რედუქციონიზმი (ლათ. reductio ‒ დაბრუნება, დაყვანა) არის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ რთული მოვლენების ახსნა შესაძლებელია უფრო მარტივი მოვლენებისათვის დამახასიათებელი თვისებების მეშვეობით (მაგალითად, სოციოლოგიური მოვლენები შეიძლება განიმარტებოდეს ბიოლოგიური ან ეკონომიკური კანონებით; ანდა ადამიანის ტვინის ურთულესი აგებულების გაგება შესაძლებელია, თუკი ტვინში მიმდინარე ცალკეულ ქიმიურ რეაქციებს შევისწავლით). რედუქციონიზმი შეიძლება მიემართებოდეს ნებისმიერ მოვლენას: საგნებს, პრობლემებს, თეორიებს და მნიშვნელობებს.
რედუქციონიზმისთვის აბსოლუტია რედუქციის პრინციპი (რთული დაიყვანება მარტივამდე, უმაღლესი ‒ უდაბლესამდე) და უგულებელყოფს ემერჯენტულ თვისებათა წარმოქმნას უფრო მაღალგანვითარებულ სისტემებში.
რედუქციონიზმმა, როგორც ფილოსოფიურმა მიდგომამ, შეავიწროვა ჰოლიზმი ‒ შეხედულებათა სისტემა, რომელიც იმ დროს არ იყო გამოყოფილი, როგორც ცალკეული მსოფლმხედველობა, მაგრამ გაბატონებული გახლდათ ევროპულ აზროვნებაში XVII საუკუნემდე.
სამყაროსადმი რედუქციონისტული მიდგომის პირველი თანმიმდევრული გამომხატველი და ანტიკური ფილოსოფოსის, დემოკრიტეს გამგრძელებელი გახლდათ რენე დეკარტი (1596-1650). ის თავის ერთ-ერთი ნაშრომში (Discourses, ნაწილი მე-5) წერდა, რომ სამყარო მექანიზმივით არის, რომლის ნაწილებიც საათის მექანიზმს ჰგავს და მის გასაგებად საჭიროა მისი ნაწილებად დაშლა, მათი შესწავლა და შემდეგ თავის ადგილზე დაბრუნება დიდი სურათის დასანახად.
ნებისმიერი სისტემის მნიშვნელობა დამოკიდებულია არა სისტემისათვის დამახასიათებელ თვისებებზე, არამედ მის ცალკეულ ნაწილებსა და მათ შორის არსებულ ურთიერთმიმართებაზე. მაგალითად, რედუქციონისტმა მდინარე შეიძლება აღწეროს, როგორც „მეტი არაფერი“, თუ არა წყლის მოძრავ მოლეკულათა დიდი რაოდენობა; წიგნი, როგორც „მეტი არაფერი“, თუ არა ქაღალდზე მელნით აღბეჭდილი სიმბოლოები.
სულიერი თვალსაზრისით რომ შევხედოთ, რედუქციონისტმა შეიძლება უკუაგდოს სულიერი გამოცდილების ნამდვილობა და თქვას: „თქვენი რელიგიური შეხედულებანი მეტი არაფერია, თუ არა ადამიანური ევოლუციის, კულტურული მითოლოგიის და თქვენი საკუთარი ფსიქოლოგიური გამოგონების ერთობლიობა.“
რედუქციონიზმზე ფიქრისას ორი მნიშვნელოვანი აზრი ჩნდება გონებაში. პირველი შეეხება განმარტებებსა და ფასეულობებს შორის არსებულ განსხვავებას. განმარტებას იმის შესახებ, თუ როგორ ან რა მიზეზით წარმოიქმნება ესა თუ ის რაღაც, რედუქციონიზმი იყენებს იმისათვის, რომ უკუაგდოს ამ რაღაცის ფასეულობა. მაშასადამე, მორალი „მეტი არაფერია“, თუ არა სოციალური კონსტრუქცია. სიყვარული „მეტი არაფერია“, თუ არა ქიმიური რეაქცია. დნმ „მეტი არაფერია“, თუ არა მოლეკულების გაუგებარი, დახლართული განლაგება. რედუქციონიზმის მიხედვით, სიყვარულს, დნმ-ს თუ მორალს არ გააჩნია არავითარი დამახასიათებელი ფასეულობა თუ მნიშვნელობა, რაკიღა შესაძლებელია მათ შემადგენელთა გაშიფვრა და განმარტება.
რედუქციონიზმის ამგვარი ფორმა, ფაქტობრივად, საკუთარ თავს აბათილებს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი შედგება ფურცლებისა და მათზე მელნით აღბეჭდილი ნიშნებისგან, უზარმაზარი განსხვავებაა შემთხვევითი სიტყვების ერთობლიობასა და რომანს შორის. რედუქციონისტები აღიარებენ, რომ საგნების აგებულებისა და განლაგების შესახებ მსჯელობა მნიშვნელოვანია, თუმცა მოწყობასა (დიზაინი) და ინფორმაციასთან დაკავშირებული ცნებები გამოწვევაა რედუქციონისტული მსოფლმხედველობისათვის. ეს კი ბევრ რედუქციონისტს უბიძგებს იმისკენ, რომ უბრალოდ უკუაგდოს მოწყობისა და ინფორმაციის შესახებ იდეები და ისინი წარმოსახვის ნაყოფად გამოაცხადოს: თუკი რაღაცის ახსნა შეუძლებელია, მაშ, ეს რაღაც არ არსებობს; თუ რაღაცის ახსნა შესაძლებელია, მაშ, ამ რაღაცას მნიშვნელობა არ აქვს და ასე შემდეგ.
მეორე საკითხი, რაზეც უნდა დავფიქრდეთ რედუქციონიზმთან დაკავშირებით, არის განსხვავება მთელის ნაწილების მახასიათებელთა და მთელის მახასიათებელთა შორის. ზოგიერთი კომპონენტის შერევის შედეგად წარმოიქმნება ისეთი თვისებები, რომლებიც არცერთ ცალკე აღებულ შემადგენელს არ გააჩნია. მაგალითად, ლითონების შენადნობებს ხშირად ისეთი თვისებები ახასიათებს, რომლებიც შენადნობში შემავალ არცერთ ლითონს არ აქვს ცალკე აღებულს.
სუფრის მარილის (ნატრიუმის ქლორიდი ‒ შედგება ნატრიუმისა და ქლორისგან) თვისებები სრულიად განსხვავდება შემადგენელი ელემენტების თვისებებისგან. ცალკე აღებული თითოეული შემადგენელი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ერთმანეთთან შერევით ისინი ქმნიან სუფრის მარილს, რასაც ყოველდღიურად იყენებენ ადამიანები საკვებისათვის გემოს მისაცემად.
რედუქციონიზმი სათავეს იღებს მოსაზრებიდან იმის შესახებ, რომ თუ რაღაც არ მესმის, მისი გაგება შეუძლებელია და რაც მესმის, ის ჩემზე დაბლა დგას.
რედუქციონიზმი, როგორც ფილოსოფიური შეხედულება, ეწინააღმდეგება წმინდა წერილს. ბიბლიის მიხედვით, ადამიანი ფიზიკურად მიწის მტვრისაგან შეიქმნა (დაბადება 2:7), თუმცა ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ვართ, ვიდრე უბრალოდ მიწის მტვერი. ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე სხეულისა და სულის შემთხვევითი, აზრს მოკლებული ერთობლიობა. ჩვენ ვართ მთლიანობის მქონე პიროვნებები, უნიკალურად შექმნილნი ღვთის მიერ (დაბადება 1:27).
უფრო მეტიც, ბიბლიური კონცეფცია სამების შესახებ უპირისპირდება რედუქციონიზმს: ღმერთის, როგორც სამი პიროვნების ერთ არსში არსებობა აბათილებს რედუქციონიზმისათვის დამახასიათებელ შეხედულებას მთელისა და ნაწილების განმარტების შესახებ.
გამოყენებული წყაროები:
https://www.philosophybasics.com/