1 ნოემბერს ბორჯომში, რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“, რომლის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში რელიგიური ლიდერების როლისა და მნიშვნელობის ზრდა.
სემინარს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. მთავარი თემებია: გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ბავშვის უფლებები სხვადასხვა რელიგიაში და რელიგიური ლიდერების როლი მათი დაცვისა და ხელშეწყობის საკითხში.
ბავშვის უფლებების პოპულარიზაციის, ბავშვის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში რელიგიური ლიდერების როლი, მნიშვნელობა და შესაძლებლობები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო. რელიგიის სააგენტომ შუამავლის ფუნქცია იკისრა რელიგიურ ორგანიზაციებსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში ბავშვთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას.
2019 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობამ საქართველოში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შედგა ორი რელიგიური ორგანიზაციის, საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების შეხვედრა და სემინარი UNICEF-თან. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ასევე, გაიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანგებო კონფერენცია, რომლის მთავარი თემები იყო გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ბავშვის უფლებები სხვადასხვა რელიგიაში და რელიგიური ლიდერების როლი მათი დაცვისა და ხელშეწყობის საკითხში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის სემინარი ბორჯომში 2 ნოემბერს დასრულდება.