დაძაბულ არჩევნებში, რომელსაც თვალს მთელი მსოფლიო ადევნებდა, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა.
“ვფიცავ, ვიქნები პრეზიდენტი, რომლის მიზანიც არა დაყოფა, არამედ ერთიანობაა.” – განაცხადა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ.
ინტერნეტგამოცემა religionnews.com-ის ანალიტიკურ პროგნოზში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების მეორე კათოლიკე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, უფრო მეტად ზომიერ რელიგიათშორის მიდგომას დაამყარებს თეთრ სახლში, ვიდრე წინამორბედი პროტესტანტი პრეზიდენტი.
2000 წლის შემდეგ, როდესაც ჯორჯ ბუშმა თეთრ სახლში მუდმივი კომუნიკაცია დაამყარა რელიგიურ ჯგუფებთან, არცერთ ადმინისტრაციას უარი არ უთქვამს მორწმუნე მრჩევლის ყოლაზე. ბუშისა და ბარაკ ობამასთვის მრჩევლის როლი განისაზღვრებოდა ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციასთან ურთიერთობის კოორდინირებით, რომელიც მიზნად ისახავდა სიღარიბის აღმოფხვრასა და სხვა სოციალურ მომსახურებათა გაუმჯობესებას (მაგალითად, დევნილთათვის საცხოვრებლის გამოყოფას).
ტრამპის ადმინისტრაციას ოფიციალური რელიგიური მრჩეველი არ დაუნიშნავს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის ბოლო პერიოდამდე. მხოლოდ 2019 წლის ნოემბერში ტრამპმა პაულა უაიტი დანიშნა სპეციალურ მრჩევლად რელიგიური აღმსარებლობისა და საზოგადოებრივ ინიციატივათა მართვის ცენტრში, რომელიც საზოგადოებასთან კავშირების მართვის ოფისის დაქვემდებარებაში იყო.
დონალდ ტრამპი, ძირითადად, იმ არაფორმალურ ევანგელისტ მრჩეველთა რჩევებს ითვალისწინებდა, რომლებიც კონსერვატიული ქრისტიანული ღირებულებების წინ წამოწევას უწყობდნენ ხელს სასამართლოს რეფორმაში.
ტრამპთან შედარებით, ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, უფრო მეტად ფორმალურ და რელიგიათშორის მიდგომას დაამყარებს ამ მხრივ, რომელიც ბუშისა და ობამას მიერ შექმნილი მოდელის მსგავსი იქნება. სავარაუდოდ, სხვადასხვა რელიგიური ლიდერი შეცვლის ერთმანეთს ოფიციალურ მრჩეველთა საბჭოში. საბჭო თეთრი სახლის რელიგიური აღმსარებლობის მართვის ოფისის დაქვემდებარებაში იქნება, უმასპინძლებს საჯაროდ გამართულ შეხვედრებს და შეადგენს ოფიციალურ ანგარიშებს.
ბაიდენი ყოველთვის იჩენდა ინტერესს სანდო მეგობრებისა და ექსპერტების შეხედულებებისადმი თავისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. ქვემოთ დასახელებულია რამდენიმე მათგანი, რომელთა შორისაც არიან, როგორც კათოლიკური ეკლესიის, ასევე იუდაიზმის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ევანგელისტებიც, თუმცა არა ისინი, ვინც ტრამპს აძლევდნენ რჩევებს რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებში.
religionnews.com-ის ანალიტიკურ პროგნოზში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ჯო ბაიდენი რწმენისა და რელიგიის საკითხებში სავარაუდოდ ქვემოჩამოთვილ სასულიერო პირებს მიმართავს:
სიმონე კემპბელი
ბაიდენს მჭიდრო ურთიერთობა აქვს და სიმონე კემპბელთან 2010 წლიდან მოყოლებული. სიმონე კემბელი, რომაულ-კათოლიკური რელიგიური ინსტიტუტის „სოციალური სამსახურის დების“ (Sisters of Social Service) წევრი, იურისტი, ლობისტი და ასევე ვაშინგტონში არსებული NETWORK-ის (კათოლიკური სოციალური სამართლიანობის ლობი) აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ. სიმონე კემპბელი ასევე ხელმძღვანელობს საინიციატივო ჯგუფს „ავტობუსის მონაზვნები“ (Nuns on the Bus). ჯგუფი 2012 წელს აპროტესტებდა რესპუბლიკური პარტიის მიერ შემოთავაზებულ შეზღუდვებს ბიუჯეტში, რაც ნაკლებ ხარჯებს ითვალისწინებდა სოციალური მომსახურებისათვის.
2020 წლის 20 ოქტომბერს კემპბელმა განაცხადა, რომ აპირებს NETWORK-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვებას, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს იმისათვის, რომ შესაძლოა ის თეთრ სახლში, ფორმალური თუ არაფორმალური, რელიგიური მრჩევლის როლში გამოჩნდეს.
ჯოელ ჰანტერი
თეთრკანიანი ევანგელისტი ქრისტიანები რესპუბლიკელთა მომხრეებად მიიჩნევიან, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანს მოუსმენს ბაიდენი, ეს იქნება ორლანდოში არსებული მეგაეკლესიის ყოფილი ხუცესი, ჯოელ ჰანტერი. ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სულიერი მრჩეველი გახლდათ, 2020 წელს მან მხარდაჭერა გამოუცხადა ჯო ბაიდენს და წამოიწყო კამპანია სახელწოდებით “Pro-Life Evangelicals for Biden“ (აბორტის მოწინააღმდეგე ევანგელისტები ბაიდენისათვის). მონაწილეები აცხადებენ: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთსულოვნად ვეწინააღმდეგებით აბორტს, ქრისტიანული საარჩევნო პროგრამა არ უნდა დაიყვანებოდეს რეპროდუქციულ უფლებებამდე“. კამპანიას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა ცნობილი ევანგელისტი ღვთისმსახურისა და ქრისტიანული გამოცემის მხრიდან. Christian Post-მა კამპანიას „მონუმენტური ეთიკური მარცხი“ უწოდა.
ჰანტერი დიდი ხნის განმავლობაში რესპუბლიკელი გახლდათ მანამ, სანამ 2010 წელს უპარტიოდ დარეგისტრირდებოდა. ის 30 წელი ნორტლანდში არსებული ეკლესიის A Church Distributed უფროსი ხუცესია.
ეს მას ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს იმ მხრივ, რომ შეასრულოს უფრო მეტად კონსერვატიულ ევანგელისტებთან წარგზავნილი ელჩის როლი და შეეცადოს არსებულ უთანხმოებათა მოგვარებას.
მაიკლ ბელსი
14 წლის წინ ჯო ბაიდენი დაესწრო ლოცვის მსახურებას უილმინგტონში არსებულ სინაგოგაში ბეთ შალომ, რათა პატივი მიეგო იმ ადამიანის ხსოვნისათვის, რომელიც სენატში მის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. მას საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს სინაგოგის რაბინთან მაიკლ ბელსთან, რომელიც სწორედ იმ დღეს გაიცნო და რომელსაც ახლა ხშირად უწოდებენ „ბაიდენის რაბინს“.
ბელსი სტუმრობდა თეთრ სახლს ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში და წარმოადგენდა ებრაულ თემს ბაიდენის ვაჟის დაკრძალვაზე. ჯო ბაიდენის მრჩევლები ამბობენ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტმა ოფიციალურ საკითხებთან დაკავშირებით ასევე შესაძლოა რაბინ ჯული შონფელდს ან რაბინ შარონ ბრაუსს მიმართოს.
ტრეისი ბლეკმონი
ტრეისი ბლეკმონი მისურის შტატის ქალაქ ფლორისანტში არსებული ეკლესიის Christ the King United Church of Christ უფროსი ხუცესია. ის რელიგიის საკითხებში ბარაკ ობამას მიერ შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წევრი გახლდათ. ტრამპის მმართველობის პერიოდში ბლეკმონი ხშირად გამოდიოდა რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ.
ტრეისი ბლეკმონმა დიდი მოწონება გამოხატა ბაიდენის მიერ კამალა ჰარისის კანდიდატურის არჩევისათვის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და განაცხადა: „ეს უპრეცედენტოა, რადგან დემოკრატიული პარტიის ყველაზე ძლიერმა, ყველაზე თანმიმდევრულმა ბლოკმა – შავკანიანმა ქალებმა – როგორც იქნა, მოიპოვეს წარმომადგენლობითი უფლება“.
ფარუკ მითა
მუსლიმანური საინიციატივო ჯგუფის Emgage-ის დამაარსებელი და ასევე პოლიტიკურად აქტიური, მზარდი თემის „ისმაელიან მუსლიმანთა“ წევრი ფარუკ მითა 2016 წელს ჰილარი კლინტონის წინაასარჩევნო კამპანიისას გახლდათ მუსლიმანებთან ურთიერთობის დირექტორი. 2020 წლის მარტში კი ბაიდენმა დანიშნა უფროს მრჩევლად მუსლიმან ამერიკელთა ჩართულობის საკითხებში.
უილიამ ბარბერი და ლიზ თეოფარისი
მეუღლეები უილიამ ბარბერი (პროტესტანტი ღვთიმსახური და პოლიტიკური აქტივისტი) და ლიზ თეოფარისი (პრესვიტერიანული ეკლესიის ღვთისმსახური) „ღარიბ ადამიანთა კამპანიის“ თანახელმძღვანელები არიან. ბარბერი უცხო არ არის დემოკრატიული პარტიის პოლიტიკისათვის: ის სიტყვით გამოვიდა დემოკრატიული პარტიის ორ შეხვედრაზე, 2016 და 2019 წლებში და მხარდაჭერა გამოუცხადა ბაიდენს. ბაიდენმა კი, თავის მხრივ, ისაუბრა „ღარიბ ადამიანთა კამპანიის“ მიერ გამართული ღონისძიებისას, სადაც მან შეაქო ბარბერი და თქვა, რომ ისურვებდა, მისი მოძრაობის წევრი გამხდარიყო.
ჯოშ დიქსონი
ევანგელისტური ეკლესიის წევრი, ჯოშ დიქსონი გახლავთ ბაიდენ-ჰარისის წინასაარჩევნო კამპანიის ნაციონალური რელიგიური ჩართულობის კოორდინატორი და დიდად სავარაუდოდ, სწორედ ის გახდება თეთრი სახლის რელიგიური აღმსარებლობისა და საზოგადოებრივ ინიციატივათა ოფისის ხელმძღვანელი.
ბრაიან მაკლარენი და დაგ პეჯიტი
ქრისტიანი ავტორი და აქტივისტი ბრაიან მაკლარენი და მისი თანამოაზრე, მინესოტელი ხუცესი დაგ პეჯიტი სხვა პროგრესულ ევანგელისტებს შორის გამოირჩევიან იმით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კონსერვატიულ ქრისტიანობასა და კულტურულ წინაპირობებს.
პეჯიტი ახლა ჯგუფს Vote Common Good (ხმა მიეცი საყოველთაო კეთილდღეობას), რომელიც აქტიურ კამპანიას აწარმოებდა ტრამპის წინააღმდეგ. მაკლარენი კი ხშირად გამოდიოდა აღნიშნული ჯგუფის მიერ გამართულ ღონისძიებებზე.
ჯენიფერ ბატლერი
ჯენიფერ ბატლერი ხელმძღვანელობს საინიციატივო ჯგუფს Faith in Public Life. წლების განმავლობაში ახდენდა რელიგიური ჯგუფების ორგანიზებას ლიბერალური პოლიტიკის საკითხებში დახმარების აღმოჩენისათვის.
ხსენებულმა ჯგუფმა მნიშნელოვანი როლი შეასრულა ჯანდაცვის რეფორმისა და პაციენტთა დაცვის კანონის დამტკიცებაში და იყო იმ რელიგიურ ორგანიზაციათა შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტრამპის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების ორგანიზებაში. ჯენიფერ ბატლერი ასევე გახლდათ ყოფილი პრეზიდენტების მრჩეველი: ის ხელმძღვანელობდა ობამას დროინდელი თეთრი სახლის რელიგიური აღმსარებლობისა და საზოგადოებრივ ინიციატივათა ოფისს.
გაბრიელ სალგუერო
გაბრიელ სალგუერო კიდევ ერთი ხუცესია, რომელიც ობამას დროს რელიგიურ საბჭოს წევრი იყო. ის გახლავთ ნაციონალური ლათინურ-ევანგელისტური კოალიციის დამფუძნებელი. მას საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს დემოკრატებთან.