1997-2016 წლებში არქეოლოგები აწარმოებდნენ გათხრებს ისრაელში, აშკელონთან ახლოს, სადაც მათ გამოიკვლიეს ასზე მეტი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ქრისტეს შობამდე XII-VI საუკუნეებით თარიღდება. მკვლევრები ცდილობდნენ, როგორმე მიეღოთ დნმ, რომელიც დაეხმარებოდა მათ კითხვებზე პასუხების მოძიებაში. ეს კითხვები ფილისტიმელებს და მათ წარმოშობას შეეხება.
როგორც მეცნიერულად დადასტურდა, ფილისტიმელები იყვნენ ზუსტად ისინი, რომლებზეც ბიბლია მიუთითებს და წარმოიშვნენ მათგან, ვისზეც წმინდა წერილი საუბრობს.
ამოს წინასწარმეტყველის მე-9 თავში უფალი ამბობს, რომ მან ამოიყვანა ფილისტიმელები ქაფთორიდან ისევე, როგორც ისრაელი ეგვიპტიდან.
განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო?“ – ამბობს უფალი, – „განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი – კირიდან?
მეორე რჯულის მე-2 თავში ნათქვამია, რომ ქაფთორელებმა, რომლებიც გამოვიდნენ ქაფთორიდან, გაანადგურეს ქანაანის მკვიდრი მოსახლეობა და დასახლდნენ იქ, მათ ნაცვლად.
და ყავიმელნი, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფლებში ღაზამდე, მოსრეს ქაფთორელებმა, რომლებიც გამოვიდნენ ქაფთორიდან და დასახლდნენ მათ მაგიერ.
აქ იბადება კითხვა: სად იყო ქაფთორი? ჩვენ ეს ზუსტად არ ვიცით, თუმცა ბიბლია გვაწვდის საინტერესო ინფორმაციას. ქაფთორს იერემია კუნძულად მოიხსენიებს. ებრაული სიტყვა, რომელიც აქ ზღვისპირა მიწას აღნიშნავს, ასევე კუნძულის მნიშვნელობასაც ატარებს. ამ და სხვა მიზეზების გამო, არქეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიბლიური ქაფთორი კუნძულ კრეტას აღნიშნავს.
მომავალი დღის გამო, როდესაც დასცემენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ცორს და ციდონს ყველა გადარჩენილი შემწე, რადგან დაამხობს უფალი ფილისტიმელთა ნატამალს, ქაფთორის კუნძულზე რომ გადარჩა.
ბიბლიის რამდენიმე თანამედროვე თარგმანი სინონიმებადაც კი მოიხსენიებს მათ. ბიბლია ფილისტიმელებთან დაკავშირებით კიდევ სამ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის:
- ისინი არ იყვნენ ქანაანის მკვიდრი მოსახლეობა.
- მათ გამოდევნეს ადგილობრივი ხალხები ამ ტერიტორიიდან.
- ისინი ქანაანამდე მივიდნენ ხმელთაშუა ზღვის მეშვეობით.
ისევ აშკელონის გათხრებთან ვბრუნდებით. არქეოლოგმა მაიკლ ფელდმანმა – არქეოლოგიური გათხრების მწარმოებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა და დანიელ მასტერმა დნმ-ის გამოკვლევით საიდუმლოს ფარდა ახადეს. მათი თქმით, გათხრების შედეგად პირველად დადასტურდა, რომ ფილისტიმელები ამ რეგიონში საცხოვრებლად ძვ. წ. XII საუკუნეში მოვიდნენ.
საიდან მოვიდნენ ფილისტიმელები?
ფელდმანის თანახმად, აღმოჩენილი დნმ ისტორიულად ევროპულია, უფრო ზუსტად კი, სამხრეთ ევროპული. ფილისტიმელების წინაპრები ევროპიდან უნდა მოსულიყვნენ ხმელთაშუა ზღვის გავლით და დასახლებულიყვნენ აშკელონში დაახლოებით ბრინჯაოს ხანის დასასრულსა და რკინის ხანის დასაწყისში. დროთა განმავლობაში წინაპართა დნმ ცვლილებას განიცდის ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის გამო. ეს მსჯელობა თავის მხრივ სრულ თანხმობაშია ბიბლიასთან.
ფილისტიმელები ისრაელიანების მტრები იყვნენ როგორც მსაჯულების დროს, ასევე მონარქიის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე. მოგვიანებით, ისინი სულ უფრო და უფრო ერწყმიან ქანაანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს და დროის გასვლასთან ერთად აღარ ვხვდებით მათ, როგორც ცალკე ერს.
მიუხედავად უახლესი არქეოლოგიური კვლევების დასკვნისა, მაინც ამბობენ, რომ ეს არ ამტკიცებს ბიბლიის სანდოობას. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ბიბლიური ინფორმაციის სიზუსტე არ ნიშნავს, რომ სხვა დანარჩენიც სიმართლეს შეესაბამება.
რა თქმა უნდა, უტყუარი ფაქტი ფილისტიმელთა წარმოშობის შესახებ ცალსახად არ ამტკიცებს მთელი ბიბლიის სანდოობას, მაგრამ არსებობს სხვა აღმოჩენებიც, რომელნიც ასევე ადასტურებს, რომ ბიბლიური წიგნების ავტორები არ იგონებდნენ მითებს, არამედ აღწერდნენ ისტორიულ სიმართლეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლიური რწმენა ისტორიული რწმენაა. ბიბლიაში ყველა მცირე დეტალიც კი ისტორიულ სიმართლეს შეესაბამება და საერთო არაფერი გვაქვს „იყო და არა იყო რა“-ს პრინციპით შექმნილ ზღაპრებთან.
წყარო: https://www.christianpost.com