ცნობილი აპოლოგეტი რავი ზაქარიასი გარდაიცვალა

129 ნახვა
7 გაზიარება
0 კომენტარი

დღეს დილით ცნობილი ქრისტიანი ავტორი და აპოლოგეტი რავი ზაქარიასი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაახლოებით სამი თვის წინ რავი ზაქარიასს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს ‒ ხერხემლის სიმსივნის აგრესიული და იშვიათი ფორმა.

„იესო ქრისტე, ჩვენი მხსნელი იყო ის, ვის შესახებაც საუბარი ყველაზე მეტად სურდა მამაჩემს. უკანასკნელ დღეებშიც კი, როცა ლაპარაკი უჭირდა, საუბრის კალაპოტს მაინც იესოსა და მისი საქმეებისკენ მიმართავდა. მას უკვირდა, როგორ აქცია ღმერთმა 17 წლის სკეპტიკოსი მორწმუნედ, როგორ გაანადგურა მასში უიმედობა და ურწმუნოება და მოუწოდა დიდებული იმედით სავსე ცხოვრებისკენ, წმინდა წერილის ჭეშმარიტების რწმენით სავსე ცხოვრებისკენ.

მისი ფიქრები და საუბრები ბოლო წლებსა და განსაკუთრებით, ბოლო კვირების განმავლობაში გაჯერებული იყო მადლიერებით თავისი ორგანიზაციის გუნდისადმი.

მამაჩემის სიყვარული, თავმდაბლობა და ლმობიერება, რასაც ის ადამიანების მიმართ იჩენდა, სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში, გულში, ჩემს ცხოვრებაში. სულ ცოტა ხნის წინ ჩემმა მშობლებმა ქორწინების 48 წლისთავი აღნიშნეს და ამ წლების განმავლობაში დედაჩემი მუდამ მამაჩემის გვერდით იდგა და იზიარებდა მის მოწოდებას.

იოანეს სახარებაში დაწერილია: ‘მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ’ (14:19). ამ სიტყვებმა შეცვალა რავი ზაქარიასის ცხოვრების ტრაექტორია 57 წლის წინ. ეს სიტყვებია ამოკვეთილი ბებიაჩემის საფლავის ქვაზე და ამავე სიტყვებს წავაწერთ მამაჩემის საფლავის ქვასაც. დღეს მამაჩემი იმაზე უფრო მეტად ცოცხალია, ვიდრე ოდესმე. მადლობას ვუხდით ღმერთს მისთვის და კიდევ ერთხელ ვუძღვნით საკუთარ ცხოვრებას ღმერთის საქმეს, რომ მანამ ვემსახურებით ჭეშმარიტების გავრცელებას, სანამ უფალი მოგვიწოდებდეს საუკუნო სახლში.” – წერს აპოლოგეტის ქალიშვილი სარა დევისი.

რავი და მისი მეუღლე, 2020 წ. 7 მაისი.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში რავი ზაქარიასმა გაიკეთა ოპერაცია ზურგზე, რაც ექიმების შეფასებით, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და საგრძნობი გაუმჯობესება მოუტანა ორგანიზმს. თუმცა სწორედ ოპერაციის შემდეგ მალევე დაეწყო გაუსაძლისი ტკივილები, რომელიც ღამე დაძინების საშუალებას არ აძლევდა. თავდაპირველად რავის და მის ოჯახს ეგონა, რომ ეს ოპერაციის შემდგომი ბუნებრივი მოვლენა იყო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ამ ტკივილებს სიმსივნე იწვევდა.

საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში ის წერდა, რომ ენდობოდა უფალს ყოველივეში და მადლობას უხდიდა ყველას ლოცვებისა და თანადგომისთვის, განსაკუთრებით კი თავისი გუნდის წევრებს, რომლებიც მას ცვლიდნენ მსახურებაში და მის მაგივრად გამოდიოდნენ ცოცხალი აუდიტორიის წინაშე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ რავი ზაქარიასმა 1984 წელს დააარსა საერთაშორისო აპოლოგეტური მსახურება Ravi Zacharias International Ministries, რომელსაც ამჟამად  მისი ქალიშვილი სარა დევისი ხელმძღვანელობს.