ნახევარი საუკუნეა, მსოფლიო თვალს ადევნებს ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ კონფლიქტს და ეს იმდენი ხანია გრძელდება, რომ შესაძლოა, ბევრს არც კი ახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი. თანამედროვე არაბულ-ისრაელიანური კონფლიქტი ეფუძნება მე-19 საუკუნის ბოლოს „სიონიზმისა“ და არაბული ნაციონალიზმის ზრდას. ტერიტორიას ებრაელები თავიანთ სამშობლოდ, ხოლო პალესტინელი არაბები ისტორიულ საკუთრებად მიიჩნევდნენ. დაპირისპირება წარმოშვა 1948 წლის 14 მაისს თანამედროვე, ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ. ებრაული სახელმწიფოს გაჩენამ ასიათასობით ემიგრანტი ებრაელის სამშობლოში დაბრუნება გამოიწვია, რაც მიუღებელი აღმოჩნდა არაბული სამყაროსთვის. მათი გაღიზიანება გაამწვავა ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამ, რომლის მიხედვითაც ისრაელი ცხადდებოდა არა მხოლოდ ებრაულ, არამედ სიონისტურ, ანუ მთელი მსოფლიოს ებრაელთა სახელმწიფოდ. სიონისტური კონცეფცია რჩეული ხალხის აღთქმულ ქვეყანაში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. ეს პროცესი პალესტინელმა არაბებმა შევიწროებად აღიქვეს… ახლად შექმნილმა ისრაელმა გადაიტანა ომები არაბულ სახელმწიფოებთან 1948, 1956, 1967, 1968, 1973 წლებში… 1993 წელს მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და არაბულ სახელმწიფოებთან დაპირისპირება შეწყდა. სამაგიეროდ ასპარეზზე გამოვიდნენ პალესტინელი რადიკალები. ისრაელთან მათი მთავარი ბრძოლის საშუალება ტერორიზმი აღმოჩნდა. 90-იანი წლების მიწურულს არენაზე ახალი დაჯგუფებები „ჰამასი“, „ისლამური ჯიჰადი“ და „ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ გამოჩნდნენ…
თეოლოგები დამეთანხმებიან, რომ კონფლიქტი არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის სათავეს არა მე-19 საუკუნეში, არამედ აბრაამის დროიდან იღებს. უკანონოდ შობილი ისმაილი, რომელმაც არაბულ სამყაროს დაუდო სათავე, დღემდე იბრძვის კანონიერი მემკვიდრის – ისააკის ადგილის დასაკავებლად. ძველი აღთქმის პირველი ნეშტთას პირველი თავის 28-ე მუხლში წერია: „აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაილი.“ მიუხედავად იმისა, რომ ისმაელი პირველი დაიბადა, ის მეორე ადგილზე მოიხსენიეს, რადგან ღმერთმა ისააკში აღუთქვა აბრაამს კურთხევა, რადგან აბრაამის ადამიანური შეცდომა რომ არა, პირმშო, ღვთისგან კურთხეულ ქორწინებაში ისააკი უნდა ყოფილიყო. ასეა დღემდე, ადამიანური და ღვთიური კვლავ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, რადგან უფლის გზები არ არის ჩვენი გზები… ისმაილიც კვლავ ებრძვის ისააკს, ღმერთისგან კურთხეულ მემკვიდრეს (იესო ქრისტეს სიმბოლურ პირველ სახეს, როგორც მეორე ადამი)…
ორჯერ იყო ებრაელი ხალხი მასშტაბურ გადასახლებაში და ორჯერვე მოახერხა მკვდრეთით აღდგომა. ახლად შექმნილმა სახელმწიფომ გაუძლო უამრავ ომს და ტერაქტს ბოლო 50 წლის განმავლობაში და არათუ გადარჩა, არამედ იქცა ერთ-ერთ მდიდარ და განვითარებულ სახელმწიფოდ. იერუსალიმის რელიგიური სიწმინდეები, დაცული ტერიტორიები, ხმელთაშუა და წითელი ზღვის საუცხოო სანაპიროები, მკვდარი ზღვის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტები, თელ-ავივის საქალაქო ცხოვრება და ულტრათანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა მილიონობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს მრავალი კუთხიდან, ახლო აღმოსავლეთის ამ ულამაზეს „ოაზისში“. ვერ ვიხსენებ სხვა ერს, რომელმაც ეს შეძლო. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ისრაელს ნამდვილად ღმერთი სწყალობს, ზუსტად ისევე, როგორც მრავალი საუკუნის წინათ უდაბნოში, ქანაანისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა მაშინდელ ხალხებს შეეძლოთ იმის აღქმა, რომ ღმერთი იყო ისრაელთან და ეშინოდათ მათი…
2012 წელს კი მსოფლიომ (მათ შორის საქართველომაც), რომელშიც 810 მილიონი კათოლიკე, 410 მილიონი პროტესტანტი და 17 მილიონი მართლმადიდებელი (2001 წლის მომაცემებით) ცხოვრობს, მხარი დაუჭირა პალესტინის აღიარებას… კონფლიქტი კვლავ გრძელდება… კვლავ იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები… და მსოფლიო დუმს!.. ისმაილი კი კვლავ ცდილობს იმ ადგილის დაკავებას, რომელიც მას არ ეკუთვნის!..
ავტორი: ნატალია ჩიქოვანი