იმ წუთიდან, როდესაც უფალ იესო ქრისტეს მოწაფეები გავხდით, ხსნასა და მარადიულ სიცოცხლესთან ერთად გვერგო პატივი, ვყოფილიყავით მისი წარმომადგენლები და „ელჩები“ ამქვეყნად. ახალ აღთქმაში დაწერილია:
მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია. ყოველივე ღვთისაგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით დამოგვცა შერიგების მსახურება. იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა სოფელი და არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და გვიბოძა შერიგების სიტყვა. ამგვარად, ჩვენ ელჩები ვართ ქრისტესთვის, და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.
შერიგების მსახურება გულისხმობს გამოსვლას ხალხის წინაშე. მხოლოდ ქრისტეზე დამოწმების მეშვეობით შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს უფალთან შერიგებაში. ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში იმ მოლოდინით გზავნის ელჩს, რომ ეს უკანასკნელი ილაპარაკებს, როდესაც ლაპარაკი იქნება საჭირო და გაჩუმდება, როდესაც გაჩუმება იქნება საჭირო და ზუსტად გადასცემს იმ ინფორმაციას, რის გამოც იქნა წარგზავნილი. ელჩი, რომელიც იუარებს წერილის გადაცემას ან დააგვიანებს, სამუდამოდ დაკარგავს ნდობას მის თვალში, ვინც წარგზავნა.
ჩვენ, ქრისტიანებს, მონდობილი გვაქვს შერიგების მსახურება და ვალდებულნი ვართ, მოვუწოდოთ და მხურვალედ ვთხოვოთ ადამიანებს, შეურიგდნენ უფალს. ამას უნდა ვაკეთებდეთ ყოველდღიურად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვაქვს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა.
სულიწმიდა გვაძლევს ხალხის წინაშე გამოსვლის ძალას
ზეცად ამაღლების წინ უფალმა იესომ თქვა:
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.
ქრისტესთან შეხვედრამდე მოწაფეთაგან თითქმის არც ერთი არ იყო მომზადებული ხალხის წინაშე წარსადგომად. თავისი ამაღლების წინ უფალმა დაავალა მათ ხალხთათვის ეუწყებინათ ხსნის სახარება; სულიწმიდას უნდა მიენიჭებინა მათთვის საამისო ძალა და შესაძლებლობა.
იესო ქრისტეს მოწაფე, რომელიც გაიაზრებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ეცდება, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენოს სახარების საუწყებლად, იქნება ეს პირისპირ საუბრისა თუ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას. მაგრამ ის, ვინც ვერ იაზრებს ამ პასუხისმგებლობას, დაიმორცხვებს მაშინაც, როდესაც ადამიანთა წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა. გაურბოდე ან უარყოფდე ხალხის წინაშე წარდგომას, ნიშნავს, გაურბოდე პასუხისმგებლობას.
როგორ წარვდგეთ ხალხის წინაშე, თუ ვღელავთ?
ფიქრობთ, რომ მარტო თქვენ ღელავთ? თუ ფიქრობთ, რომ სხვა გამომსვლელნი არ ღელავენ? ყველა ღელავს, ამიტომ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი და დაძლიოთ ღელვა. ზოგჯერ ხალხის წინაშე გამოსვლის წინ სუნთქვა მეკვრება და უხერხულობას ვგრძნობ. ნიშნავს ეს იმას, რომ საუბარი არ შემიძლია? არამც და არამც. მე მივყვები ჩემი უფლის რჩევას, ვეძებ ადგილს, სადაც შემიძლია განვმარტოვდე და ვლოცულობ, რადგან ის დამპირდა:
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
ეს დაპირება ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც მეშინია აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა. მე უნდა გადავლახო ის და ლოცვის მეშვეობით მივენდო ღმერთს, რათა მოვიპოვო სიმშვიდე და ღირსეულად დავამოწმო ჩემი მხსნელის შესახებ. თუ ჰკითხავთ სხვა მქადაგებლებს, მასწავლებლებს, ვფიქრობ, ყველა მათგანი გეტყვით, რომ მათაც ეშინიათ, ისინიც ღელავენ ხალხის წინაშე გამოსვლის წინ, მაგრამ ისინი სძლევენ ამ შიშს და თქვენც უნდა ისწავლოთ მისი დაძლევა.
როგორ მოვიქცეთ, თუ მთლიანად გვეფანტება აზრები და სიტყვები?
თუ ეს პრობლემა გაქვთ, მაშინ წინასწარ მოამზადეთ სიტყვა წერილობითი სახით. თუ წინასწარ იცით, რომ დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგომა მოგიწევთ, სიტყვასიტყვით დაწერილი ტექსტი დაგეხმარებათ, ხოლო თუ ღელავთ, შეგიძლიათ უბრალოდ წაიკითხოთ. ძალიან კარგი იქნება, თუ აუდიტორიის წინაშე წარდგომის წინ ერთხელ მაინც წაიკითხავთ მას, სასურველია, რამდენჯერმე ხმამაღლა წაკითხვა.
რა გავაკეთოთ, თუ სასაუბროდ მოულოდნელად მიგვიწვიეს?
დავუშვათ, იმყოფებით რაღაც შეკრებაზე და მოულოდნელად გთხოვეს სიტყვით გამოსვლა წინასწარი მომზადების გარეშე. როგორ მოიქცევით?
ილოცებთ, რომ დროულად მოიყვანოთ მოუყაროთ თავი თქვენს აზრებს? თუ თან გაქვთ ფურცელი ან ბლოკნოტი, შეადგინეთ პატარა გეგმა და მიჰყევით მას. მე ხშირად ქაღალდის ხელსახოციც კი გამომიყენებია ამისთვის, რათა დროულად ჩამომეწერა გეგმის პუნქტები და მესაუბრა. თან თუ არ გაქვთ არაფერი, არც კალამი, არც ფურცელი, მაშინ გეგმა გონებაში შადგინეთ და ეცადეთ, რომ 3 ან, მაქსიმუმ 5 პუნქტისგან შედგებოდეს იგი. ზედმეტი არაფერი ილაპარაკოთ, არამედ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რათა ადამიანებმა მოსმენილი კარგად გაიგონ. პეტრე მოციქულისთვის ორმოცდამეათე დღე მოულოდნელი იყო, რადგან არ ელოდა ამდენი ხალხის შეკრებას. მიუხედავად ამისა, ის წარდგა მათ წინაშე და აუხსნა უმრავლესობას, რა დაემართა მას და ამ ახსნა-განმარტებით გადავიდა სახარების უწყებაზე. საბოლოოდ იმ დღეს ბევრმა ადამიანმა მოინანია და მიიღო გადაწყვეტილება, გამხდარიყო უფალ იესო ქრისტეს მოწაფე, წმინდა ნათლობის მიღებით.
ღონისძიებაზე მიწვევისას მზად იყავით ადამიანთა წინაშე წარსადგომად
თუ რაიმე ღონისძიებაზე მიდიხართ, იქ შესაძლოა ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლა გთხოვონ. მოემზადეთ წინასწარ, რომ კარგად იცოდეთ, რა უნდა თქვათ. აშკარაა, რომ როდესაც პავლე ათენში მიიწვიეს, არეოპაგში სიტყვით გამოსვლისათვის, ის უკვე მზად იყო. მას მოჰყავს ციტატები ბერძენი მწერლების ნაწარმოებებიდან. მისი სტრუქტურული და კარგად შედგენილი სიტყვა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ პავლე მრავალი დღის განმავლობაში ემზადებოდა და ელოდებოდა არეოპაგში მიწვევას და როდესაც მიეცა ეს შესაძლებლობა, მან შესანიშნავად გამოიყენა იგი. მერე რა, რომ უმრავლესობამ უგულებელყო მისი სწავლება იმ დროს. მიუხედავად ამისა, მისი მეშვეობით ღმერთმა რამდენიმე სული იხსნა ამ ქალაქში. ესენი იყვნენ დამარისი, დიონისე არეოპაგელი და ზოგიერთი სხვაც. ყოველთვის ყურადღებით იყავით, ყოველთვის მზად იყავით, რომ ილაპარაკოთ და არ უგულებელყოთ მოწვევა.
არ ილაპარაკოთ ზედმეტი, არ ილაპარაკოთ ბევრი, მაგრამ გამოიჩინეთ სიმტკიცე, რომ გასაგებად აუწყოთ ადამიანებს იესო ქრისტეს შესახებ. მხოლოდ ხალხის წინაშე გამოსვლის მეშვეობითა და სისტემატური მომზადების შედეგად შეძლებთ გამოცდილების მიღებას. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენთვის არ ლაპარაკობთ, არამედ ხალხისთვის, რომელიც გისმენთ; ლაპარაკობთ იმისათვის, რომ ყოველი მათგანი გადარჩეს და მიიღოს მარადიული სიცოცხლე.
ავტორი: ვასილი ფილატი