ბილი გრემის კონტრკულტურული მიდგომა რასობრივი პრობლემებისადმი: „ქრისტე ყველას ეკუთვნის“

84 ნახვა
13 გაზიარება
0 კომენტარი

სამოციოდე წლის წინ, ნიუ-იორკში 38 წლის მახარებლის ბილი გრემის მოსასმენად ყოველ საღამოს, დაახლოებით, 20 ათასამდე ადამიანი იყრიდა თავს. გაზეთები ამ ყველაფერს დადებითად აშუქებდნენ, უამრავი ადამიანი იღებდა ქრისტეს რწმენას, თუმცა ბილი გრემი ამით არ კმაყოფილდებოდა.

ერთ საღამოს, ბილი მიუბრუნდა თავის თანამქადაგებელს, ჰოვარდ ჯონსს, კლივლენდელ აფრო-ამერიკელ ხუცესს.

„არ მინდა, რომ ეს მხოლოდ თეთრკანიანთათვის განკუთვნილი სამახარებლო ღონისძიება იყოს, ჰოვარდ, როგორ მოვიქცე?“ ჰკითხა გრემმა ჯონსს.

ჯონსმა უპასუხა: „თუ ისინი არ მოდიან შენთან, შენ წადი იქ, სადაც ისინი არიან. წადი ჰარლემში.“

გრემი დასთანხმდა.

ყველაფერი მარტივად გასაკეთებელი ჩანდა. ჯონსისა და გრემისთვის ასეც იყო, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდებოდა 1957 წელს.

იმ დროს იურიდიულად დადგენილი ინტეგრაციის ცნება მხოლოდ სამი წლის იყო. 1954 წელს ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ცნება „განცალკევებული, მაგრამ თანასწორი“ „არსებითად უთანასწორო“ გახლდათ, როცა საქმე განათლებას ეხებოდა.

სასამართლო პროცესის Brown vs. Board of Education (ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი, დასრულდა 1954 წელს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დაგმო რასობრივი სეგრეგაცია სკოლებში. ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სეგრეგაციის წინააღმდეგ მიმართული მოვლენა იყო აშშ-ში) გადაწყვეტილება მაშინვე არ იქნა აღიარებული საზოგადოების მიერ.

1957 წელს არკანზასის გუბერნატორმა აშშ-ს ეროვნულ გვარდიას მოუწოდა ალყა შემოერტყა ცენტრალური სკოლისათვის (Little Rock Central High School), რათა ინტეგრაციისთვის შეეშალა ხელი. პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერს კი სურდა ფედერალური ჯარის გაეგზავნა, რათა უზრუნველეყო ადგილობრივი ინტეგრაციის დაცვა. ამ დროს მან გრემს (რომელიც მის სულიერ მრჩევლად ითვლებოდა) ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის ამასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, სხვა არჩევანი არ გაქვთ. დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს“, უპასუხა გრემმა პრეზიდენტს.

ნიუ-იორკში გამართულ სამახარობლო ღონისძიებათა განმავლობაში გრემი ჯონსის რჩევას ითვალისწინებდა. თავის აფრო-ამერიკელ კოლეგასთან ერთად ის ნიუ-იორკის მახლობლად მცხოვრებ უმცირესობებს სტუმრობდა.

დაახლოებით 8 ათასი ადამიანი დაესწრო მის მსახურებას ჰარლემში, 10 ათასი კი ბრუკლინში. გრემი ყოველ შეხვედრაზე ეპატიჟებოდა მსმენელებს მედისონ გარდენში, სადაც ყოველ საღამოს იმართებოდა მისი საევანგელიზაციო გამოსვლები. ეს იყო 16-კვირიანი საევანგელიზაციო კამპანია, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ბილი გრემის მსახურებაში. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, სამახარობლო ღონისძიებებზე დამსწრეთა 20%-ს აფრო-ამერიკელები შეადგენდნენ.

რასობრივი პროგრესისადმი ბილი გრემის პირადი მიდგომიდან გამომდინარე ჯონსი მას „კონტრკულტურულსა“ და „რადიკალს (მემარცხენე)“ უწოდებდა. არც გაბრაზებული ტონით დაწერილი წერილების და არც მწვავე საგაზეთო კრიტიკის გამო არ ცვლიდა გრემი თავის გადაწყვეტილებებს და ვისაც სურდა, მას იწვევდა სცენაზე სიტყვით გამოსვლისათვის.

„ბილიმ ერთხელ და სამუდამოდ მკაფიოდ გამოხატა ის, რომ მისი მსახურება არ დაემონებოდა კულტურის სეგრეგაციონიზმს“, წერდა ჯონსი.

გრემი კულისებიდან მოქმედებდა სამოქალაქო უფლებების ერაში. ის იხდიდა მარტინ ლუთერ კინგის პატიმრობის ჯარიმებს. სხვა დროს (მაგალითად, როგორც ეიზენჰაუერთან საუბრისას), საჯაროდ გამოთქვამდა თავის შეხედულებებს რასობრივ სამართლიანობასთან დაკავშირებით.

გრემი უარს ამბობდა ისეთ აუდიტორიის წინაშე გამოსვლაზე, სადაც შავკანიანები და თეთრკანიანები განცალკევებით იდგნენ, ხოლო ერთხელ ალაბამაში მან საკუთარი ხელით ჩაწყვიტა გამყოფი თოკები. სამოქალაქო უფლებების აქტის მიღებამდე და მიღების (1964) შემდეგაც გრემს იწვევდნენ ინტეგრირებული საზოგადოების წინაშე ქადაგებისათვის.

1959 წელს არკანზასში, ლითლ როკში გაიმართა ბილი გრემის მორიგი საევანგელიზაციო ღონისძიება, რომელსაც მოზარდი ბიჭი, ბილ კლინტონი ესწრებოდა. წლების შემდეგ, ამერიკის 42-ე პრეზიდენტი გაიხსენებს, როგორო იდგნენ შავკანიანები და თეთრკანიანები ერთად.

„ეს იყო „ძველი სამხრეთს“ ერის დასასრული ჩემს სამშობლოში, რაც არასოდეს დამავიწყდება“, ამბობდა კლინტონი.

გრემის დამოკიდებულება და შეხედულება უცვლელი იყო. კათედრიდან საუბრისას ის ყოველთვის მკაფიოდ და გასაგებად ლაპარაკობდა. ერთ საღამოს მან ნიუ-იორკში შეკრებილ მსმენელს (რომლის უმრავლესობასაც ძირითადად თეთრკანიანები შეადგენდნენ) მიმართა: „რა არის ადამიანის ბუნებაში ისეთი, რაც აიძულებს მას იცრუოს, მოიპაროს, სძულდეს, ჰქონდეს გულისთქმანი, სიამაყე, ფანატიზმი და რასობრივი სიძულვილი?“ იკითხა გრემმა

„რა იწვევს ადამიანში ამ საშინელ რაღაცებს?“

„კაცობრიობის პრობლემა არის ცოდვა.“

გრემის პასუხი და გამოსავალი მუდამ ერთი იყო: იესო ქრისტესთან პირადი ურთიერთობა. გრემი ამბობდა, რომ მაცხოვარი ყველასთვის მისაწვდომი იყო, ყველას შეეძლო მასთან მისვლა.

„იესო არც თეთრკანიანი იყო, არც შავკანიანი, ის მსოფლიოს იმ ნაწილიდან იყო, რომელიც აფრიკას, ევროპასა და აზიას თანაბრად ეხება. ქრისტიანობა არ არის თეთრების რელიგია და ნურავის მისცემთ უფლებას, გითხრან, თითქოს ეს ან თეთრების ან შავების სარწმუნოება იყოს. ქრისტე ყველასთვისაა, ის მთელი მსოფლიოსთვის ერთია“, აცხადებდა გრემი.