ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა ევროკავშირის მუშაობის მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
„კრიზისული სიტუაციები განსაკუთრებული გამოცდაა ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემისთვის. კოვიდ-19-ის მიმდინარე პანდემია და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების დაცვაზე, აძლიერებს არსებულ უთანასწორობას და ზრდის ზეწოლას საფრთხის შემცველ სიტუაციებში მყოფ პირებზე.
ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს ქართველ პარტნიორებთან გამოვლენილი, საფრთხის შემცველი სიტუაციების მოსაგვარებლად და შემდგომი რისკების შესამსუბუქებლად. ჩვენი ვალდებულება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით უცვლელად მტკიცეა. ამ კვირაში ჩვენ ვაანონსებთ ხუთ ახალ პროექტს, მათ შორის ჩვენი პროგრამის – ‘ევროკავშირი ადამიანის უფლებებისთვის’ (EU4 Human Rights) ფარგლებში…
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა მიიღო ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ახალი სამოქმედო გეგმა 2020-2024 წლებისთვის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ამბიციის დონეს და ყველა მესამე ქვეყანასთან ურთიერთობაში ჩვენს პრიორიტეტებს აწესებს.
ამ სამოქმედო გეგმით ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მზაობას, ხელი შეუწყოს საყოველთაო ღირებულებების წინ წამოწევას. ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა კვლავაც იქნება ევროკავშირის შიდა და გარე პოლიტიკის ყველა ასპექტის საფუძველში.
ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, გვერდში ედგას საქართველოს ამ პროცესში.“ – ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.