ქრისტიანული კონფესიები 25 დეკემბერს, საშობაო ღამისთევის მსახურებაზე დასასწრებად სახელმწიფოს მიერ საშვების შეთავაზებაზე უარს აცხადებენ. ხელისუფლების თქმით, ერთჯერადი საშვების მისაღებად სახელმწიფოსთვის ეკლესიებს სპეციალური სიები უნდა წარედგინათ.
კათოლიკურ და პროტესტანტულ ტაძრებში ღვთისმსახურება ძირითადად ღამისთევით, მრევლის გარეშე შედგება. საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში შობის დღესასწაულს კომენდანტის საათის დადგომამდე იდღესასწაულებენ, ხოლო ზოგიერთი ეკლესია შობას კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ აღნიშნავს.
„საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებსაც მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა, ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა, ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდგენიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო…? განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება.“ – წერს „ფეისბუკგვერდზე“ ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო.
შეგახსენებთ, რომ საშობაოდ, 6 იანვრის ღამეს მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“, რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი შემთხვევები თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით დააწესოს და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი.
22 დეკემბერს გამართულ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ გამონაკლისი მხოლოდ მართლმადიდებელი მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.
„მასობრივად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და, შესაბამისად, ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღეები. ამიტომ, ნუ შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს. ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეების ყველა უფლებას ვიცავთ. მათ თავისუფალი აღმსარებლობის უფლება აქვთ და კათოლიკურ შობაზე იქნება თუ გრიგორიანულ შობაზე, მათ ექნებათ საშუალება, მივიდნენ თავიანთ ეკლესიაში შეზღუდვების გარეშე.“ – განაცხადა მან.
ვიცე-პრემიერის განცხადებას ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
„უკიდურესად საგანგაშოდ და შემაშფოთებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი დამოკიდებულება რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ. ხელისუფლება სულ უფრო ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის.
მიმდინარე წელს, პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რომელიც არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს, ავლენს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: დაიცვას რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა; საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად; გააუქმოს ამ მანკიერი პრაქტიკის განმახორციელებელი უწყება – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.“ – ნათქვამია TDI-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ერთი რამ ფაქტია, წელს „სხვა“ (არამართლმადიდებელ) ქრისტიანებს განსხვავებული შობა ექნებათ…