ვისურვებდი, რომ იმდენი ფულის მონეტა ეჩუქებინათ ჩემთვის, რამდენჯერაც დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვაზე ჩემი 28 წლის ვაჟი პასუხად მომიგებდა: „გაფილტრე შენი სიტყვები, დედა.“ სიმართლე რომ ვთქვა, ყოველთვის მიჭირდა გონებაში მოსული აზრების გადახარისხება მანამ, სანამ ხმამაღლა წარმოვთქვამდი მათ. თითქოს ბევრს ვლაპარაკობდი მაშინ, როცა უმჯობესი იყო, უბრალოდ მომესმინა და პირიქით, ძალიან ცოტას ვსაუბრობდი მაშინ, როცა მეტი ლაპარაკი მმართებდა. შედეგად, ვკარგავდი იმ სარგებელს, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობისგან უნდა მიმეღო.
ეს დანაკარგი აშკარაა, მაგრამ ნუთუ შეიძლება, რომ ჩვენი სიტყვები გაცილებით დიდ პოტენციალს ფლობდეს? შეიძლება თუ არა, რომ საუბრისას სიტყვების შერჩევისადმი არასწორმა დამოკიდებულებამ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს?
რა თქმა უნდა, დიახ. ღმერთის სიტყვა მკაფიოდ გვასწავლის, თუ როდის და რამდენი უნდა ვილაპარაკოთ მორწმუნეებმა.
ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.
ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენის ენა კი კურნებაა.
როგორც ჩანს, პრობლემის არსი შემდეგია: ზოგიერთ ადამიანს ისე ძლიერ სურს საკუთარი აზრის გამოხატვა, რომ არ ფიქრობს, რა მდგომარეობაში ჩააგდებს მსმენელს მისი ნათქვამი; ხოლო ზოგიერთი, თავდაცვის მიზნით, თავს იკავებს საუბრისაგან, რადგან ეშინია ტკივილის, რომელიც მისმა გულახდილობამ შეიძლება გამოწვიოს.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი იაზრებდეს ამ საკითხის მნიშვნელობას არა მხოლოდ ღმერთთან, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობის დროსაც. უფალმა იესომ ასე მიმართა თავის მოწაფეებს იოანეს სახარებაში:
იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი.
დიახ, ჩვენ უნდა გამოვხატოთ სიყვარული ყველას მიმართ, თუმცა როგორ შეიძლება გამოვხატავდეთ სიყვარულს საზოგადოებისადმი, თუ მას უპირველესად ოჯახის წევრებს არ გავუზიარებთ? გავბედავ ვთქვა, რომ არა უბრალოდ რთული, არამედ შეუძლებელიც კია სიყვარული ურთიერთობის გარეშე. იმის გამო, რომ კომუნიკაციის ძირითად საშუალებას საუბარი წარმოადგენს, ადვილი მისახვედრია, თუ როგორ დაგვეხმარება სწორად საუბრის ცოდნა ადამიანების გამხნევებაში.
ნაყოფიერი ურთიერთობა მოითხოვს, რომ ადამიანმა ყურადღების „ცენტრი“ ნაცვლად საკუთარი თავისა დაუთმოს სხვას. ხანდახან ეს ენის ალაგმვით ხდება, როდესაც აცნობიერებთ, რომ ის, რის თქმასაც აპირებთ, სიყვარულისგან ნამდვილად არ იღებს სათავეს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ფიქრები სიმართლეს ასახავს, სიყვარული არ მოგვცემს უფლებას, გავთელოთ სხვა ადამიანის გრძნობები. ხშირად, ყველაზე დიდი სიყვარულის მაგალითი ენის შეკავებაა.
სხვაგვარ ურთიერთობებს თავდაცვის მიზნით ვერიდებით. გრძნობებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით ადამიანებთან საუბრისას თითქმის ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ გულნატკენი დარჩები. ამდენად, ადვილი ნამდვილად არ არის საუბარი მაშინ, როცა შენი გულის გარშემო აგებულ თავდაცვით ზღუდეს დანგრევის საფრთხე ემუქრება.
ამასთან, ხანდახან ურთიერთობებისგან თავს ვიკავებთ უბრალოდ იმიტომ, რომ არ გვცალია. ძალიან დაკავებულნი ვართ, რადგან მთლიანად მივუძღვენით თავი ჩვენს სამსახურებს, სწავლას, ან თუნდაც საკუთარ თავს. დიახ, საკუთარ თავს… როდესაც უარს ვამბობთ ახლობლებთან ურთიერთობაზე იმის გამო, რომ უბრალოდ ძალიან დაკავებულნი ვართ ამაზე ფიქრისთვის, გამოიცანით, ვისზე ვზრუნავთ? არა სხვა ადამიანებზე, არა მათ გულებზე, არამედ საკუთარ თავზე. შესაძლოა ყოველთვის არა, მაგრამ უმეტესად, მოუცლელობა საკუთარი თავისთვის მოცლილობის სინონიმია. შეგვიძლია ეს მდგომარეობა მრავალი მიზეზით გავამართლოთ, მაგრამ ცალსახად, კომუნიკაციისთვის დროის გამოყოფის გარეშე შეუძლებელია ურთიერთობების აგება. მრავალი ოჯახი ინგრევა კომუნიკაციის ნაკლებობის გამო. მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები აღარ არსებობს იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ არ ატარებენ დროს ერთმანეთთან საუბარში. ეკლესიები მარცხდებიან კომუნიკაციის ნაკლებობის პირობებში, ასევეა მეგობრული ურთიერთობებიც. კორპორაციებიც დამდგარან დიდი საფრთხის წინაშე იმ მარტივი გარემოების გამო, რომ ხელმძღვანელი პირები არ ურთიერთობდნენ დასაქმებულებთან, ან პირიქით…
ურთიერთობები მოითხოვს კომუნიკაციას, კომუნიკაცია კი, თავის მხრივ, მოიცავს საუბრის სუბიექტის მონაცვლეობას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურთიერთობის ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის წარდგენის, გამოხატვისა და გაზიარების შესაძლებლობა ადამიანთა წინაშე. იაკობი ამბობს:
ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში – მძიმე და რისხვაში – ნელი. რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
ურთიერთობის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გასაღები ერთგულებაა. ერთგულებაა, როდესაც მეორე ადამიანისა და მის საჭიროებათა მიმართ გულისხმიერებას ვიჩენთ მაშინაც, როცა ჩვენ თავად გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები მოსაგვარებელი. ნეტავ, თუ ყოფილა იესო ქრისტე იმდენად დაკავებული, რომ ვერ მოეცალა თავისი ოჯახისთვის, მოწაფეებისთვის? ერთი ისტორია განსაკუთრებით იპყრობს ჩემს ყურადღებას. ეს ამბავი კარგად გამოხატავს იმას, რომ უფალი იესო უფრო მეტ დროს და ყურადღებას სხვებთან ურთიერთობას უთმობდა, ვიდრე თავის პირად საქმეს.
ერთხელ, როდესაც იესო მოწაფეებს ასწავლიდა, მივიდა მასთან ერთი მმართველი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა და ევედრებოდა, რომ გაეცოცხლებინა მისი გოგონა. იესო, რა თქმა უნდა, წაჰყვა მას ამ მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად, მაგრამ როგორც კი თორმეტი წლის განმავლობაში სისხლდენით გატანჯული ქალი შეეხო მის სამოსელს, იესო გაჩერდა იმისათვის, რომ მას დალაპარაკებოდა. (მათე 9:18-22).
უფალი იესო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანებთან ურთიერთობას და ამას ვერაფერი ცვლიდა მაშინაც კი, როცა საქმე ეხებოდა სხვა ადამიანთა განკურნებას, გადარჩენასა და მათი სიცოცხლის აღდგენას.
ნუთუ იგივე არ უნდა იყოს ჩვენთვისაც?
ხომ არ არიან შენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომელთაც შენგან უანგარო სიყვარულის მოლოდინი აქვთ? ეს შეიძლება იყოს მეუღლე, შვილი, მეგობარი, ძმა ან და. მოისმინეთ წმინდა წერილის სიტყვები და ჩაიმარხეთ გულში.
– როდესაც პრობლემა გაქვთ ჭარბი ლაპარაკის გამო:
სიტყვაძვირი კაცი მცოდნეა; და თავშეკავებული – გაგების უნარის მქონე.
– როდესაც არაფერი გაგონდებათ სათქმელად:
გულში დარდი კაცს დათრგუნავს, კეთილი სიტყვა კი გაახარებს.
დასასრულს გეტყვით, რომ ადამიანებს ვერ შევიყვარებთ, თუ მათ არ გავიცნობთ; ხოლო ვერ გავიცნობთ, თუ არ გამოვნახავთ დროს მათ მოსასმენად და გულიდან ამომავალი სიყვარულით სავსე სიტყვების სათქმელად.
დოქტორი დებ უოთერბერი – LOVE EVERLASTING MINISTRIES – ის პრეზიდენტი