანი, მათ შორის, ლოცვა, საკმევლის კმევა, ხელდასხმა, საღვთო წერილის კითხვა, მესის ჩატარება, თაყვანისცემა ან ნათლობა, იქნება ეს ტექსტური, ფოტო, აუდიო თუ ვიდეოფორმით.“ ამბობს ზემოხსენებული კანონი.

ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება აგრძელებს კამპანიას ქრისტიანების წინააღმდეგ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დროს: ხსნის ჯვრებს და ანგრევს ეკლესიებს მაშინ, როცა ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

13 მარტს, გოიანის ოლქში, ანჰუის პროვინციაში ხელისუფლებამ მოხსნა ჯვარი, რომლის ამსახველი ვიდეოც ინტერნეტში გაავრცელა ჩინეთის ქრისტიანთა გაერთიანებამ. ხელისუფლებამ ქრისტიანების თვითიზოლაციით ისარგებლა და ეკლესიას ჯვარი მოხსნა.

„ჩინეთის დახმარების“ ორგანიზაციის ინფორმაციით, ორმა ქრისტიანულმა ორგანიზაციამ (Three-Self Patriotic Movement და China Christian Council), რომელსაც სახელმწიფო მართავს, გამოსცა ბრძანება, რომელიც კრძალავს ყველა ონლაინქადაგების შეწყვეტას და იმ ეკლესიების მოსპობას, რომლებიც საიდუმლოდ იკრიბებიან.

როგორც ცნობილია, ჩინეთში ქრისტიანები, ძირითდად, იატაკქვეშა ეკლესიებში მოღვაწეობენ, რადგან მათ საქმიანობას მკაცრად აკონტროლებს მთავრობა, მრავალი მქადაგებელი ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის დევნის მსხვერპლი გახდა და თავისი რწმენის გამო პატიმრობაც კი მიესაჯა. ბოლო წლების განმავლობაში დაიხურა მრავალი ეკლესია და მორწმუნეთა უმრავლესობა ფარულად განაგრძობდა თავის რელიგურ მოღვაწეობას ე.წ. “იატაქვეშეთში”.

დღეს რელიგიური ნიშნით დევნისა და კორონავირუსის წინაშე მდგარ ჩინელ ქრისტიანებს, ალბათ, არავინ გააკრიტიკებდა, იატაკქვეშა საქმიანობას თუ გააგრძელებდნენ, მაგრამ CBN-ის ანგარიშის თანახმად, ქრისტიანები კარანტინის დროს ვუჰანის „ქუჩებში არიგებდნენ ნიღბებს და უზიარებდნენ სხვებს ქრისტეს სიყვარულს.“