მაოცებს ლიბერალური და კონსერვატული დამოკიდებულებანი ქრისტიანობაში. მე ვიცი ვიწრო გზა ორ უკიდურესობას შორის, ოქროს შუალედი, რომლის პოვნა ასე უჭირს კაცობრიობას. ეს გზა იმდენად ვიწროა, რომ შეუძლებელია უკან მობრუნება, მარცხნივ ან მარჯვნივ ნაბიჯის გადადგმა კი იმას ნიშნავს, რომ რომელიმე უკიდურესობაში აღმოჩნდებით. ხშირად მიფიქრია, რატომ ვირჩევთ ადამიანები ამა თუ იმ უკიდურესობას, იმიტომ ხომ არა, რომ მოთხოვნილება გვაქვს ყველაფერი ლოგიკას დავუქვემდებაროთ, გარკვეულ ჩარჩოში მოვაქციოთ და მიმართულებიდან გამომდინარე, წინასწარ ვიცოდეთ, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს რაიმე მოვლენის მიმართ…
ეს, ალბათ, უფრო ადვილია ვიდრე ის, გამუდმებით დაეკითხო ღმერთს, რა რეაგირება უნდა გქონდეს ამა თუ იმ სიტუაციაში. უფრო ძნელია თავი იოანესავით ქრისტეს მკერდზე გედოს და გრძნობდე მის გულისცემას… ადამიანებს გვაქვს მოთხოვნილება, მივეკუთვნებოდეთ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და ამას კონფორმულობა ჰქვია.
არისტოტელემ თქვა, რომ ადამიანი არის საზოგადოებრივი ცხოველი და ადამიანის არსი მის სოციალურობაშია. მრავალი ასეული წელია ფილოსოფოსები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა რელიგიის ლიდერები და სხვანი მიუთითებენ ადამიანების ჯოგურობაზე ანუ ადამიანის ტენდენციაზე იყოს სხვა ადამიანებთან, მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ ჯგუფს. ამ ტენდენციას სოციალური ფსიქოლოგია ხსნის ინსტინქტებით, თანდაყოლილი დეტერმინანტებით, დასწავლითი სოციალიზაციით, სპეციფიკური მიზეზებით, მაგალითად, როგორიცაა შიში.
ადამიანის სოციალურობა, როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ ადამიანი სხვის ზეგავლენას განიცდის. სოციალური ზეგავლენის სახეა კონფორმიზმი. ლათინურად „conformis“ ერთგვარს, მსგავს, შეთანხმებულს ნიშნავს. კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც მოვლენათა, ნორმატიული წესებისა და არსებული წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების შემგუებლობა, საკუთარი პოზიციის უქონლობა, ნებისმიერი არსებული ნიმუშისა თუ სტერეორიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება ახასიათებს.
პოლიტიკაში გულისხმობს შემგუებლობას არსებულ რეჟიმთან, გაბატონებულ შეხედულებებთან პასიურ შეგუებას; ადამიანი არაპრინციპულად მიჰყვება ნებისმიერ, ძალით თავსმოხვეულ შეხედულებებს.
თუ რატომ ვხდებით კონფორმულები, ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი ისიცაა, რომ ავირიდოთ დაცინვა და უარყოფა, მივიღოთ ჯილდო, მიგვიღონ სხვა ადამიანებმა და ბევრი სხვა. კონფორმულობას აქვს დადებითი (ჯგუფურობა, გუნდურობა, ერთობა) და უარყოფითი მხარეები (ინდივიდუალური პასუხისმგებლობის არიდება და ჯგუფზე გადაბარება, რაც ხდებოდა უამრავ სადისტურ რეჟიმში: ჯარისკაცები უყოყმანოდ ხოცავდნენ ათასობით ადამიანს და მიიჩნევდნენ, რომ პასუხისმგებლობა რეჟიმს ეკისრებოდა; ასევე კარგისა და ცუდის, უმრავლესობის შეხედულებებისამებრ დაყოფა და ა.შ.).
წინამდებარე სტატია კონფორმულობის ვრცლად განმარტებას როდი ისახავს მიზნად. ეს გახლავთ მოკლე ექსკურსი დღევანდელობის უკეთ შესაფასებლად. ყველა ჯგუფი, რომელიც გარკვეული ტიპის ადამიანებს უყრის თავს, კონფორმულია, იქნება ეს რაიმე ტიპის სამსახური, კორპორაცია, სასწავლებელი… თუ ეკლესია. აი, აქ კი ძალიან საინტერესოა კონფორმულობის განცდა.
თავისთავად კონფორმულ ჯგუფს ახასიათებს დახურულობა ახალი წევრებისადმი, ის მანამ ვერ იხსნება, სანამ სანამ პოტენციური წევრი უამრავ ლაკმუსის ტესტს არ გაივლის და არ დაამტკიცებს, რომ ღირსია იმსახურებდეს წევრობას. ამიტომ ვახსენე დასაწყისში ლიბერალები და კონსერვატორები, ეს ორი ჯგუფი ძლიერი, კონფორმული ჯგუფია მსოფლიოში და ვფიქრობ, ქრისტიანობაში მათი არსებობა თავისთავად უგულებელყოფს ქრისტიანობის არსს; რადგანაც გაუმართლებელია ლიბერალი იყო ცოდვასთან მიმართებით, ან კონსერვატორული დამოკიდებულება გქონდეს ცოდვილთან. დღეს, მსოფლიოში ვხედავთ ტენდენციას იმისას, რომ ეკლესიები ხშირად ემსგავსებიან დახურულ, კონფორმულ ჯგუფებს, რაც შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს იმისა, თუ რატომ იგვიანებს გამოღვიძება.
სახარებაში ჩვენ ვხედავთ ქრისტეს, რომელმაც სრულიად ახალ მოძღვრებას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც არ არიც რელიგიურ ჩარჩოში მოქცეული და შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობა რელიგია არ არის. მან ჩამოაყალიბა ახალი კონფორმული ჯგუფი (ეკლესია), რომელიც არ არის დახურული უბრალო მოკვდავთათვის, არამედ ღიაა; ღაა ისეთი ხალხისთვის, ვინც მიუღებელია საზოგადოებისთვის, ვინც გარიყულია, ვინც არარაობად მიიჩნევა….
და ქრისტიანობა არ სრულდება იმით, რომ თავის წიაღში ცოდვილებს იღებს, არამედ იმით, რომ გარდაქმნის მათ ახალ ქმნილებებად. ამით განსხვავდება რელიგია რწმენისგან, რადგან ერთი გეუბნება: გახდი ისეთი, როგორიც მე ვარ და მიგიღებ! (ამ შემთხვევაში ადამიანები იწყებენ რიტუალების შესრულებას, რადგან არ არის შინაგანი ცვლილება), მეორე კი ამბობს: „მოდით , ჩემთან ყოველნო ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ (და ამის მერე ის გეხმარებათ ცვლილებათა განხორციელებაში).
ამიტომაც იყო, რომ ქრისტეს შეფასებები ადამიანთათვის ალოგიკურად ჩანდა, რადგან ის ყოველთვის არ ექვემდებარებოდა გარკვეულ ნორმებს. მისი ხედვა თავისუფალი იყო; ის არ განიხილავდა ერთ კონკრეტულ მოვლენას ცალკე აღებულს (მაგ.: ქვრივის მიერ 2 ლეპტის შეწირვა), არამედ ის ხედავდა ადამიანს წარსულთან ერთად, თუ რა მიუღია მას, რაც უნდა გასცეს, ის ხედავდა ქმედებების მიღმა…
ეკლესია ნამდვილად კონფორმული ჯგუფია, რომელიც აერთიანებს განსხვავებული მსოფლმხედველობის, აღზრდის, კულტურის, ეთნოსის, ჩაცმის სტილის, განათლების და ა. შ. ადამიანებს (და არა მსგავსებს,როგორც კლასიკური კონფორმული ჯგუფი), მაგრამ ყველა ერთად დავფიქრდეთ, რამდენად ვართ გახსნილნი ცოდვილთა მისაღებად?!…
ავტორი: ნატალია ჩიქოვანი