2020 წლის არჩევნები აშშ-ში მთელი მსოფლიოს დაკვირვების ქვეშ იყო მოქცეული. ნოემბრის შემდეგ შეერთებულ შტატებში მთავარი თემა არჩევნები გახლდათ, რომელმაც კორონავირუსული პანდემიაც კი უკან ჩამოიტოვა. ქრისტიანების ფავორიტი პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა დაამარცხა, რამაც საყოველთაო ვნებათაღელვა გამოიწვია. ტრამპის თქმით და მრავალი მხარდამჭერის აზრით, არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლების შეცვლის არალეგიტიმურად აღიარებამ ვითარების დაძაბვა გამოიწვია საზოგადოებაში.
6 იანვარს აშშ-ის კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების დამტკიცებისას დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა. მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია. დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაზიანდა სამი მოქალაქე. დააკავეს სულ მცირე 52 ადამიანი.
6 იანვრის მოვლენებს ჰყავდა გმირებიც და ანტიგმირებიც. პრეზიდენტი ტრამპი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, განვითრებული მოვლენების ფონზე ანტიგმირად აღიარა საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა. მომხდარი, შესაძლოა, უფრო შორს წასულიყო, რომ არა მაიკ პენსის გაბედული პოზიცია და რესპუბლიკელი მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებმაც დაგმეს მომხდარი და მხარი არ დაუჭირეს ტრამპის მომხრეთა ენთუზიაზმს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამერიკა სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყარემ და იმ ადამიანებმა იხსნეს გადატრიალებისგან, რომლებიც დადგნენ კანონის მხარეს და მათ შორის მაიკ პენსი პირველი გახლდათ.
5 იანვარს, კონგრესის სხდომამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა სკანდალური ჩანაწერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტსა და ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს შორის, რომელიც შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელია.
ტრამპი რაფენსპერგერისგან მოითხოვდა, გადათვლისას იმ რაოდენობის ხმები ეპოვათ, რამდენიც რესპუბლიკელ კანდიდატს შტატში გასამარჯვებლად სჭირდებოდა. სამართლის ექსპერტების მოსაზრებით, სატელეფონო ჩანაწერი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა.
აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი პენსი ზედამხედველობას უწევდა საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლას კონგრესში გამართულ გაერთიანებულ სხდომაზე. ბოლო დღეების განმავლობაში ტრამპი მოუწოდებდა პენსს, ჩარეულიყო საქმეში. მან „ტვიტერზე“ დაწერა კიდეც, რომ „თუ პენსი ჩვენს მხარეს დადგება, გავიმარჯვებთ“.
მიუხედავად იმისა, რომ პენსი ამ წლების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციის დასაყრდენი ფიგურა გახლდათ, ამ დაძაბულ სიტუაციაში მან განაცხადა, რომ ამის უფლება არ აქვს და ის შეასრულებდა ღმერთისა და ამერიკელი ხალხისთვის დადებულ პირობას. მის განცხადებებს პენსით იმედგაცრუებული ტრამპი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„მაიკ პენსს არ ჰქონდა გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისა და კონსტიტუციის დასაცავად. შტატებისთვის უნდა მიეცა შანსი, გაფორმებულიყო სწორი ფაქტები და არა უზუსტო. აშშ ითხოვს სიმართლეს!“- წერს ტრამპი.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ წერილში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ მას არავითარი კონსტიტუციური ძალაუფლება არ აქვს, შეაჩეროს ჯო ბაიდენის, როგორც პრეზიდენტად არჩეულის, დამტკიცების პროცესი. ამ განცხადებით პენსი უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელი შეუშალოს ბაიდენის ინაუგურაციას.
„ოთხი წლის წინ მე დავდე ფიცი, რომ დავიცავდი კონსტიტუციას. ფიცი მთავრდებოდა სიტყვებით: ‘დაე, შემეწიოს ღმერთი.’ დღეს მე მინდა დავარწმუნო ამერიკელი ხალხი, რომ შევასრულებ ჩემ მიერ დადებულ ფიცს, რომელიც დავდე ხალხის წინაშე და ასევე შევასრულებ ფიცს, რომელიც დავდე ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე.“
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ იმ დროს, როდესაც კანონმდებლებს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს უნდა დაეთვალათ საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები, რასაც მოჰყვებოდა დემოკრატი ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების გამყარება. ვიცე-პრეზიდენტი პენსი პირველი იყო, ვინც ღიად დაგმო კაპიტოლიუმში ტრამპის მომხრეების შეჭრა და მოუწოდა მათ წესრიგის დაცვისკენ. პოზიციის ღიად დაფიქსირების შემდეგ, მას სხვა რესპუბლიკელებმაც მიჰბაძეს და გაემიჯნნენ იმ რადიკალურ ქმედებებს, რამაც კონგრესში არეულობა გამოიწვია.
„ზოგს მიაჩნია, რომ მე, როგორც ვიცე-პრეზიდენტს, ერთპიროვნულად უნდა შემეძლოს, მივიღო ან უარვყო საარჩევნო კოლეგიის ხმები. სხვებს მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმები გამოწვევის წინაშე არასოდეს არ უნდა დადგეს კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე. ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენი კანონების და ჩვენი ისტორიის გულდასმით შესწავლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი შეხედულება არ არის სწორი.
პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის მთავარი აღმასრულებელი პირია ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. მას უდიდესი ძალაუფლება აქვს იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს ამერიკელი ხალხის ცხოვრებაზე. საპრეზიდენტო მმართველობა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელ ერს ეკუთვნის. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამართულ დავასთან დაკავშირებით, ხალხის წარმომადგენლებმა უნდა განიხილონ მტკიცებულებანი და დემოკრატიული პროცესის მეშვეობით გადაჭრან ეს დავა.
ჩვენი ქვეყნის დამფუძნებლები დიდად სკეპტიკურად უყურებდნენ ძალაუფლების კონცენტრაციას და ამიტომაც, აშშ-ის კონსტიტუციის საფუძველზე ჩამოაყალიბეს რესპუბლიკა, დაფუძნებული ხელისუფლების დანაწილებასა და შემკავებელ და გამაწონასწორებელ ძალებზე. ვიცე-პრეზიდენტისათვის ერთპიროვნული ძალაუფლების მინიჭება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, სრულიად საპირისპირო იქნებოდა სახელმწიფოს ზემოხსენებული მოწყობისათვის.“
გარდა ამისა, წერილში მაიკ პენსი ორივე მხარეს მოუწოდებს, „გვერდზე გადადონ პოლიტიკური და პიროვნული ინტერესები“ და „ერთგულად შეასრულონ კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობები“.
„ასევე ვლოცულობ იმის შესახებ, რომ შევძლოთ ამის გაკეთება თავმდაბლობითა და რწმენით და გვახსოვდეს ჯონ ქუინს ადამსის სიტყვები: ‘მოვალეობათა შესრულება ჩვენ გვევალება, შედეგებს ღმერთი უზრუნველყოფს.’“
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერთა შეჭრის შემდეგ რამდენიმე საათში კვლავ განაახლა მუშაობა და ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცე-პრეზიდენტი კი – კამალა ჰარისი. ისინი მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგებიან.
ვინ არის მაიკ პენსი?
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაიბადა 1959 წლის 7 ივნისს, აშშ-ის ინდიანის შტატის ქალაქ კოლუმბუსში. დაამთავრა ჰანოვერის კოლეჯი. 1986 წელს მოიპოვა იურისტის ხარისხი ინდიანის უნივერსიტეტთან არსებულ რობერტ ჰ. მაკკინის სამართლის სკოლაში.
2001-2013 წლებში პენსი წარმომადგენელთა პალატაში იყო, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი. 2013-2017 წლებში გახლდათ ინდიანის შტატის გუბერნატორი, ხოლო 2017 წლიდან დღემდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტია. ჰყავს მეუღლე, კარენ პენსი და სამი შვილი. პენსი ევანგელისტი ქრისტიანი გახლავთ.