„რა ვუყო ჩემს უამრავ შიშს?“ – ეს არის სულის შეძახილი, რომელიც ხშირად ისმის. უმეტესად უბედურება მდგომარეობს არა გამართლებულ სიფრთხილეში, არამედ თავისთავად შიშში. შიში არის გონების მდგომარეობა, რომელიც ვრცელდება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე.
როდესაც ტყის მჭრელები ხეს ჭრიან, ისინი ჭრას ფესვებიდან არ იწყებენ. ხის მოსაჭრელად 3 ეტაპია საჭირო:
- შეშის მჭრელები, უპირველეს ყოვლისა, ადიან ხეზე და წვრილი ტოტებისგან ათავისუფლებენ მას.
- დარჩენილი ხის შიშველ ტანს ელექტროხერხის საშუალებით ძირში ჭრიან.
- ბულდოზერის მეშვეობით კი იღებენ ფესვებს და ავსებენ იმ ადგილს, სადაც ხე იყო.
ამის შემდეგ ვეღარავინ მიხვდება, რომ ამ ადგილას უზარმაზარი ხე იდგა.
სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ თქვენს უამრავ შიშსაც ასევე შეგიძლიათ მოექცეთ. თავდაპირველად მოიშორეთ წვრილმანები. როგორ უნდა გააკეთოთ ეს?
დასაწყისისთვის, მაგალითად, როდესაც დაძინებამდე შემოივლით თქვენს სახლს, ჩაკეტავთ ყველა კარსა და ფანჯარას, ნუ მოქაჩავთ ყველა სახელურს ხუთჯერ ან ექვსჯერ, იმაში დასარწმუნებლად, ნამდვილად ჩაკეტილია თუ არა კარი. ან თუ გაიგებთ, რომ თქვენს ქალაქში ეპიდემიაა, ნუ იტყვით: „შემდეგი მე ვიქნები!“ შეწყვიტეთ შიშით ნაკარნახევი სიტყვების წარმოთქმა და მალე შენიშნავთ, რომ შიშით ნაკარნახევი აზრებიც ნაკლებად აგეკვიატებათ. ეს არის ის, რაც „პატარა ტოტებს“ შეეხება.
ახლა კი, მოდით, ავიღოთ ელექტროხერხი იმისათვის, რომ მოვჭრათ ჩვენი შიშის მთავარი ღერო. მოდით, ამ ელექტროხერხს დავარქვათ სახელი – სიყვარული.
როგორ შეგიძლიათ, შიში სიყვარულით „მოჭრათ“? გახსოვდეთ მუხლი ბიბლიიდან, „სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს“. დიახ, სიყვარული ძალიან მახვილი იარაღია. იგი მძლავრი ხერხია, რომელსაც შეუძლია, მთელი ძალით შეეჭიდოს შიშს, გადახერხოს იგი და წააქციოს.
ეს ბიბლიური მუხლი გვასწავლის იმის შესახებ, რომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს იგი მთელი სისავსით.
შეიძლება იკითხოთ: „როგორ შეიძლება მიყვარდეს იგი? ის ისეთი მიუწვდომელი და შორეულია. მე შემიძლია მიყვარდეს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, მაგრამ როგორ შემიძლია მიყვარდეს ღმერთი? მე შემიძლია მიყვარდეს ადამიანი, მაგრამ როგორ შემიძლია მიყვარდეს ზოგადი იდეა?“
თუმცა მოიცადეთ, ერთი წუთით დაფიქრდით და გაიხსენეთ, რომ ღმერთი განკაცდა თქვენ გამო, რის შესახებაც წმინდა წერილიდან ვიგებთ. ყოველ საღამოს, დაძინებამდე იკითხეთ ბიბლია და მანამდე იკითხეთ და სთხოვეთ ღმერთს, გაგიცხადოთ საკუთარი თავი, სანამ იესო ქრისტეს პირადად არ გაიცნობთ; როდესაც გაიცნობთ მას, გაგიჩნდებათ მისდამი სიყვარული; ამას მოჰყვება მის მიმართ ნდობა და ნდობასთან ერთად გაქრება ყოველგვარი შიში. აი, ასე სდევნის შიშს სრულყოფილი სიყვარული.
თუკი ამ რჩევას პრაქტიკულად გამოიყენებთ, თქვენი შიშის მთავარი ღერო აღარ იარსებებს თქვენს ცხოვრებაში. გასაკეთებელი მხოლოდ ის დაგრჩებათ, რომ იქამდე ჩააღწიოთ, რაც ზედაპირზე არ ჩანს, ე.ი. ფესვებამდე, რომლებიდანაც შიშის ხე ამოიზარდა.
ამ საქმის ბოლო საფეხური იქნება ბულდოზერი, რომელსაც „ რწმენა“ ვუწოდოთ და რომელიც სრულიად ამოძირკვავს შიშის მკვებავ ფესვებს. რა არის შიშის ფესვები? სხვადასხვაგვარი შიშის ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყრის თავს ჩვენში. ნორმალური შიში, რომელიც სიფრთხილის ელემენტს წარმოადგენს, გონივრულია. მის გარეშე ადამიანი უბრალოდ სულელი იქნებოდა. მაგრამ უბედურება ის გახლავთ, რომ ნორმალური შიში ადვილად ხდება არანორმალური. ხშირ შემთხვევაში, გამოუცნობის, სიბნელის ან უცნობი ადამიანის წინაშე ბავშვური შიშისაგან ფესვების მთელი აბლაბუდა ყალიბდება.
შიშის სხვადასხვა ფესვი ცოდვით ფორმირდება. ყოველთვის, როდესაც სცოდავთ, გეშინიათ, რომ ეს გამოაშკარავდება და თქვენ შესახებ ყველა გაიგებს. თქვენში დანაშაულის გრძნობა ვითარდება. თქვენს გონებას იპყრობს შფოთვა; ცდილობს შავს თეთრი უწოდოს და დაგარწმუნოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ის, რასაც აკეთებთ, სულაც არ არის ცუდი. ამგვარად, თქვენი ცხოვრება სიცრუისა და თავის დაძვრენის მცდელობად იქცევა. შედეგად ვითარდება აკვიატებული იდეები და ფსიქოზი.
ამ ყველაფრისგან თანდათანობით ამოიზრდება ავბედითი შიში, რომელიც, საბოლოოდ, თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწევს. მისგან თავის დასაღწევად თქვენს გონებაში აამოქმედეთ „რწმენის ბულდოზერი“ და შიშის ყველა ფესვი. უთხარით საკუთარ თავს: „მე მწამს, რომ იესო ქრისტეს შეუძლია ჩემი ცოდვების პატიება. მე სწორედ ახლა ვთხოვ მას ამის შესახებ. მწამს, რომ მან გამომისყიდა.“
სიყვარულისა და რწმენის შეთავსებას ნებისმიერი შიშის გადალახვა შეუძლია. ეს არის დიადი კეთილი უწყება, რომელიც უფალ იესოს აქვს ჩვენთვის.