რა არის ნიჰილიზმი?

3444 ნახვა
87 გაზიარება
0 კომენტარი

ნიჰილიზმი (ლათ: nihil – არაფერი) არის არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რომელიც უარყოფს ეთიკური ნორმების, ქცევის წესების და ზოგადად, ადამიანის არსებობის რაიმე აზრს. ნიჰილიზმის მიხედვით, ღმერთი არ არსებობს ან ის მკვდარია. ამ მსოფლმხედველობის თანახმად, სიცოცხლეს არ აქვს რაიმე უმაღლესი მიზანი და ის სრულიად ცარიელი და ამაოა.

ნიჰილიზმის ფუძემდებლად მიიჩნევა ფრიდრიხ ნიცშე, გერმანელი ფილოსოფოსი. თავის ნაშრომში “Will to Power” ის წერდა: „ყოველი რწმენა, რაღაცის ჭეშმარიტებად მიჩნევა, აუცილებლად სიცრუეა, რადგან ჭეშმარიტი სამყარო უბრალოდ არ არსებობს.“ ნიჰილიზმი უარყოფს ფასეულობებს და აცხადებს, რომ შეუძლებელია რაიმეს გაგება ან სხვისთვის გადაცემა. ნიჰილიზმის ფილოსოფია ასევე დაკავშირებულია უკიდურეს პესიმიზმსა და ცხოვრების შესახებ უაღრესად სკეპტიკურ დამოკიდებულებასთან.

ნიცშემ ნიჰილიზმი დეტალურად აღწერა, როგორც დასავლური კულტურის ფართოდ გავრცელებული ფენომენი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნება პერიოდულად გვხვდება ნიცშეს ნაშრომებში, იგი ამ ტერმინს სხვადასხვა ინტერპრეტაციით იყენებს, უმეტესად ნეგატიური მნიშვნელობით. ნიცშეს ფილოსოფია სავსეა ნგრევის პათოსით, მას სურს, დაამხოს ევროპული ცივილიზაციის ყველა ის ღირებულება, რომელიც მანამდე მიიჩნეოდა ადამიანთა მოქმედების უმაღლეს და მყარ საზომად.

ნიცშემ დარვინისაგან ღვთისა და ზნეობრივი მორალის არარსებობის თეორია რომ მიიღო, თავისი ანტიქრისტიანული მსოფლმხედველობაც ჩამოაყალიბა და ახალი ადამიანის ფორმირებაზეც ალაპარაკდა. „ყველა ღმერთი მკვდარია, – ამბობს ნიცშე, – აწ ჩვენ გვსურს, რომ იცხოვროს ზეადამიანმა (სუპერადამიანმა)“.

მისი შეხედულებით ახალი ადამიანი წარსულს მოწყვეტილი „თავისუფალი მოაზროვნეა“ და სკეპტიკოსი, რომელიც გულგრილია ჭეშმარიტებისადმი და გახსნილი ნებისმიერი ახალი ინტელექტუალური მოდისათვის. იგი მზად არის ყოველგვარი სიახლის მისაღებად, დროის ადამიანია, სინდისს, ღირსებას, სულიერ ფასეულობებს მოკლებული. მასში წაშლილია ჭეშმარიტი ორიენტირები და ბატონობს სურვილი, დაეუფლოს ყველაფერს, რაც სამყაროშია. სძაგს ნებისმიერი შეზღუდვა, რადგან საკუთარი თავისთვის თვითონვეა ერთადერთი ღმერთი. სწორედ ასეთი ტიპის ადამიანის ჩამოყალიბებისათვის იბრძოდნენ ნიცშე, მარქსი და დარვინი.

არსებობს ნიჰილიზმის რამდენიმე ფორმა.

ეთიკური/მორალური ნიჰილიზმი არის ე.წ. მეტაეთიკური ხედვა, რომელიც უარყოფს ეთიკურ/მორალურ ნორმათა არსებობას. არ არსებობს რაიმე მორალური ან ამორალური. ფასეულობათა დაყოფა „ბოროტად“ და „კეთილად“ ბუნდოვანია და ზოგადად, ფასეულობანი უბრალოდ სოციალურ და ემოციურ ზეწოლათა შედეგია. მაგალითად, ეთიკური ნიჰილიზმი მიიჩნევს, რომ მკვლელობა (მიუხედავად მიზეზისა და გარემოებისა) არ შეიძლება ჩაითვალოს კარგ ან ცუდ ქმედებად.

ეგზისტენციალური ნიჰილიზმი აცხადებს, რომ სიცოცხლეს არავითარი აზრი და დანიშნულება არ გააჩნია. ამ შეხედულების მიხედვით, ცალკეული ადამიანი თუ მთლიანად ადამიანთა მოდგმა უმნიშვნელოა და არ გააჩნია დანიშნულება. ყველანაირი ადამიანური განცდა: სიყვარული და სიხარული, ტკივილი და ტანჯვა აზრსაა მოკლებული და არსებობას თავისთავად არ აქვს მიზანი.

ოლიტიკური ნიჰილიზმი ქადაგებს ყოველი არსებული პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური ინსტიტუტის გაუქმებას, რაც იქნება წინაპირობა საზოგადოებაში ნებისმიერი წინსვლისათვის.

ეპისტემოლოგიური ნიჰილიზმი უარყოფს ჭეშმარიტების და ცოდნის არსებობის ნებისმიერ შესაძლებლობას. ის ასევე უარყოფს ზუსტ მეცნიერებასაც. მაგალითად, რატომ არის 2+2=4, ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ ეს მათემატიკური აქსიომაა და მას დამტკიცება არ სჭირდება. ნიჰილისტს ეს პასუხი არასოდეს დააკმაყოფილებს. ეპისტემოლოგიური ნიჰილიზმი საუბრობს სიმართლის არარსებობაზე და იმაზე, რომ ადამიანს არ აქვს უნარი სიმართლის დამტკიცებისა. ეს შეხედულება ხშირად უკიდურესი სკეპტიციზმით შეპყრობილ ადამიანებს ახასიათებთ. მაგალითად, არსებობს ასეთი კლასიკური შეკითხვა: „თუ ტყეში ხე დაეცემა და ვერავინ გაიგონებს ხმას, მაშ, ხმა საერთოდ იყო?“ ნიჰილისტი კი ამ შეკითხვის პასუხად ასე იკითხავს: „ხე არსებობდა საერთოდ?“ ნიჰილისტი ამტკიცებს იმას, რომ ჭეშმარიტების აღქმა არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ ის საერთოდ არც არსებობს და არ არის რეალური.

მერეოლოგიური (კომპოზიციური) ნიჰილიზმი აცხადებს, რომ ნაწილებისგან/ფრაგმენტებისგან შემდგარი ობიექტები არ არსებობენ. არსებობენ მხოლოდ ძირითადი ობიექტები, რომლებიც არ შედგებიან ნაწილებისგან. მაგალითად, არ არსებობს ადამიანი. ადამიანი არის სხვადასხვა ორგანოს ერთობლიობა, რომელთაგან თითოეული, თავის მხრივ, შედგება ქსოვილებისაგან და ა.შ. არ არსებობს საზოგადოება –  ეს არის ცალკეულ ადამიანთაგან შემდგარი ერთობა.

ამ შეხედულების საპირისპიროდ, ქრისტიანებმა დარწმუნებით იციან, რომ ნიჰილიზმი ცრუ ფილოსოფიაა და რომ ჭეშმარიტება, ცოდნა, რწმენა და ფასეულობანი ნამდვილად არსებობს და მათი წყარო გახლავთ ღმერთი, ყოველი ცოდნისა და ჭეშმარიტების წყარო, რომელიც იძლევა რწმენას და რომლისგანაც მომდინარეობს ყოველივე ღირებული. არსებობს ის, ვინც ყოველგვარ ურწმუნოებაზე უფრო დიდია, ვინც კაცობრიობას თავისი დიდი სიყვარულით შეეხო:

ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა, იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. 1 იოანე 5:20 | საპატრიარქოს გამოცემა

საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს. იოანე 17:3 | საპატრიარქოს გამოცემა

ქრისტიანებს გვაქვს რწმენა და შინაგანი დამოწმება იმისა, რომ ღმერთი სწორედ ის არის და ისეთია, როგორც გვეუბნება საკუთარი თავის შესახებ და ყოველთვის აღასრულებს იმას, რასაც ამბობს.

ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ ღმერთი. ვინძლო იგრძნონ იგი და იპოვონ, თუმცაღა შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ… ჩვენ მისი მოდგმა ვართ. საქმე მოციქულთა 17:24-28 | სბს–სტოკჰოლმი 2001

 წყარო