საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„’ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!’ – ასე უპასუხა ქრისტემ გამძვინვარებულ ადამიანებს, რომელთაც ღმერთის სახელით უნდოდათ გზასაცდენილი, გარყვნილი დედაკაცის ჩაქოლვა. არაფერია ახალი ამქვეყნად. ადამიანები კვლავინდებურად სასტიკნი, ბრმანი და დაუნდობელნი ვართ.
არც მაშინ უთქვამს ქრისტეს, ცოდვილი არააო ეს ქალი და არც ახლა გაამართლებს არაფერს, რაც ეწინააღმდეგება მის წმინდა ბუნებასა და სიტყვას, მათ შორის ჰომოსექსუალიზმს, ძალადობას, სიძულვილს, მრუშობას და სხვა უამრავ მანკიერებას, რომელთაც ისე აქვთ ფესვი გადგმული ჩვენს საზოგადოებაში, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ მათ და თავსაც კი ვიწონებთ რჩეულობით, ტრადიციებით, განსაკუთრებულობით! არადა, ბრმანი ვართ და უფსკრულის პირას მდგომნი.
განა უფრო მეტად რჩეულნი ვართ, ვიდრე ერი, რომელშიც ქრისტე ხორციელად მოვიდა?! განა ისინი აბრაჰამის ძენი არ იყვნენ და აღთქმის მემკვიდრენი?! როგორ დაისაჯა იერუსალიმი ცილისმწამებლობის, სიამაყისა და შეუწყნარებლობისთვის…
დღეს ბევრი ხმა ისმის ჩვენს საზოგადოებაში, ყველა თავის სიმართლეს ამტკიცებს და სხვისკენ იშვერს თითს. ვთვალთმაქცობთ, როცა ვამბობთ, რომ ძალადობა გამართლებულია გარყვნილების წინააღმდეგ! ქრისტეს ასე არ უთქვამს! დიახ, ცოდვაა მამათმავლობა და ღვთის თვალში დაუშვებელია მისი პროპაგანდა ნებისმიერი სახით, მაგრამ ასევე დაუშვებელია ძალადობა გზააბნეულ ადამიანებზე სხვა გზააბნეული ადამიანების მიერ.
სამარცხვინოა, როცა ეგრეთ წოდებული ღვთისმეტყველნი ვერ ხედავენ ცოდვას ლგბტ მიმდინარეობებში და კიდევ უფრო სამარცხვინოა, როცა ქრისტეს სახელით წოდებული ადამიანები მათ ფიზიკურად უსწორდებიან, ამით არცხვენენ ქრისტეს სახელს და კიდევ უფრო მეტ საბაბს აძლევენ უფლის მტრებს!
ქრისტე მოვიდა და ბრძოლა ცოდვასთან სულ სხვა განზომილებაში გადაიტანა, რადგან ლოგოსის ხორცშესხმასთან ერთად ჩვენთვის მისაწვდომი გახდა წმინდა სული ღვთისა, რომელიც მკვიდრდება წრფელად მონანიებული ადამიანის სულში და შიგნიდან იწყებს მის ცვლილებას. ებრძვის არა მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებას ყოველგვარი მანკიერებისა, არამედ ფესვებს, რათა ჭეშმარიტად თავისუფალი იყოს ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი. სწორედ ამიტომ ბრძანა უფალმა: ღმერთის სამეფო თვალსაჩინოდ არ მოვაო, (ლუკა 17:20). დიახ, გულიდან იწყებს უფალი, უხილავიდან, ვინაიდან ადამიანის გულის ზრახვები განაპირობებს მის საქციელს და ჩანასახშივე უნდა დამარცხდეს ცოდვა, სანამ ძალას მოიკრებს, შენივთდება და ზიანს მოიტანს. ნახეთ, რას ამბობს უფალი ცოდვის ფესვზე მათეს სახარების მე-15 თავში: ‘ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. ეს ყველაფერი ბილწავს ადამიანს…’ და თუ გულს უფალს მართლა დავუთმობთ, მოვა ის ჭეშმარიტების სული და განწმენდს ჩვენს შინაგანს, თავიდან თვალისათვის უხილავად გაივსება ჩვენი გულები სიწმინდით, შემწყნარებლობით, თავისუფლებით და სიყვარულით, მერე კი ეს ყველაფერი საქმეებში გადმოიღვრება, რადგან თუ გული სუფთაა – ქმედებანიც.
დიდი გულისტკივილით ვაფიქსირებთ, რომ დღეს დაავადებულნი, დაბრმავებულნი, გახლეჩილნი და სიძულვილს დამონებულნი ერთმანეთს ვანადგურებთ და ვანგრევთ იმ მშვენიერ სამკვიდროს, რომელიც უფალმა გვიბოძა ჩვენი სამშობლოს სახით. ზაქარია წინასწარმეტყველი გვიცხადებს: ‘არა ძლიერებით და არა ძალით, არამედ ჩემი სულით!’ – ამბობს ცაბაოთ უფალი.
ქრისტეს ძალა მის სულშია, არა მკლავით და ძალადობით, არამედ მისი სულით შეგვიძლია გადავრჩეთ, რამეთუ ესაა ჭეშმარიტი თავმდაბლობა, როცა ვნებდებით მის სულს და ჩვენი სიამაყითა და ძალით კი არა, მისადმი რწმენით ვიცვლებით და ვცვლით ერთმანეთს.
ძალიან ვწუხვართ, რომ კიდევ ერთხელ შევირცხვინეთ თავი, როგორც ერმა, როგორც ქრისტიანებმა და როგორც უბრალოდ მოყვასის გულშემატკივრებმა. სახელმწიფო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოუმზადებელი იმ ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც არის დადგენილი. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს და ვემიჯნებოდეთ განსხვავებულ აზრს, მას გაჟღერების უფლება აქვს თვით უფლისგან ბოძებული და მას უნდა დავუპირისპიროთ არა მუშტი, არამედ ჯანსაღი აზრი, რომელიც უტყუარი დასტური იქნება სიძლიერისა და თავისუფლებისა. ამის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, რასაც ახლა თავი ვერ გავართვით და კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდა იმედი.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ასეთი შეტევა განხორციელდა მედიის წარმომადგენლებზე და ათეულობით ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როცა ვერაფერი დაუპირისპირეს განსხვავებულ აზრს, ქრისტე უბრალოდ ჯვარს აცვეს, ეგებ, როგორმე გაეჩუმებინათ!
ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვება და ჩვენს ერს ასეთი მოძალადენი დათვურ სამსახურს უწევენ! ბრალს ვერავინ დაგვდებს იმაში, რომ ცოდვასთან მივდივართ კომპრომისზე ან წავსულვართ ოდესმე, მაგრამ ასეთი ფორმით ძალადობა ჟურნალისტებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე, დიპლომატების შეურაცხყოფა კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ყველაფრის უკან იმალებიან პოლიტიკურად მოტივირებული ძალები, რომლებიც კარგად იცნობენ ჩვენს სისუსტეებს ერისა თუ სახელმწიფოს დონეზე და სურთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურება.
მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ეს ეხება, რომ კანონის დამრღვევნი უსათუოდ იქნენ დადგენილნი და პასუხისგებაში მიცემულნი არა სიძულვილით, არამედ სიყვარულით ჩვენი ერისადმი და მათდამიც, ვინც სიძულვილის ტყვეობაშია და ჰგონია, რომ ამით ღმერთს ემსახურება. ეს სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა და ვფიქრობთ, მტკიცე ნების არსებობის შემთხვევაში, ძალიან ადვილი განსახორციელებელია. დღეს ჩვენ გვჭირდება არა ახალი კანონების მიღება, არამედ არსებული კანონების გულდასმით და ზედმიწევნით აღსრულება, რათა დაცული იყოს საზოგადოების თითოეული წევრის კონსტიტუციური უფლება, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება და ეს ხაზს უსვამს გარკვეული ძალების პოლიტიკურ მოტივებს.
მივმართავთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და კანონდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემა, რათა ეს საშიში პრეცედენტი არ განივრცოს. სხვაგვარად, ვშიშობთ, რომ ეს დაავადება კიდევ უფრო გაიდგამს ფესვებს და უფრო მტკივნეული პროცესების მომსწრენი გავხდებით.
ბოლოს, კვლავ უფლის მოლოდინი გვინდა გავაჟღეროთ: მე-2 ნეშტთა 7:14 – ‘და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან – მაშინ მოვუსმენ ზეციდან, ცოდვას მივუტევებ და განვკურნავ მათ მიწას’.
ღმერთმა შეიწყალოს და დალოცოს ჩვენი ქვეყანა.
საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათიანული) ეკლესია.“