ქრისტიანული ათეიზმი, რომელსაც ასევე არარეალისტური ქრისტიანობა ეწოდება, გახლავთ კვაზისულიერი ფილოსოფიის უცნაური ფორმა, რომელიც ინარჩუნებს ქრისტიანობის ფორმებსა და ჩვეულებებს, მაგრამ ამავდროულად, უარყოფს ღმერთის არსებობას. ქრისტიანი ათეისტები ცდილობენ ქრისტიანობის „დემითოლოგიზაციას“; ამისათვის ისინი უარყოფენ ყოველივე ზებუნებრივს, თუმცა ინარჩუნებენ ლიტურგიებს და ერთობლივი თაყვანისცემის პრაქტიკას, რადგან ეს გახლავთ სოციალიზიაციისადმი ადამიანის მოთხოვნილება და დიადი იდეების გაცვლა-გამოცვლის საშუალება.
ქრისტიანული ათეიზმი სათავეს იღებს 1960-იანი წლების მოძრაობიდან, რომელსაც „ღმერთის სიკვდილი“ ეწოდებოდა და რომელიც ამტკიცებდა, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობდა ერთ დროს, თუმცა მოკვდა. ამ მოძრაობის მომხრეთა თანახმად, როცა ღმერთი განკაცდა და ჯვარზე აღესრულა, ღმერთმა შეწყვიტა არსებობა, როგორც სამყაროსაგან დამოუკიდებელმა არსებამ. ეს გახლდათ ტომას ოლტაიზერის შეხედულება, რომელმაც თავის სისტემატურ თეოლოგიაში გააერთიანა ფრიდრიხ ნიცშეს კონცეფცია „ღმერთის სიკვდილის“ შესახებ და გ. ვ. ჰეგელის ფილოსოფია. ქრისტიანული ათეიზმის თანამედროვე მიმდევრები უფრო მეტად ათეისტები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და მიაჩნიათ, რომ ღმერთს არასოდეს უარსებია. რასაკვირველია, იესო ქრისტეს პიროვნება არც ქრისტიანულ ათეიზმშია ღვთიური.
ქრისტიანული ათეიზმის (ეზოთერულ სულიერ მიდგომათა მსგავსად) მოკლედ განმარტება შეიძლება რთული აღმოჩნდეს. არ არსებობს ერთი კონკრეტული განსაზღვრება, რომელიც ქრისტიანული ათეიზმის შესახებ არსებულ მრავალ ინტერპრეტაციას გააერთიანებდა. ფართო გაგებით, ქრისტიანული ათეიზმი არის სულიერი მიდგომა, რომელიც იყენებს იესო ქრისტეს სწავლებასა და მაგალითს და ამავდროულად, უარყოფს ღმერთის არსებობას.
შედეგად, ქრისტიანული ათეიზმი ყურადღებას მთლიანად ამქვეყნიურ საზრუნავზე, ამქვეყნიურ გამართლებაზე ამახვილებს. რელიგია წმინდა ადამიანური მცდელობაა და ღმერთიც მხოლოდ პიროვნების გონების პროექციაა. რწმენა იმქვეყნიურ სიცოცხლესთან დაკავშირებით შეუსაბამოა ქრისტიანული ათეიზმისათვის. ფაქტობრივად, ქრისტიანული ათეიზმი ამტკიცებს, რომ ქრისტიანობა, სხვა რელიგიათა მსგავსად, მეტი არაფერია, თუ არა „კეთილმოსურნე სიცრუე“, შეთხზული ამბავი, რაც ადამიანს უადვილებს ცხოვრების გაგებას და მართვას.
ეს ყველაფერი თეორიულად ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკულად ქრისტიანული ათეიზმი უბრალოდ ათეიზმია. ქრისტიანული ათეიზმი არის არარელიგიური, არასულიერი და არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რომელსაც ნასესხები აქვს ბიბლიური ტერმინოლოგია, თუმცა არ სწამს ბიბლიის. არარეალისტური ქრისტიანობა სრულებითაც არ გახლავთ ქრისტიანობა.
შემაშფოთებელი ის არის, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც თავს ორთოდოქს ქრისტიანად მიიჩნევს, თუმცაღა ქრისტიანული ათეიზმისათვის დამახასიათებელი შეხედულებები აქვს. ადვილია ისეთ სამღვდელო პირთა პოვნა, რომლებსაც არ სწამთ, რომ იესო ქრისტე ნამდვილად ღმერთი იყო (და არის). ბევრ ეკლესიაში ასწავლიან, რომ იესო ქრისტე მხოლოდ ზნეობის კარგი მოძღვარი იყო და მეტი არაფერი. ზოგი მორწმუნე მონაწილეობს ღვთისმსახურებისას აღსრულებულ რიტუალებში, თუმცა არც მალავს, რომ ეჭვი ეპარება ღმერთის არსებობაში. როგორც ჩანს, ქრისტიანული ათეიზმი სულაც არ არის უჩვეულო მიდგომა დღევანდელობისათვის და ცხადია, რომ არარეალისტურმა ქრისტიანობამ უკვე გაიკვალა გზა ეკლესიაში.
წმინდა წერილი გვაფრთხილებს მათ შესახებ, ვისაც:
ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ, ასეთებს ერიდე.
ქრისტიანული ათეიზმი უარყოფს ღმერთს, უარყოფს მამასა და ძეს, შესაბამისად, უარყოფს ჭეშმარიტებას; წმინდა წერილის მიხედვით კი:
ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი.
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე სოფელშია.
ქრისტიანი ათეისტები საკუთარ თავს ინტელექტუალ სოფისტებად მიიჩნევენ, რომლებიც იმ „რიგით მორწმუნეებზე“ უფრო ბრძენნი არიან, რომლებსაც სწამთ, რომ ღმერთი რეალურია და რომ ბიბლიაში აღწერილი სასწაულები ნამდვილად მოხდა. იმას, რაც ქრისტიანული ათეიზმისათვის „ზღაპრებია“, წმინდა წერილი „მრავალ სარწმუნო ნიშანს“ უწოდებს (მოციქულთა საქმეები 1:3), ხოლო იმას, რასაც ქრისტიანული ათეიზმი ინტელექტუალურად აღმატებულ პოზიციად მიიჩნევს, ბიბლია მას „უგუნურებას“ უწოდებს.
თქვა უგუნურმა თავის გულში: “არ არის ღმერთი.”
წყარო: https://www.gotquestions.org