საკუთარ თავს ვაძლევთ პირობას იმის შესახებ, რომ ყოველდღიურად ვივარჯიშებთ, საკუთარ ფინანსებს ეკონომიურად განვკარგავთ, უკეთ კვებას დავიწყებთ. ეს შესანიშნავი მიზნებია და თუ გადაწყვეტილებას არ ვუღალატებთ, შედეგიც კარგი იქნება, მაგრამ ამგვარ მკაცრ გადაწყვეტილებებს ერთი სირთულე ახლავს თან: სადმე თუ ფეხი წამოვკარით, მაშინვე დამნაშავედ ვგრძნობთ თავს და ვივიწყებთ მათი განხორციელების შესახებ ფიქრს.
კარგი იქნება, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ საქმეებს მოჰკიდებთ ხელს ახალი წლიდან.
დაუთმეთ დრო ნამდვილად მნიშვნელოვან საუბრებს
დღეები დღეებს მისდევს და მეგობრებთან, კოლეგებთან ან ოჯახის წევრებთან ჩვენი საუბარი ზედაპირულ და ზოგად თემებს არ სცილდება. რასაკვირველია, არაფერია ცუდი ხუმრობაში, რომელიმე ფილმისა თუ ფეხბურთის ბოლო მატჩის განხილვაში, მაგრამ თუ საკუთარ თავს ინტელექტუალურად, სულიერად და სოციალურად არ ავარჯიშებთ, ნამდვილად მნიშვნელოვანი საუბრები დიდ იშვიათობად გადაიქცევა ჩვენს ცხოვრებაში.
ნაკლები იწუწუნეთ, მეტი აკეთეთ
ჩვენ დროდადრო მაინც ვცოდავთ: ვხედავთ, რომ რაღაც ისე არ არის ჩვენს კულტურაში, ეკლესიაში, ხელისუფლებაში ან პირად ურთიერთობებში და ამ ყველაფერზე ჩვენი პირველი რეაქცია გაბრაზება და წუწუნია, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ არახელსაყრელ სიტუაციათა შეცვლის საშუალებებზე. უკმაყოფილების გამოხატვა დროებით შვებას კი გვგვრის, მაგრამ მხოლოდ პრობლემის მოგვარების გზის ძიება გვეხმარება გავამთლიანოთ ის, რაც გაბზარული ან დამტვრეულია.
ნაკლები დრო დახარჯეთ მღელვარებაზე, რადგან ეს გაფლანგული დროა. ეს ნაყოფიერი არ არის. ავტორმა და აქტივისტმა კორი ბუმმა თავის წიგნში „საიდუმლო ადგილი“, დაწერა: „მღელვარება არ გვათავისუფლებს ხვალინდელი ტკივილისგან, მაგრამ, სამაგიეროდ, დღევანდელ ძალებს გვართმევს.“
მეტი ილოცეთ
ძალიან ადვილია, უამრავი საქმით დაკავებულებმა, ნაკლები დრო დავუთმოთ ლოცვას, მაგრამ, სიმართლე რომ ითქვას, ეს პირიქით უნდა იყოს. მარტინ ლუთერმა ერთხელ ასეთ რამ თქვა: „იმდენად ბევრი საქმე მაქვს, რომ ვფიქრობ, სამიოდე საათს ლოცვაში გავატარებ“. რაც არ უნდა დაკავებულნი ვიყოთ, ლოცვაში გატარებული დრო (მნიშვნელობა არ აქვს, სად ვილოცებთ: სახლისკენ მიმავალ გზაზე, ვარჯიშისას, თუ დღის განმავლობაში გამოყოფილ საგანგებო დროს) სულიერი ზრდის გასაღებია.
ნაკლებად მომთხოვნი გახდით გარშემო მყოფთა მიმართ
სოციალურ ქსელთა ეპოქაში, სადაც ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, ძალიან ადვილია ამა თუ იმ მეგობარზე გაბრაზება მისი სიტყვებისა თუ საქციელის გამო, როცა არ ვეთანხმებით მას. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში არსებულ ურთიერთობათა დინამიკა თანდათანობით გადადის ყოველდღიურ, პირად ურთიერთობებში − ეკლესიასა თუ სამსახურში. საქმე კი სწორედ ის გახლავთ, რომ გაბრაზება არც ისე მაგარი საქციელია. შეეცადეთ, ახალი წლიდან ნაკლებად გეწყინოთ, რისხვა კი მხოლოდ ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხებისთვის შემოინახეთ.
საკუთარ თავს უფრო მეტი შეღავათი მიეცით
ხანდახან საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს მოვითხოვთ იმ მიზნების მისაღწევად, რომლებსაც მაინც ვერ ვაღწევთ. შეცდომებს ვუშვებთ. ვმარცხდებით. კარგია, რომ ღმერთი სრულყოფილებას არ მოელის ჩვენგან და არც ჩვენ უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს ეს. ახალი წლის განმავლობაში, როცა წაიბორძიკებთ, მეგობრებს იმედებს ვერ გაუმართლებთ ან მარცხს იგემებთ, შეეცადეთ გამოსწორდეთ და დაშვებული შეცდომებიც გამოასწოროთ, მაგრამ ნუ ჩააცივდებით მომხდარს და საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებლობა გამოიჩინეთ.
იკითხეთ კარგი წიგნები
მეგობრისადმი მიწერილ წერილში კლაივ ლუისი წერდა: „სავსებით მართალია ის, რომ ადამიანმა ათ წელიწადში ერთხელ უნდა გადაიკითხოს ყოველი კარგი წიგნი.“ მსოფლიოში კარგ წიგნებს რა დალევს, ამიტომაც, ლუისის რჩევა ძალიან პრაქტიკული და ფასეულია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დრო დაგიხარჯავთ აქამდე წიგნების კითხვაში, კიდევ ძალიან ბევრი გენიალური მწერლის აზრები დაგრჩათ წაუკითხავი. გამონახეთ დრო იმისათვის, რომ მეტი იკითხოთ.
ხშირად შეაფასეთ კრიტიკულად საკუთარი შეხედულებანი
საკმარისია შევხედოთ ახალი ამბების სათაურებს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეკლესიაში არსებულ სადავო საკითხებს, რომ მაშინვე ცხადი ხდება – ჩვენ ორად გახლეჩილ მსოფლიოში ვცხოვრობთ. საკუთარ შეხედულებათა დასაცავად ბრძოლა ლამაზი და სწორია, მაგრამ ისიც კარგია, თუ მზად ვიქნებით მეორე მხარის მოსასმენად და მათ ადგილზე თუ შევძლებთ საკუთარი თავის წარმოდგენას. თუნდაც არ შეიცვალოს ჩვენი შეხედულებები ამის შედეგად, ჩვენს შეხედულებათა შემოწმება არა მხოლოდ შეცვლის, არამედ გაამყარებს კიდეც მათ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს.
ნაკლები დრო დაუთმეთ სმარტფონს
მაშინ, როცა მომავალ დეკემბერში წარმავალი წლის შესახებ დაფიქრდებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიხსენოთ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მეგობრების სტატუსები, „ბრძნული“ ტესტების პასუხები ან “იუთუბში” არსებული სასაცილო ვიდეორგოლების შინაარსი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამუდმებით “ფეისბუკს” არ ჩაჰკირკიტებთ, მაინც შეიძლება, რომ უფრო ნაკლები დროის განმავლობაში ვუყუროთ ჩვენი ტელეფონების ეკრანებს და უფრო მეტი − ჩვენს მეგობრებსა და ბუნების სილამაზეს.
ხშირად მიუსხედით სუფრას მათთან ერთად, ვინც თქვენთვის ძვირფასია
ჩვენ ყველანი ძალიან დაკავებულები ვართ. რეალურ ცხოვრებაში, გაცილებით უფრო მოსახერხებელია, თუ გზად რომელიმე სწრაფი კვების ობიექტში შევივლით და სამსახურში შესვენების დროს უცებ გადავყლაპავთ სადილს, ვახშმისას კი ტელევიზორს მივაჩერდებით მორიგი სერიალის მოლოდინში. ეს არც ისე ცუდია, თუ მხოლოდ დროდადრო იქნება ასე, მაგრამ როცა სადილ-ვახშამი მოსაწყენ რიტუალად იქცევა, რომელიც სწრაფად უნდა შევასრულოთ, ამით საკუთარ თავს და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ართმევთ ურთიერთობათა გაღრმავების შესაძლებლობას.