ჰელოუინის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. ამერიკელები ყოველწლიურად 9 მლრ. დოლარს ხარჯავენ იმისათვის, რომ ჰელოუინი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კომერციულ დღესასწაულად აქციონ.
გარდა ამისა, აშშ-ში ყოველწლიურად გაყიდული ტკბილეულის მეოთხედი სწორედ ჰელოუინის სეზონზე იყიდება. რა აქცევს 31 ოქტომბერს გამორჩეულ დღედ? იქნებ ეს რაღაც მისტიკასთან არის დაკავშირებული, ან იქნებ უბრალოდ ტკბილეულთან, თუ სულაც ახალ კოსტიუმთან?
როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ჰელოუინს უფრო და უფრო მეტი ხალხი აღნიშნავს, მაგრამ რას ამბობს ბიბლია ამასთან დაკავშირებით? არის თუ არა ჰელოუინი ბოროტება?
რას ამბობს ბიბლია ჰელოუინის შესახებ?
ჰელოუინის შესახებ ბიბლიაში არაფერია დაწერილი, რადგან ეს დასავლური წეს-ჩვეულებაა. მიუხედავად ამისა, ბიბლიაში არის გარკვეული პრინციპები, რომლებიც პირდაპირ შეგვიძლია დავუკავშიროთ ამ დღესასწაულის აღნიშვნის საკითხს. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ უკავშირდება ჰელოუინი ბიბლიას, ვნახოთ, როგორია ამ დღესასწაულის ისტორია და მნიშვნელობა.
რას ნიშნავს „ჰელოუინი“?
სიტყვა „ჰელოუინი“ სიტყვა სიტყვით ნიშნავს „ყველა წმინდანის დღის წინა საღამოს“, რომელსაც 1-ელ ნოემბერს აღნიშნავენ. ჰელოუინი ასევე გახლავთ შემოკლებული ფორმა სიტყვებისა „Allhalloween, All Hallows’ Evening და All Saint’s Eve“, რომელსაც დღესასწაულობდნენ 31 ოქტომბერს. ჰელოუინის წარმოშობა უკავშირდება მოსავლის უძველეს კელტურ დღესასწაულს.
ჰელოუინის ისტორია
ჰელოუინის წარმოშობა 1900 წლის წინ იღებს სათავეს ინგლისში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთში. ეს იყო კელტური ახალი წელი, რომელიც 1-ელ ნოემბერს აღინიშნებოდა და „სამაინი“ ეწოდებოდა. კელტი დრუიდებისათვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაული იყო და მათთვის ამ დღეს, გარდაცვლილთა სულები ცოცხალთა შორის ირეოდნენ. ამ დღეს აუცილებლად ანთებდნენ ბევრ კოცონს.
სამაინი პოპულარული იყო მანამ, სანამ წმ. პატრიკი და სხვა ქრისტიანი მისიონერები დაიწყებდნენ ქრისტიანობის ქადაგებას ამ რეგიონებში. მოსახლეობის ქრისტიანობაზე მოქცევასთან ერთად დღესასწაულმა თანდათან დაკარგა პოპულარობა, თუმცაღა, ნაცვლად წარმართულ წეს-ჩვეულებათა აღმოფხვრისა (როგორებიც იყო, მაგალითად, ჰელოუინი და სამაინი), ეკლესიამ ისინი ქრისტიანობის საბურველში გაახვია, რათა ხალხი უფრო ადვილად მოქცეულიყო სახელმწიფო სარწმუნოებაზე.
სხვა ტრადიციის მიხედვით კი, დრუიდებს სწამდათ, რომ 1-ლი ნოემბრის ღამეს დემონები და ჯადოქრები თავისუფლად დაძრწოდნენ დედამიწაზე და სიხარულით მოელოდნენ „თავიანთ დროს“, ანუ გრძელი ღამეებისა და ზამთრის თვეების დაწყებას. დემონები ერთობოდნენ ადამიანებით: აშინებდნენ მათ, აზიანებდნენ და ათასგვარ ბოროტ ხრიკს უმზადებდნენ. შეშინებულ ადამიანებს ეგონათ, რომ ბოროტ სულთა დევნას თავიდან აიცილებდნენ, თუ მათ ისეთ რაღაცებს შესთავაზებდნენ, რაც მოსწონდათ, განსაკუთრებით, გემრიელ საჭმელსა და ტკბილეულს. ან კიდევ, იმისათვის, რომ ამ საშინელ არსებათა რისხვას გაჰქცეოდა, ადამიანს ისე უნდა გადაეცვა, რომ გარეგნულად მათ დამსგავსებოდა და მათ შეერთებოდა. ამგვარად, მათ ადამიანი ჯადოქარი ან ბოროტი სული ეგონებოდათ და იმ ღამით მას საფრთხე არ დაემუქრებოდა.
რომის იმპერიაში ამ დღესასწაულზე ხალხს ჩვევად ჰქონდა ხილის (განსაკუთრებით, ვაშლის) ჭამა და სხვებისათვის დარიგება. ეს ჩვეულება მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა: ირლანდიიდან და შოტლანდიიდან ბრიტანეთში, ხოლო სლავურ ქვეყნებში – ავსტრიიდან. სავარაუდოდ, ეს დღესასწაული რომაულ ქალღმერთ პომონას უკავშირდება, ნაყოფთა მფარველს. ვინაიდან პომონას ყოველწლიური ზეიმი 1-ელ ნოემბერს ტარდებოდა, მისი ზოგიერთი შემადგენელი ჰელოუინის ნაწილადაც იქცა, მაგალითად, „ვაშლის წყლიდან ამოღების“ ცნობილი ტრადიცია (როცა ვაშლს წყალში ყრიან და დღესასწაულის მონაწილეებმა ის ხელების დაუხმარებლად, კბილებით უნდა ამოიღონ).
დღეს კოსტიუმებმა ჩაანაცვლა ბოროტი სულებივით გადაცმის ტრადიცია, ტკბილეულმა კი ხილის და სხვა ნუგბარის ადგილი დაიკავა. ბავშვები დადიან კარდაკარ და ეუბნებიან ადამიანებს: გამასპინძლება თუ ხრიკი (სიტყვების თამაში: trick or treat). თავდაპირველად, ბავშვები კარდაკარ დადიოდნენ ჰელოუინის დღესასწაულის დროს, დაჰქონდათ სპეციალურად ამ დღისათვის გამომცხვარი ნამცხვრები, მღეროდნენ და გარდაცვლილთათვის განკუთვნილ ლოცვებს წარმოთქვამდნენ. დროთა განმავლობაში ჰელოუინთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები შეიცვალა და თანამედროვე კულტურას მოერგო, მაგრამ უცვლელი დარჩა მკვდართათვის პატივის მიგების ჩვეულება, რაც ახლა გართობითა და მხიარულებითაა შენიღბული. ამრიგად, ჰელოუინის აღნიშვნა ეწინააღმდეგება ბიბლიას!
უნდა აღნიშნავდნენ თუ არა ქრისტიანები ჰელოუინს?
აზროვნების ლოგიკურ ჯაჭვს მივყვეთ და დავფიქრდეთ: რასთან არის ეს დღესასწაული დაკავშირებული? გვმატებს რაიმეს იგი? სუფთა მოტივები უდევს საფუძვლად ჰელოუინს? მოციქულ პავლეს წერილში ფილიპელთა მიმართ ვკითხულობთ: „აბა ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ.“ (ფილიპ. 4:8). ეფუძნება თუ არა ჰელოუინი ღვთიურ აზრებს, როგორებიცაა მშვიდობა, თავისუფლება, ან ხსნა? თუ ამ დღესასწაულს ადამიანისათვის მოაქვს შიშისა და დათრგუნვის შეგრძნება?
განა ბიბლია ამართლებს ჯადოქრობას და მისნობას? პირიქით, წმინდა წერილიდან ნათლად ჩანს, რომ ამგვარი ქმედებანი სისაძაგლეა უფლისათვის. ლევიანთა წიგნში (20:27) დაწერილია, რომ ჩაქოლვა იყო იმ ადამიანის ხვედრი, რომელიც ჯადოქრობას და მისნობას ეწეოდა. მეორე რჯულის წიგნში კი (18:9-13) ვკითხულობთ: „როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ ისწავლო იმ ხალხთა მსგავსად ძეგლთა კეთება. არ იპოვებოდეს შენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, არც შემლოცველი და არც მესულთანე, არც მკითხავი და არც მკვდართა გამომკითხველი, ვინაიდან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი, და ამ სისაძაგლეთა გამო უფალი, შენი ღმერთი, დევნის მათ შენი პირისაგან. უნაკლო იყავ უფალთან, შენს ღმერთთან.“
მცდარია თუ არა ჰელოუინის აღნიშვნა?
ვნახოთ, რას გვეუბნება წმინდა წერილი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში (5:11): „ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.“ ეს სიტყვები მოგვიწოდებს იმისკენ, რომ არა მხოლოდ არ უნდა შევეზიაროთ სიბნელის ნებისმიერ საქმეს, არამედ უფრო მეტიც, სინათლეზე გამოვიტანოთ ისინი და ვამხილოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკლესიამ თავის დროზე არ ამხილა ჰელოუინი, პირიქით, მისი წარმართული ტრადიციები ქრისტიანულ დღესასწაულებს შეერწყა. ნუთუ დღესაც თვალი უნდა დავხუჭოთ ამაზე?
ღმერთი მოგვიწოდებს: „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით!.. უწმინდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ.“ (მე-2 კორინთელთა 6:17).
წყარო: https://www.bibleinfo.com