ეგზისტენციალიზმი (existentia ‒ არსებობა), ანუ არსებობის ფილოსოფია გახლავთ XX საუკუნის მიმართულება ფილოსოფიაში (და ასევე ლიტერატურაში), რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ევროპაში. ეგზისტენციალიზმის უმთავრესი კონცეფციაა: „არსებობა წინ უსწრებს არსს“ (ჟან პოლ სარტრი). ეგზისტენციალიზმი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის არსებობის უნიკალურობაზე და ასევე იმ შეგრძნებაზე, რომ არსებობას რაიმე მიზანი და ახსნა არ უდევს საფუძვლად. ეგზისტენციალიზმი ხაზს უსვამს ინდივიდუალურ არსებობას, თავისუფლებას და არჩევანს. ეს გახლავთ შეხედულება იმის შესახებ, რომ ადამიანი თავად განსაზღვრავს საკუთარ მნიშვნელობას ცხოვრებაში (თავად სძენს მნიშვნელობას საკუთარ სიცოცხლეს ნებისყოფის ძალით) და ცდილობს, მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილებანი მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობს ირაციონალურ სამყაროში. ეგზისტენციალიზმის მიხედვით, ადამიანი სრულიად თავისუფალია და საკუთარ თავზე თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა; აქედან გამომდინარე, ეს შეხედულება ხაზს უსვამს მოქმედებას, თავისუფლებასა და გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ერთადერთი გზა ამ არსებითად აბსურდულ მდგომარეობაზე ასამაღლებლად გახლავთ პიროვნული თავისუფლებისა და არჩევანის უფლების გამოყენება (ეს არის დეტერმინიზმის სრული უარყოფა).
ეგზისტენციალიზმს ბევრი რამ აქვს საერთო ნიჰილიზმთან, მაგრამ ის უფრო მეტად რეაქციაა ტრადიციულ ფილოსოფიურ მიმდინარეობებზე, როგორებიცაა რაციონალიზმი, ემპირიზმი და პოზიტივიზმი, რომლებიც ეძიებენ წესრიგსა და უნივერსალურ მნიშვნელობას მეტაფიზიკურ პრინციპებსა თუ ხილული სამყაროს სტრუქტურაში.
პირველ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსად მიჩნეულია დანიელი პოეტი, თეოლოგი და ავტორი სიორენ კირკეგორი (Søren Aabye Kierkegaard, 1813-1855), თუმცა მას არასოდეს გამოუყენებია ტერმინი „ეგზისტენციალიზმი“. კირკეგორი რელიგიური (თეისტური) ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლად გვევლინება. მისი ფილოსოფიური პოზიცია გახლდათ პიროვნების აბსოლუტური თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება. ის მიიჩნევდა, რომ ღმერთთან მისასვლელად ადამიანი არსებობის სამ ეტაპს გადის: ესთეტიკურს, როცა ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ ცალკეული მომენტების განცდით; ეთიკურს, როცა პიროვნება ცხოვრობს მომავალზე ზრუნვით და რელიგიურს, როცა ის ცხოვრობს მარადისობის შეგრძნებით. კირკეგორი ამტკიცებს, რომ ფილოსოფია იწყება არა გაოცებით, არამედ სასოწარკვეთილებით. ის ასევე ამბობს, რომ ადამიანი არის სულისა და სხეულის, მარადიულისა და დროებითის ნაზავი, რომელსაც საფუძვლად უდევს სული.
ფრიდრიხ ნიცშე კიდევ ერთი ფილოსოფოსია, რომელიც ასევე მიიჩნევა ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლად. ეგზისტენციალიზმში ნიცშეს მიერ შეტანილი წვლილი გახლდათ იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს ის, რომ იგი არის მატერიალური სამყაროს ნაწილი მიუხედავად იმისა, კიდევ რა შეიძლება არსებობდეს. როგორც ამ სამყაროს ნაწილი, ადამიანი ისე უნდა ცხოვრობდეს, თითქოს ამ სიცოცხლის მიღმა არაფერი არსებობდეს.
აქვე შეიძლება ითქვას, რომ ეგზისტენციალიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელმა და არტურ შოპენჰაუერმა, რადგან კირკეგორისა და ნიცშეს ფილოსოფიური შრომები მათ საპასუხოდ თუ საწინააღმდეგოდ იწერებოდა.
კირკეგორსა და ნიცშეს (ისევე, როგორც მანამდე პასკალს) აინტერესებდათ ის, თუ როგორ ემალებოდნენ ადამიანები ცხოვრების უშინაარსობას და რას მიმართავდნენ მოწყენილობისგან თავდასაღწევად. პასკალისგან განსხვავებით, ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, თუ რა როლი ეკისრებოდა ფუნდამენტურ ღირებულებათა და შეხედულებათა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, რაც არსებითად მნიშვნელოვანი გახლდათ ამრჩევის ბუნებისა და იდენტობის შეცვლის მცდელობისათვის. კირკეგორის შემთხვევაში, ეს არის „რწმენის რაინდი“ (რომელსაც აღწერს წიგნში „Fear and Trembling“), რომელიც მთელ რწმენას ამყარებს ღმერთსა და საკუთარ თავზე. ნიცშესთვის ეს გახლავთ „ზეადამიანი“ (Übermensch), რომელიც აღმატებულებასა და ტრანსცენდენტულობას იძენს ისე, რომ დახმარებისათვის არ მიმართავს ქრისტიანობისთვის დამახასიათებელ რწმენას „იმქვეყნიერების“ შესახებ („ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და „კეთილისა და ბოროტის მიღმა“).
მიუხედავად ამისა, კირკეგორისა და ნიცშეს შრომებში არ ვხვდებით ტერმინს „ეგზისტენციალიზმი“. ტერმინი პირველად გამოიყენა ფრანგმა ფილოსოფოსმა გაბრიელ მარსელმა. იმ ცნობილ ფილოსოფოსთა შორის, რომლებიც საკუთარ თავს ეგზისტენციალისტებს უწოდებდნენ, იყვნენ: გერმანიაში ‒ კარლ იასპერსი, მარტინ ჰაიდეგერი და მარტინ ბუბერი; საფრანგეთში ‒ გაბრიელ მარსელია, ჟან-პოლ სარტრი, ჟან ვალი და ალბერ კამიუ; ესპანეთში ‒ ხოსე ორტეგა-ი-გასეტი და მიგელ დე უნამუნო და რუსეთში ‒ ნიკოლაი ბერდიაევი და ლევ შესტოვი.
ეგზისტენციალიზმი იყო როგორც ფილოსოფიური, ასევე ლიტერატურული მოვლენა. მაგალითად, სარტრის (რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტადაა აღიარებული ეგზისტენცილისტთაგან, თუმცა საკუთარ თავს ასე არ უწოდებდა) იდეები უფრო მეტად ცნობილია მისი მხატვრული შემოქმედებიდან, ვიდრე მისი ფილოსოფიური ნაშრომებიდან („ყოფიერება და არარაობა“ და „დიალექტიკური გონების კრიტიკა“).
ომის შემდგომ პერიოდში ტერმინმა „ეგზისტენციალიზმი“ გააერთიანა მთელი რიგი მწერლები და ხელოვანები. რეტროსპექტიულად: ფიოდორ დოსტოევსკი, ჰენრიკ იბსენი და ფრანც კაფკა; ასევე პარიზში მოღვაწე ჟან ჟენე, ანდრე ჟიდი და ანდრე მალრო, აგრეთვე სამუელ ბეკეტი. ნორვეგიელი კნუტ ჰამსუნი და რუმინელი ეჟენ იონესკო. ეგზისტენციალიზმის გაგებაში მოიაზრებიან მოქანდაკე და ფერმწერი ალბერტო ჯაკომეტი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი თანადამაარსებელი ჯექსონ პოლოკიც, ასევე მხატვრები არშილ გორკი და უილიამ დე კუნინგი; კინორეჟისორები ჟან-ლუკ გოდარდი და ინგმარ ბერგმანი.
შესაბამისად, დროდადრო გამოითქმის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ეგზისტენციალიზმი არის წარსულის კულტურული მოძრაობა და არა კონკრეტული ფილოსოფიური პოზიცია; ან ეს ტერმინი უნდა დავიყვანოთ მხოლოდ და მხოლოდ სარტრის ფილოსოფიამდე. მაგრამ ეს კონცეფცია ნამდვილად ეხება ფილოსოფიურ პრობლემათა განსაზღვრულ რიგს და გამოყოფს მე-20 და ახლა უკვე 21-ე საუკუნის ფილოსოფიური ძიების შედარებით გამოკვეთილ მიმდინარეობას, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თეოლოგიასა (რუდოლფ ბულტმანი, პოლ ტილიხი, კარლ ბართი და სხვები) და ფსიქოლოგიაზე (ლუდვიგ ბინსვანგერი, მედარდ ბოსი, ოტო რანკი, რ. დ. ლეინგი და ვიქტორ ფრანკლი).
ის, რაც ძიების ამ მიმდინარეობას გამორჩეულს ხდის, არის არა „არსებობასთან“ დაკავშირებული მისი ინტერესი ზოგადად, არამედ მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ადამიანის არსებობაზე ფიქრი მოითხოვს ახალ კატეგორიებს, რომლებსაც ვერ ვიპოვით ანტიკური თუ თანამედროვე აზროვნების კონცეპტუალურ რეპერტუარში; ადამიანი არ შეიძლება გაიგებოდეს, როგორც უცვლელ თვისებათა მქონე სუბსტანცია და არც სუბიექტი, რომელიც ურთიერთქმედებს ობიექტებით სავსე სამყაროსთან.
ეგზისტენციალური შეხედულების მიხედვით, იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის ადამიანი, საკმარისი არ გახლავთ ყველა ჭეშმარიტების ცოდნა, რასაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (მათ შორის, ფსიქოლოგია) გვეუბნება. დუალისტი, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანი შედგენილია დამოუკიდებელ სუბსტანციათაგან (გონებისა და სხეულისაგან), ამ მიმართებით ნამდვილად არ არის ფიზიკალისტზე უკეთესი, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანის არსებობა შეიძლება ადეკვატურად განიმარტოს სამყაროს ფუნდამენტურ ფიზიკურ შემადგენელთა მეშვეობით.
ეგზისტენციალიზმი არ უარყოფს ფიზიკის, ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის და სხვა მეცნიერებების ძირითად კატეგორიათა (მატერია, ძალა, ფუნქცია, მიზეზშედეგობრიობა, ორგანიზმი, განვითარება, მოტივაცია და ა.შ.) ნამდვილობას. ის მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ადამიანის სრულად გაგება ამ კატეგორიათა მეშვეობით.
ამგვარი გაგება ვერც იმ შემთხვევაში ვერ მიიღწევა, თუ ჩვენს მეცნიერულ სურათს მორალურ სურათსაც დავურთავთ თან. მორალური თეორიის კატეგორიები, როგორებიცაა განზრახვა, დადანაშაულება, პასუხისმგებლობა, მოვალეობა, სათნოება, ხასიათი და მსგავსნი, ნამდვილად მოიცავს ადამიანის მდგომარეობის მნიშვნელოვან ასპექტებს, მაგრამ არც მორალური აზროვნება (რომელსაც წარმართავს სწორისა და კეთილის ნორმები) და არც მეცნიერული აზროვნება (რომელსაც წარმართავს ჭეშმარიტების ნორმები) არ არის საკმარისი ამისათვის.
მაშასადამე, ეგზისტენციალიზმი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფილოსოფიური თეორია, რომელიც ამბობს, რომ ავთენტურობის/ნამდვილობის მიერ მართული დამატებითი კატეგორიებია საჭირო იმისათვის, რომ ჩავწვდეთ ადამიანის არსებობას.
წმინდა წერილის მიხედვით კი ადამიანი გაიგება, როგორც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი პიროვნება (დაბადება 1:27), რომელსაც აქვს მიზანი და დანიშნულება:
და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: ‘ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს
ჩვენი დანიშნულება ასევე გულისხმობს ღმერთთან ურთიერთობას და მის შემეცნებას. ადამიანის უმაღლესი დანიშნულება უფლის განდიდებაა:
ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
როგორი უნდა იყოს ქრისტიანების პასუხი ეგზისტენციალიზმის მტკიცებათა მიმართ? ერთი მხრივ, ქრისტიანი შეიძლება დაეთანხმოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოდერნიზმი ცრუ იმედს სთავაზობს ადამიანს იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ადამიანის გონებას შეეძლოს ნებისმიერი გამოწვევის მიღება და დაძლევა. მართლაც, წმინდა წერილის მიხედვით, არსებობს ბევრი რამ, რის დაძლევაც მხოლოდ ღვთის მადლით არის შესაძლებელი, მათ შორის, ადამიანის ცოდვისა და თავად სიკვდილის პრობლემები. ასევე, ქრისტიანები აღიარებენ, რომ სამყაროში უამრავი რამაა, რასაც ადამიანის გონება ვერ აღმოაჩენს და ვერ ჩასწვდება და რომლის შეცნობაც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ღმერთი ინებებს მათ გაცხადებას ჩვენთვის.
მეორე მხრივ, ქრისტიანი არ ეთანხმება ეგზისტენციალიზმის უიმედობას. ქრისტიანობა უდიდეს ყურადღებას ამახვილებს მომავლის ორ ასპექტზე. პირველი, ქრისტიანობის თანახმად, იქნება სამსჯავრო, რომელზეც პირვანდელ სახეს დაუბრუნდება ყოველივე, რაც დღეს ცოდვით დაცემული და სახეცვლილია, რადგან ქრისტე დაბრუნდება დროთა აღსასრულს, აღმოფხვრის ბოროტებას და იმეფებს ყოველივეზე.
მეორე, ქრისტიანული რწმენის მიხედვით, იმედით სავსე მომავალი ელოდებათ წინ იესო ქრისტეს მორწმუნეებს: აღდგომა, საუკუნო სიცოცხლე და საბოლოო განწმენდა. წმინდა წერილი მრავალგან საუბრობს მომავალთან დაკავშირებით. აი, ერთ-ერთი მუხლი:
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.
გამოყენებული წყაროები:
https://www.philosophybasics.com