ლუისის წიგნის („უკანასკნელი ბრძოლა“) მიხედვით, მსოფლიოს აღსასრული ტყუილით იწყება. გაიძვერას მიერ ნათქვამ პატარა ტყუილს, რომელიც, წვრილმან სიამოვნებათა გულისათვის, მზად არის, უღალატოს მეგობარსა და მოყვასს, კიდევ სხვა ტყუილებიც მოჰყვება და საბოლოოდ, ირღვევა ის კავშირი, რომელიც გვაერთიანებს. როგორც ერთ ძველ სიმღერაშია, მხოლოდ ნაპერწკალია საჭირო ცეცხლის გასაჩაღებლად. ყველაფერი შეიძლება მოხდეს თვალის ერთ დახამხამებაში. ამის შესახებ გვაფრთხილებს კ. ს. ლუისი, ქრისტიანი აპოლოგეტი და ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერალი, თავის წიგნში „უკანასკნელი ბრძოლა“. ეს გახლავთ „ნარნიის ქრონიკების“ ბოლო, მეშვიდე წიგნი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს 70 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1950 წელს კლაივ ს. ლუისის „ლომი, ჯადოქარი და კარადა“ გამოქვეყნდა. მიუხედავად გამომცემლობა „Geofrrey Bles“-ის შიშისა, რომ წიგნი ვერ გაამართლებდა და ლუისის სხვა წიგნების გაყიდვას შეაფერხებდა, „ლომი, ჯადოქარი და კარადა“ კლასიკად იქცა. 70 წლის განმავლობაში, წიგნი 47 ენაზე ითარგმნა. გამოცემამ „Time Magazine“ იგი „მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო რომანს“ შორის დაასახელა.
„ლომი, ჯადოქარი და კარადა“ პირველი წიგნია „ნარნიის ქრონიკებისა“, რომელიც სულ 7 ნაწილისგან შედგება და 1950–1956 წლებში გამოიცა. სერიის ბოლო წიგნი „უკანასკნელი ბრძოლა“ გახლავთ. ამ სერიის წიგნების დღემდე გაყიდულ ეგზემპლართა რაოდენობა უკვე ასი მილიონია.
წიგნების ეს სერია ფენტეზისა და საბავშვო ლიტერატურის ზღვარზე მერყეობს. მასში მოთხრობილია ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის. ვინაიდან თავად მწერალი ქრისტიანული ლიტერატურის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომანებში გვხვდება პარალელები ბიბლიურ მოტივებთან.
„წიგნიდან ‘უკანასკნელი ბრძოლა’ შეგვიძლია, კარგი გაკვეთილი ვისწავლოთ 2020 წლის ბოლოს. წვრილმანებს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ დეტალებს.“ – ამბობს დევიდ დარკი, რელიგიისა და ხელოვნების პროფესორი ნეშვილის ბელმონტის უნივერსიტეტში.
კ. ს. ლუისის წიგნმა „უკანასკნელი ბრძოლა“ 1956 წელს მოიპოვა საბავშვო ლიტერატურაში ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდო „კარნეგის პრიზი“. ლუისის მიხედვით, ნარნიის − მოლაპარაკე მხეცებისა და ჯადოსნური ქმნილებების ქვეყნის − აღსასრული დაიწყო მშვიდობისა და კეთილდღეობის ჟამს.
ყველაფერი კარგად არის ამ მიწაზე მანამ, სანამ არეულობა დაიწყება. ყველაფერი ნელ-ნელა ირევა მას შემდეგ, რაც მაიმუნი შიფტი ლომის ტყავს დაინახავს ჩანჩქერის ქვემოთ წყალში. შიფტს წვრილმანი ამბიცია ამოძრავებს. ის ვერასოდეს შოულობს საკმარის ბანანსა და ფორთოხალს ადგილობრივ ბაზარში და თავის მეგობარს, სახედარ პაზლს აიძულებს მთელი შავი სამუშაოს შესრულებას. ლომის ტყავის დანახვისას მაიმუნი გადაწყვეტს, რომ ის კოსტიუმად აქციოს.
შიფტი დაარწმუნებს სახედარს, რომ განასახიეროს ლომი ასლანი, რომელიც ლუისის ალეგორიაში იესო ქრისტეს წარმოადგენს. ასლანი დიდი ხანია, აღარ ჩანს ნარნიაში. პაზლის ცრუ „ასლანის“ მეშვეობით შიფტი იწყებს ბრძანებების გაცემას თავის „თანანარნიელთა“ მიმართ.
ამისათვის კი ასლანის სახელს იყენებს. პირველად ის ნარნიელებს თავისი საყვარელი კაკლის შეგროვებას უბრძანებს. შემდეგ, როცა ასლანის დაბრუნების შესახებ ცრუ ამბავი გავრცელდება, მაიმუნი ბრძანებს, რომ მოჭრან წმინდა ხეები და კალორმენის ვაჭრებს გაუგზავნონ. კალორმენი სამხრეთით მდებარე იმპერიაა, რომლის მმართველებსაც დიდი ხანია შურთ ნარნიის კეთილდღეობის.
ბოლოს კი შიფტი ნარნიელებს გადაასახლებს იმისათვის, რომ მათ მონებად იმუშაონ გარკვეული ხნის განმავლობაში. ამ ყოველივეს გამო ნარნიელები შეცბუნებულნი და გულგატეხილნი არიან. ისინი დიდი ხანია, ისმენენ ისტორიებს ასლანთან დაკავშირებით და უყვართ ეს ისტორიები კეთილი გულის მქონე წინამძღოლის შესახებ, რომელიც ყოველთვის იცავდა ნარნიაში მცხოვრებ მოლაპარაკე მხეცებს. თუმცაღა მათ სიყვარულს ტყუილისა და სისასტიკის მეშვეობით უღალატეს. ყოველთვის, როცა ნარნიელები დაიჩივლებენ, შიფტი აცხადებს, რომ ის ნარნიას ისევ დიდებულ ქვეყნად აქცევს.
„ყველაფერს მოვაგვარებ და ეს ყველაფერი თქვენდა სასიკეთოდ იქნება. თქვენი ნაშოვნი ფულით შევძლებთ, ნარნია ისეთ ქვეყნად ვაქციოთ, სადაც ღირს ცხოვრება. ბანანითა და ფორთოხლით იქნება სავსე ყველაფერი.“
საბოლოოდ, რამდენიმე ინგლისელი სკოლის მოსწავლის დახმარებით ნარნიის მეფე შიფტის ტყუილს აღმოაჩენს და ცდილობს ყველაფრის შეცვლას, მაგრამ ძალიან გვიანია. შიფტი ამტკიცებს, რომ ეს პაზლი იყო ის, ვინც განასახიერებდა ასლანს და ცდილობს, ბრბო სახედარს მიუსიოს.
„მცირეოდენი ჭეშმარიტების სიცრუეში არევით მათ კიდევ უფრო მეტად გააძლიერეს საკუთარი ტყუილი.“ – წერს ლუისი. ბოლოს, ნარნიას იპყრობენ კალორმენელი მეომრები; ნარნიის მოქალაქეები კი ერთმანეთს დაუწყებენ ბრძოლას.
შიფტის ტყუილებისა და ასლანის შესახებ გავრცელებული ცრუ ცნობების გამო აღარავის აქვს სურვილი, ენდოს ვინმეს, ან ჭეშმარიტება მაინც ეძებოს, როცა ეს ჭეშმარიტება პირდაპირ მათ ცხვირწინაა. ქვეყანა იშლება და შესაბამისად, მთელი ქვეყნიერებაც იშლება.
„სიმართლე დეტალებში უნდა ვეძიოთ, თუ საერთოდ ვაპირებთ მის ძიებას. განზოგადება, ლუისის გაგებით, საწვავია ტირანიისათვის. დეტალიზაცია კი ამ საწვავის მიწოდებას უწყვეტს მას. იესო ნაზარეველი გვაფრთხილებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ადვილად შეიძლება მოვტყუვდეთ, რა ადვილად შეგვიძლია თავი მოვიტყუოთ. იესო ლაპარაკობს აღქმის შესახებ, რომელიც თუ დაბნელდა, სიბნელით აავსებს თქვენს ცხოვრებასაც.“ – ამბობს დევიდ დარკი.
ლუისი თავის წიგნში მიუთითებს იმაზე, თუ როგორ სწრაფად ებმის ერთმანეთს მცირე ტყუილები იქამდე, ვიდრე შეუძლებელი გახდება სწორისა და მცდარის, ჭეშმარიტებისა და სიცრუის ერთმანეთისაგან გარჩევა.
დიდ თუ მცირე ღალატთა შესახებ ვკითხულობთ ნარნიაში მოთხრობილ ამბავთა უმეტესობაში. ბიჭი ღალატობს თავის ძმასა და დებს თურქული ტკბილეულის რამდენიმე ლუკმისათვის. დედოფალი, ნაცვლად მარცხის აღიარებისა, კლავს თავის დას და მის ხალხს წყევლის გამოყენებით, რომელსაც „საზარელი სიტყვა“ ეწოდება. მრჩეველი უთვალთვალებს მეფეს და იტაცებს მის ვაჟს. მაიმუნი შიფტი ყიდის თავის ხალხს რამდენიმე ბანანის, ფორთოხლის და კაკლის საფასურად. თითქმის ყველა ღალატი წვრილმანი ქმედებაა, მაგრამ დამანგრეველი შედეგები მოაქვს და შესაძლოა, საერთოდ შეუძლებელი გახდეს რაიმეს გამოსწორება.
ლუისის თქმით, ნდობის აშენებას წლები სჭირდება, სამაგიეროდ, ადვილია მისი განადგურება. ჩვენს ნათქვამ ყოველ სიტყვას, ჩვენს ყოველ ქმედებას თავისი შედეგი მოჰყვება.
წიგნი სიხარულის ნოტაზე მთავრდება, რაც ესოდენ აკლია ჩვენს დროს, თუმცა მკითხველმა არ უნდა დაივიწყოს წიგნის გაფრთხილება. ერთი ადამიანის მიერ თავისივე გამორჩენისთვის ნათქვამმა სიცრუემ დაამცრო ჭეშმარიტება; ჭეშმარიტება, რომლის მეშვეობითაც ინარჩუნებდა ნარნია ერთიანობას. ჭეშმარიტების ხელახლა მოპოვება თითქმის შეუძლებელია მისი დაკარგვის შემდგომ. ნარნიელები ამას ძალიან გვიან მიხვდნენ. ლუისი იმედოვნებდა, რომ ამ ამბავს ყურს დავუგდებდით და ნარნიელების ბედს ავირიდებდით თავიდან…
შეგახსენებთ, რომ კლაივ ს. ლუისი (1898-1963 წწ.) ინგლისელი მწერალი გახლდათ. იგი ქრისტიანული წესით იყო მონათლული, მაგრამ მოზარდობისას სარწმუნოებას ჩამოშორდა. დაახლოებით 30 წლის ასაკში ჯ. რ. რ. ტოლკინის და სხვა მეგობრების გავლენით იგი კვლავ დაუბრუნდა რელიგიას, რამაც გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. ლუისის წიგნები გამოირჩევა რელიგიური მოტივების გავლენით. გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა რადიოგადაცემებში, სადაც ქვეყნის მასშტაბით საუბრობდა ქრისტიანობაზე. სხვა შესანიშნავ წიგნებთან ერთად მის კალამს ეკუთვნის ცნობილი წიგნი „ეს ქრისტიანობაა“, რომელშიც გადმოცემულია ავტორის შეხედულებანი ადამიანზე, ღმერთზე, მორალსა და რწმენაზე.