The World Watch List არის ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ქრისტიანთა დევნის შესახებ. სიაში ჩამოთვლილია მსოფლიოს 50 ქვეყანა, სადაც ქრისტიანები რწმენის გამო იდევნებიან. ანგარიში ქვეყნდება ყოველი წლის დასაწყისში. მასში გამოყენებულია ორგანიზაცია Open Doors-ის საველე თანამშრომლებისა და გარე ექსპერტების მიერ მოწოდებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ხდება დევნის შეფასება და ანალიზი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ქვემოთ მოცემულია მსოფლიოს იმ ქვეყნების პირველი ათეული, სადაც Open Doors-ის 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, ქრისტიანები უკიდურეს დევნას განიცდიან.
1. ჩრდილოეთ კორეა
მოსახლეობა: 25, 727, 000
ქრისტიანთა რაოდენობა: 300,000
რელიგია: ათეიზმი/ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები
მმართველობის ფორმა: დიქტატურა
დიქტატორი: კიმ ჩენ-ინი
ჩრდილოეთ კორეა პირველ ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანები იდევნებიან. ფაქტებისა და მძიმე ბრალდებათა მიუხედავად, კიმ ჩენ ინის რეჟიმი მტკიცედ უარყოფს ადამიანის უფლებათა რაიმე სახის დარღვევას კორეის ტერიტორიაზე. ჩრდილოეთ კორეაში თუ ქრისტიანებს აღმოაჩენენ, მათ შრომით ბანაკებში გზავნიან, როგორც პოლიტიკურ დამნაშავეებს, ანდა სულაც, ადგილზევე ხოცავენ. ქრისტიანთა დევნას ჩრდილოეთ კორეაში რადიკალური ფორმა აქვს. სხვა ქრისტიანებთან შეხვედრა და უფლის განდიდება თითქმის შეუძლებელია, თუ ეს სრულიად საიდუმლოდ არ მოხდა. ქვეყნის ბოლოდროინდელ აქტიურობას საერთაშორისო დიპლომატიაში, რომელიც 2018 წელს სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებიდან დაიწყო, არავითარი ცვლილება არ მოუტანია ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანებისათვის.
ვარაუდობენ, რომ მთელი ჩრდილოეთ კორეის მასშტაბით, დაპატიმრებულია, დაახლოებით, 120 000 ადამიანი. პატიმრებს მონებივით ეპყრობიან და ამუშავებენ. ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის ცნობით, კონგორის ციხეში მისი ყოფნის 8-თვიანი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, 800 პატიმარი დაიღუპა მძიმე შრომისა და შიმშილის გამო.
2. ავღანეთი
მოსახლეობა: 37, 209, 000
ქრისტიანთა რაოდენობა: რამდენიმე ათასი
მთავარი რელიგია: ისლამი
მმართველობა: ისლამური რესპუბლიკა
ქვეყნის ლიდერი: აშრაფ ღანი
ავღანეთი ტომობრივი საზოგადოებაა. ერთგულება ოჯახის, გვარისა და ტომის მიმართ უკიდურესად მნიშვნელოვანია. ისლამურ საზოგადოებაში ავღანელი ადამიანისათვის უკანონობად მიიჩნევა ისლამზე უარის თქმა. ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იზრდება ისლამისტი სამხედროების გავლენა, თალიბანის კონტროლი; ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფებიც უმცირესობებს უმიზნებენ. მათ, ვისაც სურთ, იესო ქრისტეს მიმდევრები იყვნენ, ეს საიდუმლოდ უნდა შეინახონ.
3. სომალი
მოსახლეობა: 15, 636, 000
ქრისტიანთა რაოდენობა: რამდენიმე ასეული
მთავარი რელიგია: ისლამი
მმართველობა: ფედერაციული რესპუბლიკა
ლიდერი: პრეზიდენტი მოჰამედ აბდულაჰი მოჰამედი
სომალიში ისევ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. იქ ისევ ტომობრივი წყობილებაა და გაბატონებულია ძალადობრივი ისლამისტური საომარი განწყობა. ქრისტიანობის მიღება ოჯახისა და გვარის ღალატად მიიჩნევა. თუ რომელიმე სომალელთან დაკავშირებით იეჭვებენ, რომ ის ქრისტიანობაზე მოექცა, ოჯახის წევრები და გვარის უფროსები იწყებენ მის დაშინებას, დევნას და შესაძლოა, მოკლან კიდეც. ისლამიდან ქრისტიანობაზე მოქცეული ადამიანები კარგ სამიზნედ იქცევიან ალ-შაბაბის სამხედრო დაჯგუფების წევრებისათვის, რომლებიც ქრისტიანებს ხშირად ადგილზევე ხოცავენ.
4. ლიბია
მოსახლეობა: 6, 570, 000
ქრისტიანთა რაოდენობა: 36, 200
მთავარი რელიგია: ისლამი
მმართველობა: გარდამავალი
ლიდერი: პრემიერ-მინისტრი ფაიზ ალ-სარაჯი
ქვეყანაში არ არსებობს ერთი ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც კანონს დაიცავდა და წესრიგს დაამყარებდა. ეს კი ხელს უწყობს ზეწოლის უკიდურესი ფორმების გამოვლინებას როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ქრისტიანთა ცხოვრებაში. ისლამიდან ქრისტიანობაზე მოქცეული ლიბიელები ძალადობასა და ზეწოლას განიცდიან ოჯახებისა და საზოგადოების მხრიდან, რათა მათ საკუთარ რწმენაზე უარი თქვან. ქვეყანაში არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, ქრისტიანები ვერ სარგებლობენ იმავე უფლებებით, რომელი უფლებებიც აქვთ სხვა მოქალაქეებს; ქვეყანა არ აღიარებს ეკლესიას და არ შეიძლება ეკლესიების შენობების აშენება.
5. პაკისტანი
მოსახლეობა: 204, 596, 000
ქრისტიანთა რაოდენობა: 4, 015, 000
მთავარი რელიგია: ისლამი
მმართველობა: ფედერაციული რესპუბლიკა
ლიდერი: პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი
ისტორიულ ეკლესიებს შედარებით მეტი რელიგიური თავისუფლება აქვთ, მაგრამ მათ მკაცრად ადევნებენ თვალყურს; გარდა ამისა, ისინი ექსტრემისტების გამუდმებული თავდასხმების სამიზნეები არიან. ბოლო ასეთი თავდასხმა 2017 წლის დეკემბერში მოხდა. უფრო მეტად იდევნებიან ის ქრისტიანული ეკლესიები, რომლებიც აქტიურად ქადაგებენ სახარებას და ცდილობენ ახალგაზრდების მოქცევას ქრისტიანულ რწმენაზე. ზოგადად, პაკისტანში ქრისტიანები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნევიან. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედი, ღვთის გმობის საწინააღმდეგო კანონები არათანაბრად გამოიყენება ქრისტიანული უმცირესობის მიმართ. საკუთარი რწმენის საჯაროდ გამოხატვა ქრისტიანისათვის რთული და სახიფათოა.
ქრისტიანული, საერთაშორისო ორგანიზაცია ICC-ის თანახმად, პაკისტანში ღვთის გმობის ბრალდებით, სულ მცირე, 24 ქრისტიანი იმყოფება პატიმრობაში.
6. ერიტრეა
მოსახლეობა: 5, 310, 000
ქრისტიანთა რაოდენობა: 2, 492, 000
მთავარი რელიგია: ისლამი/ქრისტიანობა
მთავრობა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა
ლიდერი: პრეზიდენტი ისაიას აფვერკი
პრეზიდენტ აფვერკის ავტორიტარული რეჟიმი პასუხისმგებელია ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევებზე, განსაკუთრებით, ეს შეეხება ქრისტიანთა უფლებებს. ის ქრისტიანები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ეკლესიების წევრები არ არიან, დასავლეთის აგენტებად და შესაბამისად, ქვეყნისათვის საფრთხედ მიიჩნევიან. დაურეგისტრირებელი ეკლესიების წევრი ასეულობით ქრისტიანი ციხეშია. ზოგი მათგანი ათ წელზე მეტია, დაპატიმრებულია. ზოგს აიძულებენ, ხანგრძლივად იმუშაოს კერძო საკუთრებაში არსებულ ყვავილების მინდვრებში; ზოგიც კი დიდ კონტეინერებში ჰყავთ გამომწყვდეული, სადაც აუტანელი სიცხეა.
7. სუდანი
მოსახლეობა: 42, 514, 000
ქრისტიანთა რაოდენობა: 1, 963, 000
მთავარი რელიგია: ისლამი
მთავრობა: გარდამავალი
ლიდერი: პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი
სუდანის ახლანდელი პოლიტიკური ქაოსი გაურკვეველ მდგომარეობას ქმნის ქრისტიანებისათვის. 2011 წელს სამხრეთ სუდანის გამოყოფამ ქრისტიანები კიდევ უფრო სუსტნი და დაუცველნი გახადა, რადგან ისლამისტი კონსერვატორები შარიათის დამყარებას ცდილობენ სუდანში. ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ დააპატიმრა ან შეავიწროვა ქრისტიანთა ბევრი წინამძღვარი და დაანგრია ეკლესიები. ხშირია ექსტრემისტთა თავდასხმები ქრისტიანებზე, განსაკუთრებით, ნუბას მთიან რეგიონში, სადაც ათასობით ქრისტიანი დახოცეს ან გაქცევა აიძულეს.
8. იემენი
მოსახლეობა: 29, 58, 000
ქრისტიანთა რაოდენობა: რამდენიმე ათასი
მთავარი რელიგია: ისლამი
მთავრობა: ისლამური რესპუბლიკა
ლიდერი: პრემიერ-მინისტრი მაინ აბდულ მალიკ საიდი
იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ამან ქრისტიანების ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ომმა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს მოქმედებათა არეალის გაფაროების საშუალება მისცა. ისინი იტაცებენ და ხოცავენ ქრისტიანებს. აკრძალულია ეკლესიის ღია აქტივობები. ასევე აკრძალულია ისლამის დატოვება. ის მუსლიმანები, რომლებიც იესოს ირწმუნებენ, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ.
9. ირანი
მოსახლეობა: 82, 821, 000
ქრისტიანთა რაოდენობა: 800, 000
მთავარი რელიგია: ისლამი
მთავრობა: ისლამური რესპუბლიკა
ლიდერი: პრეზიდენტი ჰასან რუჰანი
ირანული საზოგადოება იმართება ისლამური კანონის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანთა უფლებები უკიდურესად შეზღუდულია. ქრისტიანებს ეკრძალებათ საკუთარი რწმენის შესახებ საუბარი ირანში მცხოვრებ არაქრისტიანებთან. უკანონოა ქრისტიანული ლიტერატურის ბეჭდვა და საეკლესიო ღვთისმსახურებათა აღსრულება. ისლამიდან ქრისტიანობაზე მოქცეულები იდევნებიან მთავრობის მიერ. თუ ქრისტიანები ესწრებიან იატაკქვეშა საშინაო ეკლესიის ღვთისმსახურებებს, მათ დაპატიმრების მუდმივი საფრთხე ელით.
10. ინდოეთი
მოსახლეობა: 1, 368, 738, 000
ქრისტიანთა რაოდენობა: 66, 194, 000
მთავარი რელიგია: ინდუიზმი
მთავრობა: ფედერაციული რესპუბლიკა
ლიდერი: პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი
2014 წლის შემდეგ, რაც ახლანდელმა მმართველმა პარტიამ აიღო ქვეყნის მართვა საკუთარ ხელში, იმატა ქრისტიანებზე თავდასხმათა რიცხვმა. ინდუისტი რადიკალები ხშირად ესხმიან თავს ქრისტიანებს და ამისათვის, ფაქტობრივად, არც ისჯებიან. ინდუისტი ნაციონალისტების აზრით, ინდოელად ყოფნა ნიშნავს ინდუისტად ყოფნას; ნებისმიერი სხვა რწმენა, მათ შორის, ქრისტიანობაც, ამის საწინააღმდეგოდ მიიჩნევა. ინდუიზმიდან ან სხვა ტომობრივი რელიგიებიდან ქრისტიანობაზე მოქცეული ადამიანები სასტიკად იდევნებიან ოჯახის წევრებისა და საზოგადოების მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ტოლერანტულ მსოფლიოში ვცხოვრობთ, ყოველწლიურად 50 ქვეყანა მაინც ხვდება ქრისტიანთა მდევნელი სახელმწიფოების რიცხვში.
P.S. გთხოვთ, ილოცოთ ქრისტიანთათვის, რომლებიც იდევნებიან.