დღევანდელ სამყაროში, რომელშიც გამეფებული მატერიალიზმი, ჩვენი სულის მტერია, თითქოს ყველაფერი ჩვენს გატეხასა და განადგურებას ცდილობს. ამ დაძაბულ რეალობაში ჩვენ გონების ყოველდღიური განახლება გვჭირდება სახარებისეულ ჭეშმარიტებათა მეშვეობით.
უპირველეს ყოვლისა, გამოიკვლიეთ თქვენი აზრები
ოდესმე ყურადღება მიგიქცევიათ, რა ხდება თქვენს გონებაში? გიფიქრიათ იმაზე, რაზე ფიქრობთ ყოველდღიურად?
დაგისვამთ თქვენი თავისთვის კითხვები: რას ვისმენ? რაზე ვფიქრობ? რისი მწამს?
ჩვენ გამუდმებით გვესმის ფრაზები, იდეები, მსოფლმხედველობანი და შეხედულებანი. ჩვენი პირადი ისტორიები სავსეა იმედგაცრუებით, სასოწარკვეთითა და ტკივილით. ჩვენს გულსა და გონებას გამუდმებით უტევენ ეშმაკი და ქვეყნიერება ათასგვარი სიცრუისა და ბრალდების მეშვეობით.
როგორც ბიბლია ამბობს, ჩვენ უნდა დავატყვეოთ ჩვენი აზრები, უნდა გამოვიკვლიოთ ისინი. რაიმეს დატყვევება გულისხმობს მასზე კონტროლის მოპოვებას და მართვას. დაახლოებით ისე, როგორც გარეულ ცხოველებს ათავსებენ გალიაში, რათა მათ არავინ დაგლიჯონ. შემდეგ ეტაპზე კი გულდასმით უნდა შევისწავლოთ ჩვენი აზრები და გავაცნობიეროთ ის, თუ რის შესახებ ვფიქრობთ ყოველდღიურად, რისი გვჯერა და რატომ.
ამგვარად, ჩვენ დავინახავთ, არის თუ არა ჩვენი ფიქრები სახარებისეულ ჭეშმარიტებათა და იმ ახალი ქმნილების შესაბამისი, რომელიც ჩვენ ვართ ქრისტეში. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ვფიქრობ კი იმაზე, რაც კარგია, რაც კეთილია? მჯერა კი იმის, რასაც ბიბლია ამბობს ღმერთზე, ადამიანებზე, ჩემზე?
ჩვენი სულის მტერი კვლავ გვეტყვის ტყუილს ღმერთის შესახებ, რათა გვაცდუნოს, უნდობლობა გააჩინოს ჩვენს ურთიერთობაში, რათა გავნაწყენდეთ ღმერთსა და ადამიანებზე, რომ განვიკითხოთ ისინი. ეს ყველაფერი გვანადგურებს და ამიტომ ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რაზე ფიქრობთ.
დაიმორჩილეთ საკუთარი გონება
მოციქული პავლე რომაელთა მიმართ წერილში (12:2) ამბობს, რომ არ უნდა ვემსგავსებოდეთ ქვეყნიერებას, არ უნდა ვაზროვნებდეთ ისე, როგორც უმრავლესობა აზროვნებს, არამედ უნდა ვიცვლებოდეთ ჩვენი გონების განახლებით. პავლე კორინთელებსაც სწერს იმის შესახებ (მე-2 კორ. 10:5), თუ როგორ უნდა იხელმძღვანელონ სულიერი ბრძოლისას. ის ამბობს, რომ მორწმუნეებს უნდა შეეძლოთ, ყოველგვარი აზრის ქრისტესათვის დამორჩილება.
სთხოვეთ სულიწმიდას (იოანეს 14:16), დაგეხმაროთ, რათა დაუმორჩილოთ თქვენი აზრები ქრისტეს. სულიწმიდა არა მარტო გვეხმარება, არამედ გვამხელს კიდეც, როდესაც ჩვენი აზრები არ შეესაბამება ბიბლიურ ჭეშმარიტებას.
მე ყოველდღიურად ვთხოვ სულიწმიდას, რომ მიმოწმებდეს, თუ ვინ არის იესო ქრისტე, რა აღასრულა მან და ვინ ვარ მისი მადლის მეშვეობით. თუ ჩემი აზრები და შეხედულებანი არ შეესაბამება ჩემს ვინაობას ქრისტეში, სულიწმიდა მიჩვენებს ამას.
აი, კითხვები, რომლებსაც რეგულარულად ვუსვამ სულიწმიდას:
· ეს სწორია თუ მცდარი?
· ეს ეშმაკის ბრალდებაა თუ სულიწმიდის მხილება?
· რაზე ვამყარებ იმედს: ღვთის სიტყვაზე, საკუთარ ძალაზე თუ სხვა ვინმეზე?
· რა გავლენას ახდენს ჩემს აზრებსა და შეხედულებებზე ჭეშმარიტება იესო ქრისტეს ცხოვრების, მისი სიკვდილისა და აღდგომის შესახებ? რა უნდა მახსოვდეს ამ წუთებში იესოს შესახებ?
ლოცვა ‒ ეს მხოლოდ საკუთარი თხოვნის ღმერთისთვის განდობა არ არის, ეს ასევე გულისხმობს უფლისადმი საკუთარი აზრებისა და შეხედულებების დამორჩილებას, რათა ჩვენი გონება განახლდეს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებათა შუქზე.
დააკვირდით ნაყოფს
თუ ჩვენ დავემორჩილებით სულიწმიდის მმართველობას, შესაბამისი ნაყოფიც გვექნება. გალატელთა წერილში (5:22-23) პავლე აღწერს სულის ნაყოფს:
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება ‒ ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
მეორე მხრივ, ცხოვრება ქრისტეს გარეშე აღსავსეა ხორციელი გულისთქმებით:
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
ბიბლია ამბობს, რომ ხე ნაყოფით შეიცნობა, დააკვირდით თქვენს ნაყოფებს: ქრისტიანისთვის შესაფერისია ისინი? ჰგავს თქვენი ქმედებები ქრისტეს ქმედებებს? თუ არა, მაშინ პრობლემა თქვენს გონებაშია. გადაამოწმეთ, ხორციელი ფიქრებისთვის თქვენს გონებაში გაბატონების უფლება ხომ არ მიგიციათ?
სულიწმიდა გვამხელს და მოგვიწოდებს მონანიებისკენ, მონანიება კი უბრალოდ საქციელის ცვლილება არ გახლავთ, უპირველეს ყოვლისა, მონანიებას საფუძვლად აზროვნების, შეხედულების შეცვლა უდევს. ეს არის ჩვენს დამოკიდებულებათა ცვლილება, რომელიც შემდგომ ჩვენს ქცევას ცვლის. ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური მოზიარეობა სულიწმიდასთან, რომელიც აგვიხელს თვალებს და დაგვეხმარება ჩვენი ფიქრების და ცხოვრების შეცვლაში.
საპასუხო დარტყმა
ბრძოლა თქვენს გონებაში პასიური ქმედება არ გახლავთ, პირიქით, ეს აქტიური, გადამწყვეტი ბრძოლაა ღვთის ძალის და სულიერი იარაღის დახმარებით, რომელიც ჩვენთვის მისაწვდომი გახდა სახარების მეშვეობით. ისწავლეთ სახარებისეულ ჭეშმარიტებათა გამოყენება არასწორ აზრებთან საბრძოლველ იარაღად.
პავლე მოციქული ეფესელებს სწერს ამ „იარაღის“ შესახებ:
ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ, წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.
შემდეგ იგი აღწერს იარაღს, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ჩვენთვის სახარების მეშვეობით სულიერ ბრძოლაში გასამარჯვებლად (ეფესელთა 6:14-18).
ჩვენ, ქრისტიანებმა უნდა ვიბრძოლოთ, ვიდგეთ ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი, იესო ქრისტეს სიმართლის ჯავშნით შემოსილები, მზად უნდა ვიყოთ, რათა გავექცეთ ბოროტებას და დავემორჩილოთ ქრისტეს, რადგან ჩვენ გავთავისუფლდით ცოდვის მონობისაგან, სირცხვილისა და შიშისაგან. ქრისტეს წყალობით, ჩვენი დანაშაული და სირცხვილი წაიშალა და შიში განადგურდა, რადგან მან დაამარცხა ჩვენი მტერი, ეშმაკი.
აიღეთ რწმენის ფარი, ირწმუნეთ ყველაფერი, რაც ღმერთმა გააკეთა თქვენთვის იესო ქრისტეს მეშვეობით. დაიფარეთ გონება ხსნის ჩაჩქანით, რათა დაცულნი იყოთ ტყუილის, განკითხვისა და ცდუნებისაგან, როდესაც მათ პირისპირ მოგიწევთ დგომა. გამოიყენეთ სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. აღიარეთ სახარებისეული ჭეშმარიტებანი, რათა თავიდან აირიდოთ ეშმაკის დარტყმები.
და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იყავით მინდობილნი სულიწმიდაზე, იქონიეთ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა ლოცვაში. იარაღი არასოდეს იქნება საკმარისი გამარჯვებისთვის, თუ არ იმოქმედებთ სულიწმიდის ძალით.
დაატყვევეთ თქვენი აზრები და ყურადღებით შეისწავლეთ ისინი, დაუმორჩილეთ თქვენი აზრები ქრისტეს, დაუკვირდით ნაყოფს და მზად იყავით საპასუხო დარტყმისთვის სახარების ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი. და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენ ომში ვართ…