„მსოფლიო შეძრა…” – ასე იწყება თითქმის ყველა სტატია თუ სიუჟეტი ასურელი ქრისტიანების გენოციდის შესახებ…
დიახ, მსოფლიო შეძრა! სწორედ ის მსოფლიო, რომელიც იბრძვის ადამიანთა უფლებებისთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს ტოლერანტობაზე, ქველმოქმედებაზე, თანადგომაზე.. მსოფლიო, რომელიც გმობს ჰომოფობიას, რომელიც თავგამოდებით ებრძვის ტერორიზმს და დგას სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე… მსოფლიო, რომელიც მილიონიან მარშს უძღვნის ისლამური რადიკალიზმის მსხვერპლ 12 ფრანგ კარიკატურისტს, მსოფლიო რომელიც პაროდოქსულად ბრმაა, საიმისოდ რომ დაინახოს 148 კენიელი ბავშვის სიკვდილი და ალბათ ყრუც, რომ გაიგონოს ასურელი ბავშვების სულისშემძრელი ღაღადი… და ეს შეძრული მსოფლიო თავის ემოციას დუმილით გამოხატავს…
პოლიტიკური ოფიციოზი ზედმეტად საქმიანი და დაკავებულია იმისათვის, რომ დაინახოს სამყარო თვითმფრინავის ტრაპთან გაფენილი წითელი ხალიჩის იქით, ან აღიქვას განვითარებადი ქვეყნების ცხოვრება, განვითარებული სამყაროს ცათამბჯენებს მიღმა… იქ, ფერად ფასადებს მიღმა მიუსაფრობაა, ტკივილია, ბრძოლაა არსებობისთვის… იქ სადღაც, „არაბული გაზაფხულის” ქვეყნებში სიმარტოვის ცივი აჩრდილები დაძრწიან… იქ, სადაც ბატარა ბავშვებმაც იციან რა არის ჯიჰადი… იქ, სადაც არ არსებობს სიტყვა ხვალ, რადგან არავინ იცის დადგება თუ არა ის… იქ, სადაც წამებულთა ხმას, ავტომატის მორიგი ჯერი ახშობს… იქ, სადაც ერთი გასროლით სიკვდილი ნეტარებაა… იქ, სადაც ცოცხლად დარჩენილები ჯერ კიდევ მოლოდინით აღსავსე თვალებით ცხოვრობენ… ვინ იცის, როგორ ელოდებიან დასახმარებლად გაწვდილ ხელს… სირიაში გაზაფხულია, მართლაც არაბული წარმოშობის და თან რადიკალური. მსოფლიო იმდენად შეძრულია, რომ დუმილი ამჯობინა. ყოველი მომდევნო მდუმარე წუთი კი კიდევ ერთი სიცოცხლის დასრულებას შეიძლება ნიშნავდეს, იქ, სადღაც ფასადებს მიღმა სამყაროში, სადაც მშობლები შვილების განათლებაზე კი არა მათი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობენ, მაშინ როცა ტოლერანტული მსოფლიო სულით ხორცამდე შეძრული, მაგრამ მშვიდი და მდუმარე განაგრძობს სვლას.
იქ, სადღაც ახლა გაზაფხულია და ისევე უყვართ ადამიანებს, როგორც დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებში; ისევე სტკივათ და უხარიათ, ისევე იცინიან და განიცდიან, როგორც მე და შენ, მრავალი კილომეტრის დაშორებით, როგორც ნებისმიერი ფრანგი, რომელიც ეიფელიდან გადმოჰყურებს სამყაროს.
როდესაც უყურებ შერჩევითობას, ფიქრობ, რომ მითია სიცოცხლის უფლება, რომელიც პრივილეგიად გადაქცეულა მავანთათვის. ახლო აღმოსავლეთი ნელ-ნელა იცლება სისხლისგან, რომელთაც ისევე აქვთ სიცოცხლის უფლება, როგორც დანარჩენი ქვეყნების ხალხებს… და რითია ჩვენი სიცოცხლე იმ ბავშვების სიცოცხლეზე ღირებული და აღმატებული ყოველგვარი მარშებისა და ხმაურის გარეშე, რომ კვდებიან, მხოლოდ იმიტომ რომ სადღაც სხვაგან არ დაიბადნენ.
არასდროს, ისტორიაში მსოფლიო არ ყოფილა ასეთი მოჩვენებითი და ყალბი, ასეთი მტრული სამეგობროდ გამოწვდილი ხელის მიღმა. დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ჟურნალის ფოტოშოპით დამუშავებულ პრიალა გარეკანს. ბევრი სამიტი და საქმიანი სხდომაა, არაფრისმომცემი შედეგებით, დასტურის ნიშნად ფოტოკამერებთან ჩამორთმეული ხელით და შეუსრულებელი შეთანხმებებით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე; ხელმოწერილი დოკუმენტებით, მაგრამ მაინც გადმოწეული საზღვრებით; საერთაშორისოდ აღიარებული ოკუპირებით, მაგრამ დაუბრუნებელი ტერიტორიებით; უამრავი საქველმოქმედო პროგრამით, მაგრამ მაინც შიმშილისგან გარდაცვლილი აფრიკელი ბავშვებით; ტერორიზმთან ბრძოლით, მაგრამ მაინც ვერაღკვეთილი გენოციდით სირიაში; საყოველთაო აღშფოთება-შეშფოთებით და მიუსაფარი ხალხით…
უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან ასურელ ქრისტიანთა ტკივილი და ასევე უამრავმა ვერ მიიტანა, ბევრმა გაითავისა და ბევრმა საერთოდ ვერ გაიგო. სოციალურ ქსელებში უამრავ განსხვავებულ შეხედულებას შეხვდებით. გაჟღერდა აზრი, რომ ეს ყველაფერი ემოციებზე თამაში და ქართველების ისლამურ სამყაროსთან დაპირისპირებაში ჩათრევის მცდელობაა, რომ ფაქტები გაზვიადებულია, რომ ჯობია საკუთარ ქვეყანას მივხედოთ….
ეს რეალობაა და ამის დაჯერებას მოვისურვებთ თუ არა, ეს რეალობას არ შეცვლის. საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრი, არ იძლევა გადარჩენის გარანტიას. არც წაქცეულზე თვალის არიდებაა უპრიანი იმ ერისთვის, რომლის უფალი “კეთილ სამარიტელზე” ქადაგებს. არც არავინაა დაზღვეული იმისგან, იქნება თუ არა ტერორიზმის შემდეგი მსხვერპლი. მე მიხარია, რომ 500-ზე მეტმა ქართულმა ოჯახმა გამოთქვა სურვილი შეიფაროს ასურელი ბავშვი და 35 000-ზე მეტი ადამიანი აპირებს 19 აპრილს სოლიდარობა გამოუცხადოს ასურელ ქრისტიანებს… ჯერ კიდევ შეგვძლებია სხვისი ტკივილის გათავისება და საკუთარი მცირედი კეთილდღეობის სხვისთვის გაყოფა.
დაბოლოს, დავასრულებ მარტინ ნიმიოლერის ცნობილი გამონათქვამით, რომელიც დღეს სწორედ რომ აქტუალურია თავისი შინაარსით : „როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირის წევრი არ ვყოფილვარ. კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო…“
ავტორი: ნატალია ჩიქოვანი