ქრისტოლოგია (ბერძნ. Χριστός Khristós და -λογία, -logia) სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქრისტეს სწავლას“. ეს არის სისტემატური ღვთისმეტყველების ნაწილი, რომელიც შეისწავლის იესო ქრისტეს ბუნებას (პიროვნებას) და საქმეს (ხსნაში შესრულებულ როლს). ის შეისწავლის ქრისტეს ღვთაებრიობას და ადამიანურობას და ასევე, კავშირს ამ ორ ასპექტს შორის; ასევე იმას, თუ რა როლს ასრულებს ქრისტე ხსნის საქმეში.
იესო ქრისტეს პიროვნება
ბიბლიის სწავლების თანახმად, იესო ქრისტე სრული ღმერთი და სრული კაცია ერთ პიროვნებაში და ასე იქნება მუდამ.
I. იესო ქრისტეს ადამიანური ბუნება
ა. რას ამბობს ბიბლია იესოს, როგორც ადამიანის შესახებ?
ქრისტეს ადამიანურობაზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, მის ქალწულებრივ შობას უნდა შევეხოთ. წმინდა წერილი მკაფიოდ გვეუბნება იმის შესახებ, რომ იესო თავისი დედის, მარიამის საშოში სულიწმიდის სასწაულებრივი მოქმედების შედეგად ჩაისახა, ხორციელი მამის გარეშე (მათე 1:18). ამავეს შესახებ ვკითხულობთ ლუკას სახარებაშიც (ლუკა 1:35; შდრ. 3:23). ქალწულებრივი შობის დოქტრინალური მნიშვნელობა, სულ მცირე, სამ სფეროში ჩანს:
1. ის გვიჩვენებს, რომ ხსნა უფლისგან უნდა მოვიდეს.
და როცა მოვიდა სისავსე ჟამისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა, და დაემორჩილა იგი რჯულს რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო შვილობა.
2. ქალწულებრივი შობის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ერთ პიროვნებაში სრული ღვთაებისა და სრული ადამიანურობის გაერთიანება.
3. ქალწულებრივი შობის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ქრისტეს ნამდვილი, სრული ადამიანურობა, მაგრამ მემკვიდრეობით გადმოცემული ცოდვის გარეშე (ლუკა 1:35).
წმინდა წერილიდან ვხედავთ, რომ იესოს ჰქონდა სრული ადამიანური ბუნება. უპირველესად, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ჰქონდა ადამიანური სხეული: სისხლი და ხორცი. „ღმერთი გამოჩნდა ხორცში“ (1-ლი ტიმოთე 3:16); „სიტყვა იქმნა ხორცი“ (იოანე 1:14; იხ. ებრაელთა 10:5). ამრიგად, იესოს ჰქონდა ყველა ის ფიზიკური შეზღუდვა და მოთხოვნილება, რაც ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ჩასახვასა და დაბადებას შორის პერიოდში იესო დედის მუცელში იმყოფებოდა ნებისმიერი სხვა ჩვილის მსგავსად (მათე 1:18; ლუკა 2:5). დრო რომ მოვიდა, ის იშვა „დედაკაცისაგან“ (გალატელთა 4:4; იხ. ლუკა 2:7). დაბადების შემდეგ მას, სხვა ჩვილთა მსგავსად, სჭირდებოდა ზრუნვა (ლუკა 2:7,12) და დაცვა (მათე 2:13-15). ყრმა იესო „იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე“ (ლუკა 2:40) და ვითარდებოდა ფიზიკურად.
ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.
ქრისტე გრძნობდა ფიზიკურ დაღლილობას (იოანე 4:6), სჭირდებოდა ძილი (მათე 8:24; ლუკა 8:23). მის სხეულს სჭირდებოდა საკვები და წყალი; მან იცოდა, რა იყო შიმშილი (მათე 4:2; 21:18) და წყურვილი (იოანე 19:28). მისი სხეული განიცდიდა ტკივილს და დაუცველი იყო სიკვდილის მიმართ. ის ვერ შეძლებდა გამოსყიდვის საქმის აღსრულებას, რომ არ დატანჯულიყო და არ მომკვდარიყო (ებრაელთა 2:14-15).
იესოს ადამიანური ბუნება ნიშნავს იმასაც, რომ მას არა მხოლოდ სხეული, არამედ გრძნობები და ემოციებიც ჰქონდა. ის განიცდიდა თანაგრძნობას გასაჭირში მყოფთა მიმართ (მათე 15:32; მათე 14:14; 20:34; მარკოზი 1:41; ლუკა 7:13; მარკოზი 6:34). იესო გრძნობდა სიყვარულს გარშემო მყოფებისადმი (მარკოზი 10:21; იოანე 11:5; იოანე 13:1,34; 15:9-13). მას შეეძლო, განრისხებულიყო (მარკოზი 3:5; იხ. გამოცხ. 6:16-17). ის გრძნობდა სიხარულს (იოანე 15:11; 17:13). მისთვის ნაცნობი იყო ტანჯვა და მწუხარებაც (მარკოზი 3:5; 7:34); ხანდახან ცრემლსაც ვერ იკავებდა (ლუკა 19:41; იოანე 11:35). მას უკვირდა (მათე 8:10; მარკოზი 6:6) და ასევე, განიცდიდა შეშფოთებას (იოანე 11:33; იოანე 12:27; იოანე 13:21) (ბერძნულ ორიგინალში, სამივე მუხლში, ერთი და იგივე სიტყვაა გამოყენებული).
ბ. იესოს უცოდველობა
წმინდა წერილი ამოწმებს ქრისტეს შესახებ, რომ ის იყო „გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა“ (ებრაელთა 4:15). მას არასოდეს შეუცოდავს (1-ლი პეტრე 2:22), მან არ იცოდა ცოდვა (მე-2 კორინთელთა 5:21) და მასში არ არის ცოდვა (1-ლი იოანე 3:5). იესო ერთადერთია, ვინც შეძლო ჭეშმარიტი და სრულყოფილი ადამიანური ბუნების შენარჩუნება.
მისი უცოდველი ცხოვრების მიზანი იყო ის, რომ ღვთის მოსაწონ მსხვერპლად შეწირულიყო ადამიანთა ცოდვების გამო. ის უმანკო და წმინდა კრავი გახლდათ (1-ლი პეტრე 1:19). მას რომ ერთხელ მაინც ჩაედინა ცოდვა, ვერ გახდებოდა კაცობრიობის მხსნელი.
გ. ერეტიკული შეხედულებანი იესოს ადამიანური ბუნების შესახებ
იესოს ადამიანურ ბუნებასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ერესი არსებობდა. ერთ-ერთი იყო დოკეტიზმი (ბერძნ. dokeo – „ჩვენება, მოჩვენება“) (I ს-ის ბოლო – II ს-ის დასაწყისი), რომლის მიხედვითაც იესოს არ ჰქონდა ადამიანური სხეული; ეს მხოლოდ ილუზია იყო.
ეს შეხედულება წარმოიშვა გნოსტიკური დუალიზმის გავლენით, რომლის თანახმადაც ფიზიკურ სამყაროში არსებული ყოველივე მატერიალური ბოროტებაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სულსა და ჭეშმარიტ ღმერთთან. სწორედ ამიტომაც დოკეტიზმის მიმდევრები ამბობდნენ, რომ იესო თუ ნამდვილად იყო ღმერთი, კეთილი და ჭეშმარიტი მხსნელი, მაშინ მას არ შეეძლო, ჰქონოდა ფიზიკური სხეული, რადგან სხეული მატერიალურია და შესაბამისად, ბოროტებაა.
ეს შეხედულება უკვე პირველი საუკუნის დასაწყისში ჩაისახა და როგორც ჩანს, სწორედ ამის წინააღმდეგ აფრთხილებდა იოანე მოციქული ქრისტიანებს (1-ლი იოანე 4:1-3; იხ. იოანე 1:14; ლუკა 24:38-39).
იესოს ადამიანურ ბუნებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ერესი იყო აპოლინარიზმი. სახელწოდება მომდინარეობს ეპისკოპოს აპოლინარიუსის სახელიდან, რომელიც მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა ლაოდიკიაში. მისი სწავლების მიხედვთ, იესოს ნამდვილი ფიზიკური სხეული ჰქონდა, თუმცაღა მისი გონება და მშვინვა არ იყო ადამიანური, რადგან იესოს არსებაში „ლოგოსმა“ − ღვთაებრივმა დაიკავა ადამიანური გონებისა და მშვინვის ადგილი.
ადრეულმა ეკლესიამ უარყო ესეც და სხვა ერეტიკული შეხედულებებიც, რომლებიც უარყოფდა ქრისტეს ადამიანური ბუნების სისრულეს.
დ. რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი იესოს ადამიანური ბუნების სისრულე?
უპირველეს ყოვლისა, მხოლოდ ადამიანური სხეულის მქონეს შეეძლო საკუთარი სიცოცხლის გაწირვა (ებრაელთა 2:14; 9:22) და შემდეგ სხეულებრივად აღდგომა მკვდრეთით (იხ. 1-ლი კორინთელთა 15:12-19).
ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ − მკვდრეთით აღდგომა.
მეორე, იესოს ადამიანური ბუნების სისრულეზეა დამოკიდებული ჩვენი ხსნის სისრულე. ადრეული ეკლესია სწორად ასწავლიდა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი იესოს არ ექნებოდა ადამიანური ბუნების რომელიმე ასპექტი, ის ვერ შეძლებდა ამ ასპექტის გამოსყიდვას. ეს ეხება არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულსაც და მშვინვასაც. მთელი ჩვენი არსება ცოდვის მიერაა შერყვნილი და ამიტომაც, ღვთისმიერი ხსნა მთლიან ადამიანს სჭირდება.
მესამე, ქრისტე სრული ადამიანი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ შუამდგომელი გამხდარიყო ჩვენსა და მამას შორის (1-ლი ტიმოთე 2:5).
II. იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება
იესო არა მხოლოდ სრული კაცი, არამედ სრული ღმერთიც იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰქონდა სრული ღვთაებრივი ბუნება. ამის შესახებ მკაფიოდ გველაპარაკება ახალი და ძველი აღთქმა, თუ ამ უკანასკნელს ახალაღთქმისეული გამოცხადების სინათლეზე წავიკითხავთ.
ა. იესოს ღვთაებრიობა ძველ აღთქმაში
ღმერთმა ახალი აღთქმის დაწერამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა თავის ხალხს მესიის/გამომსყიდველის წარმოგზავნა, რომელსაც ღვთაებრივი ბუნება ექნებოდა. ძველი აღთქმის კვლევისას იკვეთება წინასწარმეტყველებანი ორი ურთიერთდაკავშირებული თემის შესახებ.
უპირველესად, „მოვა მხსნელი სიონისათვის“ (ესაია 59:20). ეს იყო წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ღმერთი მხსნელს წარმოგზავნიდა თავისი ერისათვის. აღდგებოდა ღვთის ცხებული, რომელიც იმეფებდა დავითის ტახტზე (ესაია 9:6-7; 11:1-5) და თავის ერს მშვიდობას და თავისუფლებას მოუტანდა (ესაია 61:1-9).
მეორე, ძველი აღთქმა წინასწარმეტყველებს, რომ თავად ღმერთი მოვა თავისი ერის სახსნელად (ესაია 40:1,3; იხ. ესაია 60:1-2).
’აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემ წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ…’ − ამბობს ცაბაოთ უფალი.
ძველი აღთქმის მრავალ ადგილას ხშირად ურთიერთგადაჯაჭვულია ეს ორი თემა, სადაც საუბარია მომავალ მესიაზე, როგორც ღმერთზე. მხოლოდ ძველი აღთქმის შესწავლითაც კი ცხადი ხდება, რომ წინასწარმეტყველები მომავალ მესიას თავად ღმერთთან აიგივებდნენ.
ბ. იესო ქრისტეს ღვთაებრიობა ახალ აღთქმაში
ახალ აღთქმაში პირდაპირ არის დაწერილი, რომ იესო ნაზარეველი იყო მესია, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებდნენ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები. ახალი აღთქმის ავტორები ძველ აღთქმას იმოწმებენ იესო ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ წერისას. გარდა ამისა, ახალ აღთქმაში ქრისტეს ღვთაებრიობის უამრავ დადასტურებას ვპოულობთ.
1. იესოს ღვთიური სახელები
უპირველეს ყოვლისა, იესოს ღვთაებრიობაზე მოწმობს მისი რამდენიმე სახელი, რომელსაც ახალ აღთქმაში ვხვდებით. იესო მოიხსენიება „უფლად“ (ბერძნ. kyrios). ეს ტიტული ხუთასჯერ მაინც გხვდება იესოსთან მიმართებით. ზოგ შემთხვევაში სიტყვით kyrios ითარგმნება ძველებრაული სიტყვები ‘adonai (უფალი) და elohim (ღმერთი), მაგრამ ყველაზე ხშირად (ექვსი ათასზე მეტ შემთხვევაში) ამ სიტყვით ითარგმნება სიტყვა „იაჰვე“, თავად ღმერთის სახელი. აღსანიშნავია, რომ ახალი აღთქმის ავტორები ძალიან ხშირად იყენებდნენ ტიტულს kyrios იესოსთან მიმართებით. მოციქული თომა მიმართავს მას:
უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!
იესოს ღვთაებრიობაზე მოწმობს კიდევ ერთი სახელი − „კაცის ძე“. დანიელის 7:13-14-ის მიხედვით, კაცის ძე ზეცაში მიდის „დღეებით ძველთან“. სავარაუდოდ, აქ დანიელი წინასწარმეტყველებს მკვდრეთით აღმდგარი და განდიდებული უფალი იესოს შესახებ. სწორედ ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იესო ყველაზე ხშირად სწორედ „კაცის ძეს“ უწოდებს საკუთარ თავს.
კიდევ ერთი ტიტული, რომელიც იესოს ღვთაებრიობის შესახებ მეტყველებს, არის „ღვთის ძე“. იესოს დროს ებრაელები სიტყვათშეთანხმებას „ღვთის ძე“ იყენებდნენ, როგორც ღვთის სახელს. ახალ აღთქმაში ეს წოდება ხშირად გამოიყენება იესოსთან მიმართებით. „აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: ‘ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე’“ (მათე 3:17; იხ. აგრეთვე იოანე 3:16; 1-ლი იოანე 4:8; მათე 16:16; მარკოზი 3:11; მარკოზი 5:6-7). ორჯერ, როდესაც იესომ ღმერთი საკუთარ მამად მოიხსენია, ის ღვთის გმობაში დაადანაშაულეს და მისი ჩაქოლვა სურდათ, რადგან „ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა“ (იოანე 5:18; იხ. იოანე 10:33, 36).
2. იესოს ღვთიური საქმეები
ახალი აღთქმა მოწმობს იმ გასაოცარ საქმეთა შესახებ, რომელთაც აღასრულებდა იესო და რომელთა აღსრულებაც მხოლოდ ღმერთს ხელეწიფებოდა.
უპირველეს ყოვლისა, იესო წარმოგვიდგება, როგორც სამყაროს შემოქმედი:
ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი − ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
იხ. აგრეთვე იოანე 1:3; 1-ლი კორ. 8:6; ებრაელთა 1:2.
წმინდა წერილში ასევე ვხედავთ, რომ იესო მონაწილეობს ღვთის ჩანაფიქრში (კოლასელთა 1:17; ებრაელთა 1:3). მხოლოდ ყოვლისმპყრობელ შემოქმედს შეუძლია არაფრისგან შექმნილი სამყაროს არსებობის შენარჩუნება.
ხსნა არის საქმე, რომლის აღსრულებაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს და ეს საქმე იესომ მოიმოქმედა. ახალი აღთქმა მას 16-ჯერ უწოდებს „მხსნელს“.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ცოდვების მიტევების ძალაუფლება, რომელსაც ფლობდა იესო (მარკოზი 2:10). ამ ძალაუფლების გამოვლინებას იუდეველები ღვთის გმობასთან ათანაბრებდნენ, რადგან მათ მიაჩნდათ:
ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?
3. იესოს თაყვანისცემა
ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ ყოველივე ზემოთქმულს თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ მას ისეთივე თაყვანისცემა ეკუთვნის, როგორც მამას. იესო თავად ამბობს, რომ ყველამ ისეთივე პატივი უნდა სცეს ძეს, როგორიც მამას (იოანე 5:23); ის ასევე იღებს მოციქულ თომას თაყვანისცემას (იოანე 20:28). ფილიპელთა მიმართ წერილში კი ვკითხულობთ, რომ ყველამ მუხლი უნდა მოიდრიკოს ქრისტეს სახელის წინაშე და ყველა ენამ უნდა აღიაროს იგი უფლად (ფილიპელთა 2:10-11).
გ. ერეტიკული შეხედულებანი ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ
ამ ერეტიკულ შეხედულებათა მომხრეები, ჩვეულებისამებრ, არ უარყოფენ იმას, რომ იესო, გარკვეული აზრით, ფლობს „ღვთაებას“, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ იესოს ღვთაება განსხვავდება მამის ღვთაებისაგან. მათი აზრით, მხოლოდ მამას ეკუთვნის თავდაპირველი და მარადიული ღვთაება, ხოლო ძის ღვთაება შეძენილია და ის მცირედ ფლობს მას.
1. ადოპციონიზმის ერესი
ქრისტოლოგიური ერესის ყველაზე ადრეული მაგალითია ადოპციონიზმი (ლათ. adoptianismus − შვილება), რომელიც ასევე ცნობილია დინამიკური მონარქიანიზმის სახელით. ამ ერესის წინამორბედები იყვნენ ებიონიტები, რომელთა სწავლებაც წარმოიშვა მეორე საუკუნის დასაწყისში ან შუა ხანებში. ებიონიტები განსაკუთრებით გამოყოფდნენ ქრისტეს ადამიანურ ბუნებას და უარყოფდნენ მის ჭეშმარიტ ღვთაებრიობას. მათი სწავლების მიხედვით, იესო თავიდან ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ რაკი მართალი ცხოვრებით ცხოვრობდა, ამიტომაც ღმერთმა მას ნათლობისას განსაკუთრებული ცხებულება გარდმოუვლინა, რითიც იგი ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტად აამაღლა. ადოპციანელები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ნათლობისას გახდა იესო ღვთის ძე.
2. არიანელობა/არიოზელობა
ხსენებული ერესი წარმოიშვა ქრისტიანულ ეკლესიაში მე-4 საუკუნეში. სახელწოდება დაკავშირებულია ალექსანდრიელი მღვდლის, არიოსის სახელთან.
არიოსის წარმოდგენით, ღმერთი იმდენად ტრანსცენდენტურია და დაშორებულია თავის ქმნილებას, რომ მას სამყაროსთან ურთიერთობისას (შესაქმის დროსაც კი) სჭირდება შუამავალი. სწორედ ამიტომ შექმნა მან ძე, ანუ ლოგოსი, ერთგვარი ნახევრად ღვთაებრივი არსება, რომელიც ღმერთის წარმომადგენელი იყო ფიზიკური სამყაროს შექმნის პროცესში. ლოგოსს ჰქონდა პირველი ქმნილების დიდება და მონაწილეობდა სამყაროს შექმნაში. შემდეგ ის განსხეულდა იესო ნაზარეველად. მისი ცხოვრება იმდენად სრულყოფილი იყო, რომ მამამ მას „ღვთის ძე“ უწოდა. ამ შეხედულების მომხრეთა თანახმად, იესოს შეიძლება ღმერთი ეწოდოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი ღვთაება მამის ღვთაებაზე დაბლა დგას. არიანელების ლოზუნგი ასე ჟღერდა: „იყო დრო, როდესაც ძე არ იყო“. იესო შექმნილია ex nihilo (არაფრისგან) და შესაბამისად, ის სასრულია.
325 წელს გამართულმა ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ არიანელობა ერესად გამოაცხადა და დაგმო იგი. კრებამ ჭეშმარიტ სწავლებად გამოაცხადა სწავლება homoousios-ის შესახებ, რაც ნიშნავს ქრისტესა და მამის თანაარსობას.
კრებაზე მიღებულ იქნა 7 პუნქტისაგან შემდგარი სარწმუნოების სიმბოლოს − „მრწამსის“ ტექსტი, სადაც ხაზგასმული იყო მამისა და ძის თანაარსობა (მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არაქმნილი, თანაარსი მამისაჲ, რომლისაგან ყოველი შეიქმნა).
უნდა აღინიშნოს, რომ არიანელთა ერესი დღესაც არსებობს, სახელდობრ, იეჰოვას მოწმეთა სექტის სწავლებაში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არც ადამიან იესოს, არც განკაცებამდელ ლოგოსს არ ჰქონიათ ღმერთის მარადიულობა და მისი არსი. იეჰოვას მოწმეების სწავლების თანახმად, ლოგოსი პირველი შეიქმნა სხვა ქმნილებათა შორის. მანამ, სანამ იესო ნაზარეველი გახდებოდა, ის წინასწარ არსებობდა, როგორც მთავარანგელოზი მიქაელი და იყო „ღმერთი“, მაგრამ მისი ღვთაება ვერ შეედრება იეჰოვას ღვთაებას.
3. ლიბერალური ღვთისმეტყველება
თანამედროვე ლიბერალ ღვთისმეტყველთა უმრავლესობას იესო ქრისტეს ღვთაების შესახებ ერეტიკული შეხედულება აქვს. ამ პოზიციას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელწოდება, მაგრამ მისი არსი ისაა, რომ ქრისტეს ღვთაება დაიყვანება მამის ნებასთან ეთიკურ ერთობამდე. ამ სწავლების მომხრეები უარყოფენ იესოსა და მამის არსის ერთიანობას − თანაარსობას. ისინი მიიჩნევენ, რომ იესო იყო ადამიანი, რომელიც დედამიწაზე მცხოვრები სხვა ადამიანებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მხოლოდ მას ესმოდა სრულად ღმერთის და მხოლოდ მან შეძლო ღმერთთან ერთობის მოპოვება. იესო გახლდათ ღმერთის არა მხოლოდ სრული გამოცხადება, არამედ ის წარმოადგენდა იმას, როგორიც უნდა ყოფილიყო (და თეორიულად, შესაძლებელია კიდეც) ყოველი ადამიანი − ანუ სრულყოფილი არსება.
III. ქრისტეს თანამდებობანი
ძველი აღთქმის ისრაელში სამი მთავარი თანამდებობა არსებობდა: წინასწარმეტყველი, მღვდელი და მეფე. სამივე თანამდებობა განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. წინასწარმეტყველი ღვთის სიტყვას ეუბნებოდა ხალხს; მღვდელი, ხალხის სახელით, მსხვერპლს სწირავდა ღმერთს და ლოცვასა და ქება-დიდებას აღავლენდა მის წინაშე; ხოლო მეფე მართავდა ხალხს, როგორც ღმერთის წარმომადგენელი. სამივე თანამდებობა წინასახე იყო იმ საქმისა, რაც ქრისტეს უნდა აღესრულებინა მომავალში. ქრისტე, როგორც წინასწარმეტყველი, გვიცხადებს ღმერთს და გვეუბნება მისი სიტყვის შესახებ; ქრისტე, როგორც მღვდელი, ღმერთს სწირავს მსხვერპლს ჩვენი სახელით და ამავდროულად, თავად არის მსხვერპლი; ქრისტე, როგორც მეფე, მართავს ეკლესიას და მთელ სამყაროს.
1. ქრისტე, როგორც წინასწარმეტყველი
ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები ხალხს ღმერთის სიტყვას გადასცემდნენ. მოსე იყო პირველი დიდი წინასწარმეტყველი და ის წინასწარმეტყველებდა:
ჩემნაირ წინასწარმეტყველს, შენი წიაღიდან, შენს ძმათაგან, აღგიდგენს უფალი, შენი ღმერთი, მას უსმინე.
მიუხედავად ამისა, იესო შეუდარებლად უფრო დიდია, ვიდრე რომელიმე ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველი. ფართო აზრით, წინასწარმეტყველი ის არის, ვინც გვიცხადებს ღმერთს და გვეუბნება ღვთის სიტყვას. შესაბამისად, ქრისტე სრულად და ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია.
2. ქრისტე, როგორც მღვდელი
ძველ აღთქმაში ღმერთი იმისათვის ნიშნავდა მღვდლებს, რომ მსხვერპლი შეეწირათ მისთვის. მათ ასევე უნდა აღევლინათ ლოცვა და ქება-დიდება ღმერთის წინაშე ერის სახელით. მათი ამ მსახურებით ხალხი „განიწმინდებოდა“, მისაღები ხდებოდა ღვთის თანდასწრებისათვის. ახალ აღთქმაში იესო გახდა ჩვენი მღვდელმთავარი. ამ თემას, ძირითადად, ებრაელთა მიმართ წერილი ეხება, რომლის მიხედვითაც იესო ჩვენი ცოდვის გამო შეწირული სრულყოფილი მსხვერპლია (ებრ. 9:26; 7:27; 9:12, 24-28; 10:1-2, 10, 12, 14; 13:12); გარდა ამისა, იესოს გამუდმებით შევყავართ ღმერთის თანდასწრებაში (ებრ. 9:24) და ის ასევე გამუდმებით ლოცულობს ჩვენთვის (ებრ. 7:25; იხ. აგრეთვე რომ. 8:34).
3. ქრისტე, როგორც მეფე
ძველ აღთქმაში მეფეს ჰქონდა ძალაუფლება იმისა, რომ ემართა ხალხი. ახალ აღთქმაში ვხედავთ, რომ იესო დაიბადა, როგორც იუდეველთა მეფე (მათე 2:2), მაგრამ ის უარს ამბობდა ადამიანთა ნებისმიერ მცდელობაზე, რომელთაც მისი გამეფება სურდათ (იოანე 6:15). მან პილატეს უთხრა, რომ მისი მეფობა არ იყო „ამ სოფლისა“ (იოანე 18:36). იესოს აქვს სამეფო/სასუფეველი, რომლის მოსვლის შესახებ ამბობდა კიდეც თავის ქადაგებებში (მათე 4:17, 23; 12:28). ღმერთმა ქრისტე მკვდრეთით აღადგინა და „თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველ სახელზე მაღლა, რაც კი იწოდება არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც. და ყოველივე დაუმორჩილა მის ფერხთა ქვეშ და დაადგინა იგი ყველაფერზე − თავად ეკლესიისა“ (ეფესელთა 1:20-22; იხ. მათე 28:18; 1-ლი კორინთელთა 15:25). ეს ძალაუფლება ადამიანთა მიერ სრულად იქნება აღიარებული, როდესაც ქრისტე დაბრუნდება დედამიწაზე ძალაუფლებითა და დიდებით (მათე 26:64; მე-2 თესალონიკელთა 1:7-10; გამოცხადება 19:11-16). იმ დღეს მას აღიარებენ „მეფეთა მეფედ და უფალთა უფლად“ (გამოცხადება 19:16) და ყოველი მუხლი მოიდრიკება მის წინაშე (ფილიპელთა 2:10).
აღდგომა
1. ახალაღთქმისეული დადასტურება
სახარებები მოიცავს უამრავ დამოწმებას ქრისტეს აღდგომის შესახებ (იხ. მათე 28:1-20; მარკოზი 16:1-8; ლუკა 24:1-53; იოანე 20:1-21:25). გარდა ამისა, მოციქულთა საქმეების წიგნი არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ამოწმებდნენ მოციქულები იესო ქრისტეს აღდგომას და ქადაგებდნენ და ემსახურებოდნენ მას, როგორც აღმდგარ და ცოცხალ ღმერთს. ასევე ახალაღთქმისეული წერილები სრულად ეფუძნება რწმენას იმის შესახებ, რომ ქრისტე არის ცოცხალი მხსნელი, რომელიც ზეცაში მეფობს, რომელიც არის ეკლესიის თავი და რომელიც ერთ დღეს დიდებით დაბრუნდება. გამოცხადების წიგნში კი ვხედავთ აღმდგარ ქრისტეს, რომელიც ზეცაში მეფობს და წინასწარმეტყველებს თავისი დაბრუნების შესახებ, რათა დაამარცხოს თავისი მტრები და გამეფდეს დიდებით. ამრიგად, მთელი ახალი აღთქმა ამოწმებს იესო ქრისტეს დიდებული აღდგომის შესახებ.
2. ქრისტეს აღდგომის ბუნება
ქრისტეს აღდგომა უბრალოდ გაცოცხლება არ ყოფილა, როგორც ეს ხდებოდა სხვა ადამიანების, მაგალითად, ლაზარეს, შემთხვევაში (იოანე 11:1-44), რადგან ამ შემთხვევაში იესოს სხეული ისევ უძლურებას და დაბერებას იქნებოდა დაქვემდებარებული და საბოლოოდ, მოკვდებოდა კიდეც სხვა ადამიანთა მსგავსად.
იესოს ეწოდება „განსვენებულთა ნათავარი [პირმშო, პირველნაყოფი] (1-ლი კორინთელთა 15:20, 23). ის იყო „პირველნაყოფი“ სრულიად ახლებური ადამიანური სიცოცხლისა. მისი სხეული გახდა სრულყოფილი და აღარ ექვემდებარებოდა უძლურებას, დაბერებას და სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ იესო სხეულებრივად აღდგა მკვდრეთით, ეს იყო გარდაქმნილი სხეული, რომლის წინააღმდეგაც უძლური იყო სნეულება, ტანჯვა და სიკვდილი: „უკვდავებით შეიმოსა“ (1-ლი კორინთელთა 15:53).
პავლე მოციქული წერს, რომ სხეული „…აღდგება დიდებით… აღდგება ძლიერებაში…“ (1-ლი კორინთელთა 15:42-44).
3. აღდგომაში მამაც მონაწილეობდა და ძეც
წმინდა წერილის ზოგიერთი ტექსტი მოწმობს იმის შესახებ, რომ მამა ღმერთმა აღადგინა ქრისტე მკვდრეთით (საქმეები 2:24; რომაელთა 6:4; 1-ლი კორინთელთა 6:14; გალატელთა 1:1; ეფესელთა 1:20), მაგრამ არის ტექსტები, რომელთა მიხედვითაც ქრისტეც მონაწილეობდა საკუთარ აღდგომაში.
იესო ამბობს:
იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. 18 ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.
მართებული იქნება დავასკვნათ, რომ აღდგომაში მამა ღმერთიც მონაწილეობდა და ძეც (იოანე 10:17-18; შდრ. 2:19-21; იოანე 11:25; შდრ. ებრაელთა 7:16).
4. აღდგომის დოქტრინალური მნიშვნელობა
ა. ქრისტეს აღდგომა უზრუნველყოფს ჩვენს ხელახლა შობას:
პეტრე მოციქული წერს: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად“ (1-ლი პეტრე 1:3). აქ ის მკაფიოდ აკავშირებს ერთმანეთთან იესოს აღდგომას და ჩვენს ხელახლა შობას.
თავისი აღდგომით იესომ ახალი სიცოცხლე მოგვცა, რომელსაც ვიღებთ ხელახლა შობის მეშვეობით. სწორედ ამიტომაც წერს პავლე მოციქული: „ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად (მადლითა ხართ დახსნილნი), და თანააღგვადგინა და ცათა შინა თანადაგვსხა ქრისტე იესოში“ (ეფესელთა 2:5-6; შდრ. კოლასელთა 3:1).
ბ. ქრისტეს აღდგომა უზრუნველყოფს ჩვენს გამართლებას:
ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ნიშნავდა იმას, რომ ღმერთმა მოიწონა ქრისტეს მიერ აღსრულებული გამოსყიდვის საქმე. იმის გამო, რომ იესომ „დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე…“ „ღმერთმა აღამაღლა იგი…“ (ფილიპელთა 2:8-9).
ქრისტემ თავისი აღდგომით უზრუნველყო ჩვენი გამართლება:
რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენდა გამართლებად.
გ. ქრისტეს აღდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ მივიღებთ სრულყოფილ, აღმდგარ სხეულს:
ქრისტეს აღდგომა საწინდარია იმისა, რომ ჩვენც აღვდგებით მკვდრეთით. ამის შესახებ მკაფიოდ გვეუბნება ახალი აღთქმა:
ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
იხ. აგრეთვე მე-2 კორინთელთა 4:14.
ზეცად ამაღლება
აღდგომის შემდეგ ქრისტე 40 დღის განმავლობაში დადიოდა დედამიწაზე (საქმეები 1:3), შემდეგ წაიყვანა თავისი მოწაფეები „ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები, და აკურთხა ისინი. როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში“ (ლუკა 24:50-51; იხ. აგრეთვე საქმეები 1:9-11).
იესომ მიიღო დიდება, პატივი და ძალაუფლება, როგორც ლოცულობდა კიდეც გეთსიმანიაში: „ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სოფლის გაჩენამდე“ (იოანე 17:5).
ამაღლების შემდეგ ქრისტე დაჯდა მამის მარჯვენით (საქმეები 2:33), რის შესახებაც წინასწარმეტყველებდა ძველი აღთქმა:
უთხრა უფალმა უფალსა ჩემსა: ‘დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად’.
გამოყენებული ლიტერატურა:
Jack Cottrell, The Faith once for All: Bible Doctrine for Today, College Press publishing Company, 2002.
Wayne Grudem, Systematic Theology, Inter-Varsity Press and Zondervan Publishing House, 1994.