ნიცშე და ქრისტიანობა

1701 ნახვა
58 გაზიარება
2 კომენტარი

ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900) დაიბადა პრუსიის ქალაქ რიოკენში, ლუთერანი მღვდლის ოჯახში. ნიცშეს ცხოვრების ადრეულ ეტაპს ქალები (დედა, და, ორი მამიდა და ბებია) განაგებდნენ. მიუხედავად მკაცრი რელიგიური აღზრდისა, ნიცშემ ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას უარყო ქრისტიანობა.

ნიცშეს ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონიეს ჰერაკლიტემ, იმანუელ კანტმა, არტურ შოპენჰაუერმა, ჩარლზ დარვინმა, ფ. ა. ლანგემ და ვოლტერმა. ნიცშეს ძირითადი შრომებია: „ასე იტყოდა ზარატუსტრა“, „მხიარული მეცნიერება“, „ვაგნერის საქმე“, „კეთილისა და ბოროტის მიღმა“, „მორალის გენეალოგია“, „ანტიქრისტე“ და „Ecce Homo“ (ბოლო ნაშრომი, ავტობიოგრაფია).  

ნიცშე ეგზისტენციალიზმისკენ იხრებოდა. ის გახლდათ ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ეგზისტენციალისტთაგან, რომლებიც აღიარებდნენ, რომ ღმერთის გარეშე ცხოვრებას არავითარი აზრი (ნიჰილიზმი) და არავითარი ობიექტური მორალური ფასეულობანი არ გააჩნია. სწორედ აქედან გამომდინარე წერდა იგი, რომ „ღმერთი მკვდარია. ჩვენ მოვკალით იგი. როგორ უნდა ვინუგეშოთ თავი მკვლელებმა მკვლელთაგან? ის, რაც ქვეყნიერებაზე ყველაზე წმიდა და ძლევამოსილი იყო, ჩვენი დანის ქვეშ სისხლით დაიცალა: ვინ მოგვწმენდს ამ სისხლს? რომელი წყალი შეძლებს ჩვენს განბანვას?“ (“The Parable of the Madman“, 1882)

მორალთან დაკავშირებით ნიცშე აღიარებდა: „თქვენ თქვენი გზა გაქვთ, მე – ჩემი. სწორი გზა, ჭეშმარიტი და ერთადერთი გზა არ არსებობს“ (პერიფრაზი წიგნიდან „ასე იტყოდა ზარატუსტრა“, Penguin Books, 1966, გვ. 195).

ნიცშე გააფთრებული ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანობას და ამბობდა, რომ  ქრისტიანობა გაუგებრობაზეა დაფუძნებული, რომ არსებობდა მხოლოდ ერთი ქრისტიანი [ქრისტე] და ის ჯვარზე მოკვდა; ის წერდა: „ის, რასაც ორი ათასი წლის განმავლობაში ‘ქრისტიანს’ უწოდებენ, ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური გაუგებრობაა“ (The Antichrist, trans. by H. L. Mencken, Alfred A. Knopf, 1924).

ნიცშეს სჯეროდა ევოლუციის და ძლიერთა გადარჩენის შესახებ თეორიის; მას სძაგდა ქრისტე იმ გულმოწყალებისათვის, რომელიც მან სუსტთა და საზოგადოების მიერ გარიყულთა მიმართ გამოიჩინა: „სუსტნი და უნიათონი უნდა დაიღუპონ: ეს არის ჩვენი გულმოწყალების პირველი პრინციპი. ასევე, უნდა დავეხმაროთ კიდეც მათ ამაში. რა არის უფრო მეტად საზიანო, ვიდრე ნებისმიერ სათნოება? ქრისტიანობა ქმედითი თანაგრძნობაა სუსტთა და უნიათოთა მიმართ… კაცობრიობა არ არის ვალდებული თავისი არსებობისათვის მადლიერი იყოს შემწყნარებლობისა და კაცთმოყვარეობისადმი“ (The Antichrist, trans. by H. L. Mencken, Alfred A. Knopf, 1924, გვ. 43, 63).

სხვა ათეისტთა მსგავსად, ნიცშეს მცდარი შეხედულება ჰქონდა ქრისტიანულ რწმენასთან დაკავშირებით, როცა მას ეპისტემოლოგიად (ცოდნის მოპოვება) მიიჩნევდა დაპირისპირებულს მანამ შეძენილ ცოდნასთან: „მაგრამ, როცა რწმენა ყოველივე დანარჩენზე აღმატებული ხდება, ამას აუცილებლად მოჰყვება ის, რომ გონება, ცოდნა და ძიება ეჭვქვეშ დადგება: ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა იქცევა აკრძალულ გზად“ (იქვე., გვ. 76).

ის განაგრძობდა: „ის, რაც ღვთისმეტყველისათვის ჭეშმარიტებაა, მაშ, ეს სიცრუეა: აი, ესაა ჭეშმარიტების კრიტერიუმი“ (იქვე., გვ. 51-52).

ნიცშეს ფილოსოფიის საფუძველი გახლდათ სიძულვილი სიყვარულის მიმართ და სიყვარულის უარყოფა. სიყვარულის შესახებ ის წერდა: „როცა ადამიანს უყვარს, ის უფრო მეტს იტანს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს; ის ემორჩილება ნებისმიერ რამეს. პრობლემა გახლდათ ისეთი რელიგიის გამოგონება, რომელიც სიყვარულის უფლებას მისცემდა ადამიანს: ამ საშუალებით შეიძლება ყველაზე ცუდის გადალახვაც, რასაც ცხოვრება გვთავაზობს: უბრალოდ, ვეღარ ამჩნევთ ვერაფერს მსგავსს. აი, რის თქმა შეიძლება სამი ქრისტიანული სათნოების შესახებ: რწმენა, იმედი და სიყვარული. მე მათ სამ ქრისტიანულ გამოგონებას ვუწოდებ“ (იქვე., გვ. 77).

1889 წელს, 44 წლის ასაკში ნიცშე ფსიქოზის დიაგნოზით შვეიცარიის ქალაქ ბაზელის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ის გერმანიის ქალაქ იენაში არსებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიცშე გარდაიცვალა 1900 წლის აგვისტოში.

დღეს, ფრიდრიხ ნიცშეს რელატივიზმი, ნატურალიზმი და ნიჰილიზმი კვლავ ახდენს ზეგავლენას ფილოსოფიაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე. მის მიერ რელიგიის, განსაკუთრებით კი, ქრისტიანობის უარყოფა, სუსტთა განადგურებისა და ძლიერთა მხარდაჭრის იდეა ბიბლიური სიყვარულისა და თვითშეწირვის სრული საპირისპიროა. ზოგიერთმა სცადა (თუმცა თითქმის უშედეგოდ) ნიცშეს იდეების რელიგიასთან გაერთიანება და ისეთი ფილოსოფიის შექმნა, როგორიცაა „ქრისტიანული ათეიზმი“.

წყარო