ევანგელური ეკლესიები საქართველოში ღვთისმსახურების ონლაინფორმაზე გადავიდნენ

415 ნახვა
32 გაზიარება
1 კომენტარი

მსოფლიო პანდემიის პირობებში, როდესაც მრავალი სახელმწიფო ცხოვრებას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში განაგრძობს, ეკლესიებს მოუხდათ, მოეძებნათ ახალი გზები, რათა არ დაეტოვებინათ მრევლი სულიერი საკვების გარეშე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ეკლესია გადავიდა ონლაინმსახურების რეჟიმზე. სასულიერო პირები იყენებენ ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ არ დაარღვიონ კანონი და თავის სამწყსოსთანაც აქტიური კონტაქტი იქონიონ.

საქართველოს ევანგელური ეკლესიები აცხადებენ სრულ მხარდაჭერას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებებისადმი.  საქართველოს ევანგელური ალიანსის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეკლესია ონლაინმსახურების ფორმაზე გადავიდა. განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ არ შეჩერდება ღვთისმსახურებანი, არამედ იცვლება მხოლოდ აღსრულების ფორმა.

ევანგელური ეკლესიების უმრავლესობა საკუთარი ფეისბუკგვერდის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადასცემს ღვთისმსახურებებს.

„მე თუ მკითხავთ, ჩემი უდიდესი სურვილი იქნებოდა, არ შეცვლილიყო საეკლესიო მსახურებების ფორმა (და არა, როგორც ზოგიერთები ამბობენ, მსახურებათა შეჩერება) თუმცა, ვგრძნობთ რა მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ, რომ მორჩილება ერთადერთი გზაა, აღვასრულოთ მცნება – „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ ამიტომ სწორი არ იქნებოდა, დაგვეცვა საეკლესიო წესი დიადი მცნების დარღვევის ხარჯზე.“ – ამბობს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არაფრის გვეშინია, მაგრამ უნდა დავემორჩილოთ არსებული მდგომარეობის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. დარჩით სახლში, კვირას, 11 საათზე ეკლესიის ფეისბუკგვერდის მეშვეობით გადაიცემა მსახურება და ყველა შეძლებთ, პირდაპირ ეთერში მოისმინოთ ღვთის სიტყვა. მე არ მჯერა, რომ რაიმეს შეუძლია ჩვენთვის რწმენის შერყევა.“ – ამბობს „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიის ხუცესი, მამუკა ჯებისაშვილი თავისი სამწყსოსადმი ვიდეომიმართვაში.

„გადავდივართ სხვა ტიპის მსახურებებზე. ტრადიცული ღვთისმსახურების აღსრულება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, დროებით შეჩერებულია ეკლესიებში. ჩვენ მივმართავთ ალტერნატიულ გზას და ყოველკვირეულად მოგაწვდით ვიდეოქადაგებებს, რომლებიც ჩვენი კავშირის ფეისბუკის გვერდზე დაიდება ყოველ კვირას, დღის 12 საათზე. თუ აუცილებელი საჭიროება გექნებათ, დაუკავშირდით თქვენი ეკლესიების ხუცესებს და დიაკვნებს, ისინი მზად არიან, 24 საათის განმავლობაში თქვენ გვერდით იყვნენ.“ – განაცხადა საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის პრეზიდენტმა გია კანდელაკმა.

„ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს და დროებით ცვლის კვირა დღის ღვთისმსახურების ფორმას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება ღვთისმოსავ რწმენას, როგორც დიდი რეფორმატორი ამბობდა. ჩვენ ვაცნობიერებთ უდიდეს პასუხისმგებლობას ღვთის, მრევლისა და სრულიად საზოგადოების წინაშე.“ – თქვა ვიდეომიმართვისას ბათუმის წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესიის წინამძღვარმა ვარლამ რამიშვილმა.

ევანგელური ეკლესიები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ზედმიწევნით შეასრულონ მთავრობის მიერ დადგენილი საგანგებო მდგომარეობის წესები, მაქსიმალურად ეცადონ, დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს.

“ჩვენი ღრმა რწმენით, საღვთო წერილი არაორაზროვნად ასწავლის საერო და სასულიერო ძალაუფლებათა შესახებ. ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთისაგან გამიჯნულია, მაგრამ არა დაპირისპირებული. უფალი საერო ხელისუფალთ „ღვთის მსახურთ“ უწოდებს (რომაელთა მიმართ ეპისტოლე მე-13 თავი) ისევე, როგორც ეკლესიას. ორივე მათგანს უფალი აძლევს ძალაუფლების მახვილს. საერო ხელისუფალთათვის ეს მახვილი გამოიხატება გამოცემულ კანონებსა და დეკრეტებში, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია იძულების წესით, ხოლო ეკლესიას უფალმა სხვა მახვილი განუსაზღვრა, რაც არის ღვთის სიტყვის ქადაგება (ეფესელთა მიმართ ეპისტოლე მე-6 თავი). 

წმინდა პავლე მოციქული აცხადებს: „ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას.“ როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ჩვენ ყველა უნდა ვმორჩილებდეთ უმაღლეს ხელმწიფებას, ხოლო სულიერ საკითხებთან მიმართებით იქადაგება სახარება და მისდამი მორჩილება. ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე თავად არის ამგვარი მორჩილების უშესანიშნავესი მაგალითი. უფალმა ბრძანა: „მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა“ (მათეს სახარება 22-ე თავი).

გარდა ზემოთ თქმულისა, მტკიცედ გვჯერა, რომ ქრისტეს ამქვეყნად მოსვლით, ჩვენი ცოდვების გამო მისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით, ღვთის ტაძრად გამოცხადებულია ქრისტეს თითოეული  მორწმუნე. წმინდა პავლე მოციქული ასწავლის და ამბობს: „არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში? თუ ვინმე დააზიანებს ღმერთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმინდაა ღმერთის ტაძარი და თქვენ ხართ ის“ (1-ლი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე მე-3 თავი). აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის გაფრთხილება ღვთის ტაძრის გაფრთხილებაა და მისი დამაზიანებელი პასუხს აგებს უზენაესი ღმერთის წინაშე.

ჩვენ ვლოცულობთ, რათა ღმერთმა გამოიღოს თავისი დიდი მოწყალება და დაგვიხსნას ყველა ამ განსაცდელის ჟამს.” – ნათქვამია განცხადებაში.