ხანდახან საჭიროა მოვუსმინოთ ჩვენზე პატარებს და არა მხოლოდ დიდებს…
ღარიბებს და არა მხოლოდ მდიდრებს;
სუსტებს და არა მხოლოდ ძლიერებს;
იმედგაცრუებულებს და არა მხოლოდ წარმატებულებს;
უნდა მოვუსმინოთ მათ, ვინც იბრძვის და არა მხოლოდ მათ, ვინც უკვე გაიმარჯვა…
მათ, ვინც ჯერ კიდევ დაუცველია და ჰგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა…
უნდა მოვისმინოთ მათი ხმა, ვინც პატარაა, მცირეა და არ ჩანს და არ ვუსმენდეთ მხოლოდ ძლიერებს, დიდებს, მდიდრებს და პრივილეგირებულებს…
მოუსმინე პირველმა!
ეს არ არის წუწუნის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სტკივა; არც ხვეწნის ხმაა – მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, დახმარებას საჭიროებს.
ეს არის ხმა, რომელსაც მსმენელი, გამზიარებელი სჭირდება!
გთხოვ, მოუსმინე!
არ გთავაზობთ არგუმენტებს, ახსნა-განმარტებას ან ბოდიშს.
არც პასუხს…
უბრალოდ მოისმინე…
მოისმინეთ მათი ხმა, ვინც უნდა გადალახოს შიში და გახსნას ბაგე; იმიტომ, რომ ცრემლები ახრჩობს… მოისმინეთ ხმები მათი მკერდიდან ამომავალი, რომელიც სავსეა ტკივილით და იმედგაცრუებით, მწუხარებით და დარდით, მაგრამ იქნებ მათ ყველაზე მეტად სწყურიათ ახლა მსმენელი.
დიდი პატივია, იდგე ქრისტეს სხეულის ნებისმიერ ადგილას და იყო თუნდაც პატარა, მცირე… დიდი პატივია, ესმოდეს აუდიტორიას ამ პატარა ნაწილის ხმა, მაგრამ მათ ღაღადს ხშირად ახშობს უფრო დიდი, უფრო წარმატებული და გამოჩენილი “სხეულის ნაწილების” ხმამაღალი ბგერები.
და რაც მეტია “დიდი”, მით მეტია “მცირე”…
როგორც მცირე ეკლესიის ხუცესი, ვცდილობ ვისაუბრო ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხზე.
მაქვს ხმა და კათედრა…
ვცდილობ მოვუსმინო და არ შევაწყვეტინო… გადავდოთ ქედმაღლობა გვერდზე და დავეხმაროთ!
მათ, ვინც დიდების წყურვილით არის შეპყრობილი, უნდა შეწყვიტონ საუბარი და დაიწყონ მოსმენა… მოუსმინონ მათ, ვინც ღაღადებს, რადგან სამუდამოდ არ იქნებიან დავიწყებულნი…
ხმა მსხვერპლთა, ხმა დავიწყებულთა, ხმა მოხუცთა, ხმა სუსტთა და ჩაგრულთა, ხმა მღაღადებელთა, რომლებიც უსახელოდ წავიდნენ, მაგრამ იმედია ამ პოსტის მერე აღარ იქნება მეტი უცნობი…