დღეს, როცა თვალს ვადევნებთ წარმატებულ ადამიანთა ცხოვრებას, ვერ წარმოვიდგენთ, სინამდვილეში რა სირთულეთა გადალახვა, ხშირად კი რა ჯოჯოხეთური მდგომარეობის გადატანა მოუხდათ, სანამ წარმატების მწვერვალებს დალაშქრავდნენ.
დღეს ისინი გამარჯვებულები არიან, მაგრამ გაიმარჯვეს სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დანებებულიყვნენ.
გადაავლეთ თვალი ამ ისტორიებს და კარგად დაფიქრდით მათზე.
Google − 1998 წელს Google-ის დამფუძნებლებმა, სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა YAНОО-ს შესთავაზეს თავიანთი კომპანიების გაერთიანება. YAНОО-ს მესვეურებმა ირონიული ღიმილით მოისმინეს მათი წინადადება და „დელიკატურად“ აუხსნეს, რომ არ აპირებდნენ საკუთარი დროის დახარჯვას „დაუფრთიანებელი ბარტყების ბავშვურ პროექტზე“.
5 წლის მერე Google-ის საბაზრო კაპიტალმა შეადგინა 20 მილიარდი დოლარი, ხოლო 2012 წლის მონაცემებით ის 250 მილიარდ დოლარად შეფასდა.
1959 წელს კომპანია „უნივერსალ პიკჩერზმა“ კასტინგის შემდეგ უარით გაისტუმრა ორი ყმაწვილი:
- თქვენ ძალიან ნელა საუბრობთ და თან საშინლად მოძრაობთ, თქვენგან მსახიობი ვერ დადგება, – უთხრეს ერთს; – თქვენ კი, გაუგებარია, აქ საერთოდ როგორ მოხვდით, ტალანტის ნასახიც კი არ გაგაჩნიათ“, – გამოუტანეს განაჩენი მეორეს.
პირველს ბერტ რეინოლდსი ერქვა, მეორეს კი კლინტ ისტვუდი.
Bell Alexander Graham − როცა ალექსანდრე ბელიმ Western Union-ის პრეზიდენტს კარლ ორტონს შესთავაზა, გარკვეულ თანხად შეესყიდა ყველანაირი უფლება თავის გამოგონებაზე, ორტონმა გაოცებულმა იკითხა:
„რაში უნდა გამოიყენოს ჩვენმა კომპანიამ ეს ელექტრონული სათამაშო?“
და უარით გამოისტუმრა ტელეფონის გამომგონებელი.
პრისტონის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო გაზეთის ხელმძღვანელობამ უარით გაისტუმრა ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც დაჟინებით ცდილობდა გაზეთის რედაქციაში მუშაობის დაწყებას:
– ბოლოს და ბოლოს, დაგვანებეთ თავი, ყმაწვილო, ამ თქვენი უაზრო იდეებით. თქვენ საგამომცემლო საქმიანობის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ და დროს ტყუილად ნუ კარგავთ, ჯობია რაიმე სხვა საქმეს მოჰკიდოთ ხელი.
სტუდენტს ერქვა მალკოლმ ფორბსი.
1971 წლის ერთ მშვენიერ დღეს ტაბიტე კინგმა სანაგვე ურნაში აღმოაჩინა მეუღლის ხელნაწერები. მას ცნობისმოყვარეობამ სძლია და არ გააყოლა ისინი ნაგავს. როცა ქმარმა ნახა, რომ მისი ცოლი ხელნაწერებს კითხულობდა, გაღიზიანებულმა უთხრა: „რას მოგქონდა უკან ეს სულელური ნაჯღაბნი, ახლავე გადაყარე.“ მაგრამ ქალმა არ დაუჯერა. მას ძალიან მოეწონა ნაწარმოები და დაიწყო მეუღლის შეგულიანება, რომ ეზრუნა მის გამოქვეყნებაზე.
მრავალმა გამომცემლობამ უარი თქვა ამ წიგნის გამოქვეყნებაზე, მაგრამ, საბოლოოდ, 1974 წელს, როგორც იქნა, ერთ-ერთმა გამომცემლობამ დაბეჭდა ეს რომანი სახელწოდებით: „კერი“, რომელიც მაშინვე ბესტსელერად იქცა. ის გაიყიდა 4 მილიონ ეგზემპლარად, ხოლო მის მიხედვით, ჰოლივუდმა ფანტასტიკური ბლოკბასტერი გადაიღო.
ამ წარმატებით გამხნევებულმა კინგმა გადაწყვიტა წამოსულიყო სამსახურიდან და მთლიანად მწერლობისთვის მიეძღვნა თავი.
საბოლოო ჯამში, სტივენ კინგი იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკელ მწერლად. მან დაწერა 50 რომანი, რომელთა 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული მთელ მსოფლიოში. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია უამრავი სხვადასხვა ჟანრის ფილმი, რომელთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სამეცნიერო ფანტასტიკა და საშინელებათა ჟანრი გამოირჩევა, რის გამოც მან მიიღო ზედმეტსახელი „საშინელებათა მეფე“.
1954 წელს „გრანდ ოულ ოუპრის“ მენეჯერმა ჯიმი დენიმ პირველივე გამოსვლის შემდეგ გააძევა ახალგაზრდა მუსიკოსი:
– შენ მუსიკის აზრზე არ ხარ, შვილო… გირჩევნია შენი სატვირთოს საჭეს დაუბრუნდე, დამიჯერე…
ახალგაზრდას ერქვა ელვის პრესლი.
1854 წლის ერთ წვიმიან დღეს, პორტ-გურონეს (მიჩიგანის შტატი) სკოლას ახალი მოსწავლე შეემატა. სამი თვის მერე სკოლის ხელმძღვანელობამ დაიბარა ამ მოსწავლის მშობელი:
– ქალბატონო, ძალიან ვწუხვართ, მაგრამ თქვენი შვილი გონებრივად ძალზე ჩამორჩება თანატოლებს. ის ძალიან ნელა აზროვნებს და უჭირს მასალის ათვისება…
ქალი საშინლად აღაშფოთა სკოლის მესვეურთა ამ სიტყვებმა.
– გონებრივად ჩამორჩენილები თქვენ ხართ! ჩემი შვილი გენიოსია! მკვახედ უპასუხა მან პედაგოგებს. წამოიყვანა ბიჭი სახლში და თვითონ მიჰყო ხელი მისი სწავლა–განათლების საქმეს.
ბიჭს ერქვა თომას ალვა ედისონი.
მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ჩესტერ კარლსონმა თავისი გამოგონება შესთავაზა 20 უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას და ყველასგან მიიღო უარი.
– რა სისულელეა, ვის რაში სჭირდება… – ეუბნებოდნენ მას.
ბოლოს, შვიდწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ მისი გამოგონებით დაინტერესდა ერთი პატარა ფირმა „ჰელოიდ კომპანი“, რომელიც კარლსონის გამოგონების წყალობით, ცოტა ხანში იქცა უზარმაზარ კორპორაციად, სახელწოდებით „ქსეროქსი“.
1952 წელს ედმუნდ ჰილარის, ევერესტის დალაშქვრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, სთხოვეს სიტყვით გამოსულიყო ინგლისში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე. ჰილარი გამოვიდა სცენაზე და როცა დაინახა უზარმაზარი ფოტოსურათი ევერესტის გამოსახულებით, მუშტი მოუღერა მას და ხმამაღლა შესძახა:
– ევერესტის მთავ, პირველად შენ მაჯობე, მაგრამ შემდეგ გამარჯვება ჩემი იქნება, რადგან შენ უკვე მიაღწიე შენი სიმაღლის პიკს, ხოლო მე, ჯერ კიდევ ვიზრდები!
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1953 წლის 29 მაისს ედმუნდ ჰილარი გახდა პირველი ადამიანი, ვინც დალაშქრა ევერესტი.
p.s. როგორც ვხედავთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, განაგრძე ცდა, არ დანებდე, შენი ბედი შენს ხელშია!