ამ ზაფხულს, კანადის კლდოვან მთებში ოჯახთან ერთად მოგზაურობისას, უამრავი მდინარე და ნაკადული ვნახეთ. ჩვენს ბიჭებს, ჩეტსა და ირას ძალიან მოსწონდათ წყალში კენჭებისა და ქვების სროლა და ყოველ შესაძლებლობას იყენებდნენ ამისათვის.
ვუყურებდი, როგორ ისროდნენ ქვებს მდინარის ქვიან კალაპოტში და გამახსენდა ის, რაც გონებაში მიტრიალებდა ამ მოგზაურობისას. ნაწილობრივ იმიტომაც, რომ, სხვა სიმღერებთან ერთად, გზაში ხშირად ვუსმენდით სიმღერას “Whitewater“ (Zaac Pick). სიმღერა ამ სიტყვებით იწყება:
დრო მდინარეა, პატარავ, და სწრაფად მიდის
ჩვენი სიცოცხლის სანაპიროთა გასწვრივ,
დრო მდინარეა, პატარავ, და დიდი სიღრმის,
შევდივართ მასში და ფეხქვეშ მიწას გვაცლის.
დრო მართლაც მდინარის მსგავსია. არასოდეს წყვეტს დინებას. ერთი მიმართულებით მიდის. დინებას მივყავართ ყველა, მოგვწონს ეს თუ არა.
ქვების გროვა მდინარეში
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ისროდნენ ბიჭები მდინარეში ქვებს, მით უფრო მკაფიოდ ვხედავდი: ჩვენც კენჭები ვართ და ტალახიანი, ძლიერი დინება უხეშად მიგვაქანებს, დინება, რომელთან გამკლავებაც არ ძალგვიძს. წყლის ძალა, რომელსაც ჩვენ დროს ვუწოდებთ, ფორმას გვიცვლის და გვაყალიბებს, გვშლის და ერთი ადგილიდან მეორეზე გადავყავართ. და ერთ დღესაც, იმ ქვასავით, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თანდათანობით აპატარავებს წყალი, ქვიშად და მტვრად ვიქცევით. ყველაფერი მტვერია და ყველაფერი მტვრად იქცევა (ეკლესიასტე 3:20).
ჩვენ ქვების მსგავსნი ვართ, რომლებიც დროის მდინარის უწყვეტ დინებაში ვცხოვრობთ. ხანდახან, როცა დინება მშვიდია, ცოტა ხნით ერთ ადგილას ვჩერდებით და ვისვენებთ. სხვა ქვებთან ვერთიანდებით, პატარა თემს ვაშენებთ და ერთმანეთთან ხახუნიც ისევე გვძენს ფორმას, როგორც წყლის ძალა.
თუმცაღა, ხანდახან დინება იმდენად ჩქარი და მძლავრია, რომ შლის ჩვენ მიერ აშენებულ გროვას, რომელსაც „სახლს“ ვუწოდებთ და თავბრუდამხვევი სისწრაფით მიგვაქანებს სხვა ადგილებისკენ. ეს ნიაღვრები ყოველთვის მოულოდნელად გვატყდება თავს და იშვიათად გვეძლევა სხვა ნაცნობ ქვებთან სათანადოდ დამშვიდობების შესაძლებლობა, რომლებთანაც მცირე ხანი გაგვიტარებია. თვალის დახამხამებაში მდინარის სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდებით და ისევ დროებით, სხვა ქვების გროვასთან დავიდებთ ბინას.
პირველად ამ მეტაფორის შესახებ ამ ზაფხულის დადგომისას დავფიქრდი, როცა ჩეტი საბავშვო ბაღიდან გამოვიყვანე სასწავლოს წლის ბოლო დღეს. ვიცოდი, რომ მისთვის ძნელად აღსაქმელი იქნებოდა ის, რომ მისი საბავშვო ბაღის მეგობრები, ის პატარა, საყვარელი კენჭები, რომლებიც ერთ დინებაში იყვნენ თვეების განმავლობაში, აღარასოდეს იქნებოდნენ ერთად, ქვების იმავე გროვაში. შემოდგომით, როცა ჩეტი სკოლაში მივიდოდა, ის, ალბათ, ვეღარ ნახავდა თავისი მეგობრების უმეტესობას.
ჩვენ გვსურს, რომ ერთ ადგილზე ვრჩებოდეთ, ერთსა და იმავე ადამიანებთან ერთად, თუმცა დროის შეუბრალებელი ნაკადი თავისთვის მიედინება და სრულიად გულგრილია ჩვენი სურვილის მიმართ. რამეს ან ვინმეს რომ შევეჩვევით, გარემოებებს მყისვე სხვა რამისკენ ან ვინმესკენ გადავყავართ.
დროებით ერთად
მოგვიანებით, იმ ზაფხულს, სხვადასხვა მდინარისა თუ ნაკადულის ნაპირთან დგომისას მივხვდი, რომ ადამიანთა ყველანაირი გაერთიანების, მათ შორის, ოჯახის შემთხვევაშიც ასეა, მათ შორის, ოჯახშიც. მე და ჩემი ცოლი კირა ორი ქვის მსგავსნი ვართ, რომელთაც დინებაში იპოვეს ერთმანეთი და ერთად გაეხვივნენ ტალახში, ქვების უფრო დიდ ერთობად იქცნენ, რომელმაც უკვე ათი წელი გაძლო (უფლის მადლით, დაე, კიდევ მრავალი ათწლეული გაძლოს). ამ წლების განმავლობაში სამი პაწაწინა ქვა ჩამოვიტეხეთ და ღვთის მადლით, დღემდე შევინარჩუნეთ ჩვენი პატარა ქვების გაერთიანება მდინარის დინებაში.
თუმცაღა კარად ვაცნობიერებ (როგორც სხვა ნებისმიერი მშობელი), რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. ერთ დღესაც მდინარე ჩვენს შვილებს მიმოფანტავს სხვადასხვა მხარეს, რათა სხვა ქვებთან ურთიერთქმედებისას თავადაც შეიძინონ ფორმა და სხვებსაც დაეხმარონ ამაში. დღეს ჩეტი და ირა კენჭებს ისვრიან მდინარეში. შესაძლოა, როცა კანადაში კიდევ ჩამოვალთ ერთად, ისინი უკვე მოზარდები იყვნენ და უკვე დიდი ქვების სროლა შეეძლოთ ღრმა წყლებში. შემდეგ კი, ერთ დღესაც, ისინი ჩემს ადგილას იქნებიან: მამები, რომლებიც უყურებენ, თუ როგორ ისვრიან კენჭებს წყალში მათი შვილები. და ასე გაიმეორებენ სიცოცხლის უცვლელ წრეს მდინარის უწყვეტ დინებაში.
საბოლოოდ, ალბათ 80 წლის შემდეგ, ხუთეული, რომელიც დღეს მაკკრეკენის ოჯახის ქვების გროვად არის ცნობილი, ქვიშად იქნება ქცეული და მიმოფანტული მდინარის კალაპოტში. ათასი წლის შემდეგ კი ჩვენს შთამომავლობათა თაობები გაჰყვებიან მდინარის დინებას ისე, რომ არც კი ეცოდინებათ იმ წინაპარი ქვის შესახებ, რომელსაც მოსწყდნენ ერთ დროს და რომელსაც თავზე გადაუარეს წყლის ნაკადებთან ერთად.
მდინარის მსგავსი მშვიდობა
სევდიანი როდია გაცნობიერება იმისა, რომ მდინარე უწყვეტად და დაუღალავად მიედინება და რომ ჩვენ ვერსად შევძლებთ ღუზის სამუდამოდ ჩაშვებას. საიდუმლოებით მოცულ სიხარულს მგვრის მდინარის მოძრაობაზე დაკვირვება (და განა ყველა ადამიანს ინსტინქტურად არ იზიდავს წყლის მდინარების მშვენიერება და ჭეშმარიტება?) და მადლიერებით ვიღებ იმ აზრს, რომ მდინარეში ჩემი ადგილი დროებითი და უმნიშვნელოა, როგორც ქვა, რომელსაც ჩეტი იღებს სანაპიროზე და მდინარეში ისვრის. ჩემთვის მისაღებია ამგვარი წესრიგი (რომ არა დამთრგუნველი აზრი იმის შესახებ, რომ მხოლოდ დროებით ვმოგზაურობ იმ ძვირფას ქვებთან ერთად, რომლებსაც ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ჰქვიათ) ორი მიზეზის გამო:
პირველი: ვიცი, რომ მდინარე სადმე დამთავრდება, სიწყნარისა და მარადიული სიმშვიდის ზღვაში (ებრაელთა 4:1-11). შესაძლოა, ქვები, რომლებსაც ვიცნობდი, რომლებიც მიყვარდა და ბოლოს დავკარგე სადღაც გზაში, იქ დამხვდნენ, ზღვაში. შესაძლოა, იქ ერთად გავიხსენოთ ის მოგონებები, რომლებმაც იქამდე მიგვიყვანა და რომლებიც გვაერთიანებდა კიდეც.
მეორე: ვენდობი მდინარის სათავეს. დროის მძლავრი ნაკადი მხოლოდ შემთხვევითი და უმიზნო დინება რომ იყოს, ჩემთვის არავითარი ნუგეში არ იქნებოდა მის ძალაზე მინდობა. დარჩებოდა მხოლოდ სასოწარკვეთილება და ცურვა შორეული, წარმოსახვითი ნაპირისკენ, თუმცა ვიცი, რომ მდინარეს აქვს სათავე და დასაწყისი და რომ მისი გზა უმიზნო როდია.
სიმშვიდესა და ნუგეშს ვპოვებ ამ დინებაში, რაოდენ დამქანცველიც არ უნდა იყოს ეს მოგზაურობა. სიმშვიდეს მგვრის ცოდნა იმისა, რომ ვდგავარ გზაზე, რომელსაც დანიშნულების ადგილამდე მივყავარ. ამ გზას ადგანან ჩემი ცოლი, შვილები და ყველა, ვინც მიყვარს. არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია ამ დინების შეჩერება, მაგრამ თუ ვენდობით მდინარის სათავეს და ვიცით დანიშნულების ადგილი, შეგვიძლია, დავტკბეთ დინებით და ვიცოდეთ, რომ ის წყნარ წყლებამდე და შეუდარებლად უკეთეს სანაპირომდე მიგვიყვანს.
ბრეტ მაკკრეკენი