პიეტიზმი (გერმ. Pietismus) გავლენიანი რელიგიურ-რეფორმატორული მოძრაობაა, რომელიც მე-17 საუკუნეში გერმანულ ლუთერანიზმში აღმოცენდა. ის ხაზს უსვამდა პიროვნულ რწმენას განსხვავებით ლუთერული ეკლესიისაგან, რომელიც უფრო დიდ მნიშვნელობას დოქტრინასა და თეოლოგიას ანიჭებდა, ვიდრე ქრისტიანულ ცხოვრებას. პიეტიზმი სწრაფად გავრცელდა და მოგვიანებით სოციალური და საგანმანათლებლო საკითხებითაც დაინტერესდა. პიეტიზმის, როგორც პიროვნული რელიგიური განახლების ფენომენის არაპირდაპირმა გავლენამ გერმანიასა და ევროპის სხვა ნაწილებში 21-ე საუკუნემდე მოაღწია.
ქრისტიანობის ისტორიაში პიეტისტური მოძრაობანი ყოველთვის აღმოცენდებოდა მაშინ, როდესაც რელიგია და პრაქტიკული ცხოვრება ერთმანეთს შორდებოდა. მე-17 საუკუნემდეც არსებობდა პიეტისტური მოძრაობანი, მაგალითად, 1400-იან წლებში მოღვაწე მქადაგებელი იან ჰუსი პიეტისტური მოძრაობის ერთ-ერთი ადრეული წინამძღოლი გახლდათ, რომელიც, თავის მხრივ, ჯონ უიკლიფის სწავლებათა გავლენის ქვეშ იყო და ამიტომაც ესწრაფოდა ბოჰემიის ეკლესიის გარდაქმნას. სამწუხაროდ, იან ჰუსს ერეტიკოსობაში დასდეს ბრალი და 1415 წელს კოცონზე დაწვეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მსახურება ხანმოკლე იყო, მის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან შემდგომში თავად მარტინ ლუთერზე მოახდინა გავლენა ჰუსის სწავლებამ. მორავიელთა (ბოჰემიელთა) საძმოს თანამედროვე ეკლესია სწორედ იან ჰუსის მემკვიდრეობიდან იღებს სათავეს.
შემდეგ იყო პროტესტანტული რეფორმაცია, როდესაც მარტინ ლუთერმა, კათოლიკე ბერმა, თავისი 95 თეზისი მიაჭედა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე და აქედან დაიწყო ის ძირეული სულიერი რეფორმები, რომლებმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ იმდროინდელ გერმანიაზე, არამედ მთელ ევროპაზე.
პროტესტანტული რეფორმაციის შედეგად, უკვე მე-17 საუკუნისათვის ევროპაში სამი ძირითადი დენომინაცია იყო ჩამოყალიბებული: ანგლიკანური, რეფორმირებული და ლუთერული მიმართულებანი. თითოეული მათგანი დაკავშირებული იყო იმ ქვეყნის პოლიტიკურ და ეროვნულ მახასიათებლებთან, რომელშიც არსებობდა. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო კავშირი ამ ეკლესიებში ბიბლიის უცოდინარობასა და უზნეობას იწვევდა. სწორედ ამის შედეგად აღმოცენდა კიდევ ერთი პიეტისტური მოძრაობა (პიეტიზმი), რათა ახალი სიცოცხლე შთაებერა რეფორმაციული თეოლოგიისა და პრაქტიკისათვის.
მე-17 საუკუნის დასაწყისში ლუთერანიზმმა შექმნა ისეთი სქოლასტიკური სისტემა, რომელიც კარგად გამოსადეგი იქნებოდა რომაულ-კათოლიკური და რეფორმირებული ეკლესიებისათვის მეტოქეობის გასაწევად, მაგრამ რომელიც სულაც არ იყო პიროვნების სულის აღშენებისკენ მიმართული. შედეგად, მრავალმა გერმანელმა ლუთერანმა რწმენის გამოხატვის ალტერნატივის ძიება დაიწყო. ამისათვის ისინი მიმართავდნენ როგორც შინაგან, ისე გარეგან იმპულსებს. ინგლისურმა პურიტანიზმმა ევროპის კონტინენტს მიაღწია რიჩარდ ბაქსტერის, ჯონ ბანიანის და სხვათა ნაშრომების თარგმანების მეშვეობით. ნიდერლანდებში რწმენის გამო გადასახლებულებმა (რომელთა შორის უილიამ ეიმსიც იყო) განავითარეს ჰოლანდიური პიეტიზმი, რომელიც მალე გერმანიაშიც გავრცელდა და გახდა იმ მოძრაობის ნაწილი, რომელიც ლუთერანებს შორის უკვე დაწყებული იყო „რეფორმირებული ორთოდოქსიის“ სახელით.
ამ ორთოდოქსი ლუთერანების თეოლოგიამ თავისი უმაღლესი გამოხატულება პოვა იოჰან არნდტის ნაშრომებში (1555-1621). ამ პერიოდის ლუთერულმა საგალობლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სულიერი განახლების გარემოს შექმნაში. სულიერი განახლების ნიშნები გერმანიის ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) შედეგად გამოწვეული ნგრევის პირობებში კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. განახლების მოძრაობის სხვადასხვა ნაკადმა საბოლოოდ თავი მოიყარა ფილიპ იაკობ შპენერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში (1635-1705).
გერმანული პიეტიზმის მამა: ფილიპ იაკობ შპენერი
ისტორიკოსთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სწორედ შპენერი იყო გერმანული პიეტიზმის „მამა“, ან ადრეული წინამძღოლი. ის დაიბადა და აღიზარდა ღრმად მორწმუნე ლუთერან ქრისტიანთა არისტოკრატიულ ოჯახში. საუკეთესო პროტესტანტულ უნივერსიტეტებში შეისწავლა ღვთისმეტყველება და სადოქტორო ხარისხის მიღების შემდგომ გახდა ხუცესი ქალაქ ფრანკფურტში, სადაც ჩამოაყალიბა „collegia pietatis“ („ღვთისმოსაობის სკოლები“ „piety“ – ღვთისმოსაობა). ამ სკოლებში ქრისტიანები რეგულარულად იკრიბებოდნენ წმინდა წერილის კითხვისთვის, ქადაგებისა და ურთიერთობისათვის. ეს შეხვედრები მალე მოძრაობის მახასიათებელ ნიშნად იქცა და მათზე დამსწრეებს პიეტისტები ეწოდათ. 1675 წელს კი გამოაქვეყნა თავისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი Pia Desideria („ღვთისმოსავი სურვილები“), d his Pia Desideria (1675), სადაც გადმოცემული იყო პროგრამა ღვთისმოსაობის განვითარებისათვის. ნაშრომში შპენერმა შეაფასა თავისი დროის ორთოდოქსიის სუსტი მხარეები და წარმოადგინა რეფორმასთან დაკავშირებული პროგრესული წინადადებები. მისი შემოთავაზებანი მოიცავდა წმინდა წერილის უფრო მეტად გამოყენებას პირადად თუ საჯაროდ, ერისკაცთა მიერ საკუთარ სამღვდელო პასუხისმგებლობათა გაცნობიერებას, უფრო მეტ ძალისხმევას ცოცხალი რწმენის პრაქტიკული ნაყოფების გამოღებისათვის, ღვთისმსახურებისათვის ადამიანების მომზადებას, სკოლებისა და უნივერსიტეტების რეფორმას, ქადაგებას ურთიერთაღშენებისა და შეგონების მიზნით. „Collegia pietatis“ შესანიშნავი საშუალება იყო ამგვარი რეფორმების განხორციელებისათვის.
შპენერი უფრო მეტად აქტიური რწმენით (the fides quae creditur) იყო დაინტერესებული რწმენის პუნქტებისგან განსხვავებით (the fide quae creditur). შპენერს არ სურდა თეოლოგიურ დებატებში ჩაბმა, ის მშვიდობისმყოფელ ხასიათს ამჯობინებდა ქრისტიანის ცხოვრებაში. და ბოლოს, ის ხაზს უსვამდა სახარებისეული ქადაგების აღორძინების მნიშვნელობას, რომლის ცენტრშიც უნდა ყოფილიყო ქრისტე და რომელსაც უფლისკენ მოქცევისა და განწმენდისკენ უნდა მოეწოდებინა ადამიანთათვის.
შპენერის მემკვიდრეები: ფრანკე და ცინცენდორფი
შპენერის შემდეგ გერმანული პიეტიზმის წინამძღოლი გახდა ავგუსტ ჰერმან ფრანკე (1663-1727), რომელიც ჰალეს ახლად დაარსებული უნივერსიტეტის პროფესორი და ცენტრალური ფიგურა გახლდათ. ფრანკემ განაგრძო შპენერის პროგრამის განხორციელება. მან დააარსა და ხელმძღვანელობდა წარჩინებულთათვის განკუთვნილ პიეტისტურ საშუალო განათლების სკოლას (Adelspaedagogium). ის აქტიურად მონაწილეობდა ობოლთა თავშესაფრების, საავადმყოფოებისა და სხვადასხვა მისიის ცხოვრებასა და საქმიანობაში. ფრანკეს ნაშრომი „ნიკოდემოსი, იგივე ტრაქტატი კაცის შიშის წინააღმდეგ“ (1706) ასახავს პიეტისტურ მსოფლმხედველობას მსოფლიოში თავისუფლების შესახებ; მისი „Pietas Hallensis“ (1707) გადმოგვცემს პიეტიზმის მოკლე ისტორიას და მას ღმერთის მოქმედების გამოვლინებად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ შპენერზეც და ფრანკეზეც დიდი გავლენა იქონია იოჰან არნდტის შრომებმა (რომელთაგან ყველაზე ცნობილია „ჭეშმარიტი ქრისტიანობა“, გამოქვეყნებული 1606 წელს. უნდა ითქვას, რომ სწორედ არნდტი მიიჩნევა პიეტიზმის ჭეშმარიტ ფუძემდებლად მრავალი ისტორიკოსის აზრით).
ფრანკეს უნარიანმა წინამძღოლობამ ჰალე პიეტიზმის მოწინავე ინსტიტუციურ ცენტრად აქცია. ჰალედან გაგზავნილ გამოჩენილ ფიგურებს შორის იყო ჰენრი მ. მიულენბერგი, რომელმაც ამერიკაში პირველი ლუთერული ეკლესია დააარსა და მისი ხუცესი გახდა.
ფრანკესთან ერთად შპენერის საქმიანობის გამგრძელებელი გახლდათ ჰალეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ნიკოლაუს ლუდვიგი, იგივე გრაფი ფონ ცინცენდორფი (1700-1760). სწორედ მან დააარსა მორავიელთა საძმოს ეკლესია თავის სამფლობელოში, საქსონიასა და ზემო ლუჟიცაში მცხოვრებ მორავიელ დევნილთა შორის. ცინცენდორფის მიმდევრები ქადაგებდნენ იმის შესახებ, რომ მხოლოდ ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლი იყო საჭირო ხსნისათვის. ცინცენდორფის ძალისხმევამ განაპირობა პიეტიზმის პირდაპირი და დიდი გავლენა გერმანიის ფარგლებს გარეთ.
მეთოდიზმის დამაარსებელმა ჯონ უესლიმ შთაგონება მორავიელთა შორის პოვა და თავის მსახურებაში მორავიელთა საძმოს სწავლების ელემენტები ჩაურთო, მაგალითად, მხსნელი რწმენის მნიშვნელობის ხაზგასმა. პიეტიზმის გავლენა საგრძნობი იყო ასევე სხვა დენომინაციების პასტორულ თეოლოგიაზე, სამისიონერო საქმიანობასა და თაყვანისცემის ფორმებზე.
პიეტიზმმა ზენიტს მე-18 საუკუნის შუა ხანებში მიაღწია, თუმცა მოძრაობამ შემდგომშიც განაგრძო არსებობა და დღემდე მოაღწია. მიუხედავად იმისა, რომ პიეტიზმი არასოდეს ქცეულა ცალკე დენომინაციად ან ორგანიზებულ ეკლესიად, მისმა გავლენამ თითქმის მთელი პროტესტანტიზმი მოიცვა და წარუშლელი კვალი დატოვა მასზე, რაც დღესაც ესოდენ თვალსაჩინოა.