2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ქალაქ ვუჰანში გავრცელებული პნევმონიის ახალი სახეობის შესახებ, რომლის შესახებაც მანამ არაფერი იყო ცნობილი. 2020 წლის 7 იანვრისათვის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა განაცხადეს იმასთან დაკავშირებით, რომ აღმოაჩინეს ახალი ვირუსი კორონავირუსის ოჯახიდან, რომელსაც ეწოდა 2019-nCoV. 7 იანვრის შემდეგ ახალი ვირუსი თითქმის ყველა ერში გავრცელდა, რამაც მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე. გაჩერდა საფონდო ბირჟები, გლობალურ მოგზაურობასა და ვაჭრობას დიდი ზიანი მიადგა.
ამ კრიზისულ სიტუაციაში, როცა ქრისტიანებს ბევრი სერიოზული კითხვა აქვთ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მიმართულებას გვიჩვენებს წმინდა წერილი. ასევე სასარგებლო იქნება, თუ წარსულს გადავხედავთ და ვნახავთ, როგორ უმკლავდებოდნენ ადრე მსგავს კრიზისულ სიტუაციებს ქრისტიანები. ჩვენ შეგვიძლია, ბევრი რამ ვისწავლოთ იმ შემაძრწუნებელი მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებიც ევროპაში მე-14-მე-16 საუკუნეებში გავრცელებულმა შავმა ჭირმა გამოიწვია. ეს იყო ბუბონის ჭირი, ეგრეთ წოდებული „შავი სიკვდილი“, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა 1347-1350 წლებში და ევროპის მოსახლეობის ერთი მეოთხედი გაწყვიტა. მოგვიანებით, მე-15 საუკუნეში შავმა ჭირმა ისევ იფეთქა ევროპაში, რამაც დიდი კვალი დაამჩნია ხალხს. სიკვდილიანობა 30%-დან 90%-მდე მერყეობდა, როცა დაავადება ეპიდემიის დონეზე იყო გავრცელებული.
„უნდა გაექცეს თუ არა ადამიანი სასიკვდილო ჭირს?“
ეს გახლავთ სათაური იმ შესანიშნავი პამფლეტისა, რომელიც მარტინ ლუთერმა დაწერა 1527 წელს. 1527 წლის აგვისტოში შავმა ჭირმა იფეთქა ლუთერის მშობლიურ ქალაქ ვიტენბერგში, საიდანაც ბევრი ადამიანი გაიქცა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. კურფიურსტმა იოჰანმა ლუთერს უბრძანა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ქალაქი თავის გადასარჩენად, მაგრამ ლუთერმა არჩია, დარჩენილიყო და სნეულთათვის მიეხედა. ქალაქის მერის ცოლმა ლუთერის ხელში დალია სული. ლუთერი იმედითა და ღვთის სიტყვით ანუგეშებდა სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანებს. გერმანიის სხვა ქალაქების მცხოვრებნი დასცინოდნენ ვიტენბერგელებს საკუთარი ქალაქიდან გაქცევის გამო. ერთმა გერმანელმა ხუცესმა, იოჰან ჰესემ, ლუთერს წერილი მისწერა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მსგავს მდგომარეობაში ხუცესი. ზემოხსენებული პამფლეტი გახლდათ ლუთერის პასუხი ჰესეს წერილზე. მასში გადმოცემული სიბრძნე დღესაც დიდად გამოსადეგი იქნება ქრისტიანებისათვის.
ვის შეუძლია წასვლა?
ამ ტრაქტატში ლუთერი მიმართავდა ყველას, ვისაც მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანი არ უნდა გაქცეულიყო, რადგან ჭირი ღვთის მიერ მოვლენილი სასჯელია ჩვენი ცოდვებისათვის, რომ ქრისტიანმა თავმდაბლურად და მომნანიე გულით უნდა მიიღოს უფლის ნება. მიუხედავად იმისა, რომ ლუთერისათვის ამგვარი შეხედულება ქების ღირსი გახლდათ, ის აცნობიერებდა, რომ ყველას როდი ჰქონდა თანაბრად ძლიერი რწმენა.
ლუთერი ასევე ამტკიცებდა, რომ საზოგადოებაში ხელმძღვანელი როლების მქონენი (ხუცესები, მერები, მოსამართლეები, ექიმები) უნდა დარჩენილიყვნენ მანამ, სანამ კრიზისი არ ჩაივლიდა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ხუცესებს. ისინი უნდა ყოფილიყვნენ მსგავსნი კეთილი მწყემსისა, რომელიც თავის სიცოცხლეს დებს ცხვართათვის (იოანე 10:11).
სწორედ ასეთივე დარწმუნებით აცხადებდა ლუთერი იმასაც, რომ ცოდვა იქნებოდა, თუ მშობლები შვილებს დატოვებდნენ, ან თუ გაქცევით უშველიდა თავს ის ადამიანი, რომელზეც ოჯახის სხვა წევრები იყვნენ დამოკიდებულნი. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს მოყვასთა შესახებ, რადგან მცნება ‒ „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ‒ იმის ცოდნასაც ნიშნავს, რომ მათ არაფერი ემუქრება. გარდა ამისა, სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის სურვილი ბუნებრივი და ბიბლიურად ნებადართული გახლდათ ისევე, როგორც წამლის გამოყენება. ლუთერი ფატალისტი როდი იყო.
სიკვდილის შიში
ლუთერი ამბობდა, რომ სიკვდილის შიში ეშმაკის მიერ იყო გამოწვეული და რომ ქრისტიანი არ უნდა დანებებოდა ამ შიშს. ქრისტეს აღდგომის გამო ყველა ქრისტიანი უშიშარი უნდა ყოფილიყო სიკვდილის წინაშე. და მაინც, ლუთერი აღიარებდა, რომ ზოგიერთი ადამიანის რწმენა უფრო მტკიცე იყო სხვა ადამიანთა რწმენასთან შედარებით; მტკიცე რწმენის მქონეთ შეეძლოთ გაბედულად შესვლა ცეცხლში, რადგან დიად ჯილდოს მოელოდნენ უფლისაგან თავიანთი მსახურებისათვის, ხოლო სხვები, რომელთაც სუსტი რწმენა ჰქონდათ, ამ სისუსტიდან გამომდინარე, თავს გაქცევით შველოდნენ.
ლუთერი ამბობდა, ქრისტიანებს, რომლებიც ღმერთზე არიან მინდობილნი და მომაკვდავ ადამიანებს ემსახურებიან, არ უნდა ეშინოდეთ ინფექციისა და წყლულების, რადგან სნეულებზე ზრუნვით ქრისტეზე ვზრუნავთ. იესო ამბობდა: „სნეული ვიყავი და მომინახულეთ“ (მათე 25:36). იოანე წერდა, რომ ქრისტემ ჩვენთვის გაწირა თავისი სიცოცხლე და ჩვენც ასევე უნდა გავწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვებისათვის (1-ლი იოანე 3:16). მეორე მხრივ, ლუთერი აფრთხილებდა მათ, ვინც ზედმეტად თავდაჯერებულნი იყვნენ, სათანადოდ არ აფასებდნენ შავი ჭირის სერიოზულობას და აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ ღვთისადმი.
ღვთის სიტყვა
მარტინ ლუთერი დაჟინებით შეაგონებდა მომაკვდავის სარეცელთან მყოფებს, რომ ღვთის სიტყვა უხვად ექადაგათ მათთვის; ესწავლებინათ, როგორ ეცხოვრათ და როგორ მომკვდარიყვნენ რწმენით. სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე ურწმუნო ადამიანისათვის უნდა შეეგონებინათ ის, რომ მოენანიებინა, სანამ დრო ჯერ ისევ რჩებოდა და მოეხმოთ ხუცესისთვის მანამ, სანამ ჯერ კიდევ შეეძლოთ მისი სიტყვების მოსმენა და გაგება. ასევე, თუკი მომაკვდავს რაიმე ზარალი ჰქონდა სხვისთვის ასანაზღაურებელი, ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა და ზიარება მიეღო, თუკი შესაძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, მომაკვდავს რაც შეიძლება მალე უნდა დაეწერა ანდერძი.
პრაქტიკული ნაბიჯები
გარდა ყოველივე ზემოხსენებულისა, ლუთერი თავის პამფლეტში იძლეოდა რჩევებს პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც დაავადების გავრცელების თავიდან არიდებას შეუწყობდა ხელს.
ჩვენთვის, ვინც ლუი პასტერის მიერ მიკრობების აღმოჩენის შემდეგ ვცხოვრობთ და ვსარგებლობთ მედიცინისა და მეცნიერების ახალი მიღწევებით, ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ განსხვავებული იყო მდგომარეობა ლუთერის დროინდელ ვიტენბერგში.
ლუთერი ასევე შუამდგომლობდა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები უნდა საავადმყოფოებად გადაკეთებულიყო, რათა სნეულები ასობით სახლში არ ყოფილიყვნენ განაწილებულნი. ის ასევე შეაგონებდა ქრისტიანებს, გოგირდით დაეხრჩოლებინათ საკუთარი სახლები და ქუჩები, რათა შავი ჭირის კიდევ უფრო მეტად გავრცელება აერიდებინათ თავიდან. ის ასევე მოითხოვდა, რომ ვიტენბერგის სასაფლაო ქალაქგარეთ გადაეტანათ და მისი კედლები ბიბლიური სცენებით მოეხატათ მგლოვიარეთა სანუგეშებლად.
ქრისტეს სიყვარული
საბოლოოდ, ლუთერი თითოეულ მოქალაქეს უტოვებდა არჩევანის საშუალებას: გაქცეულიყო თუ დარჩენილიყო ღვთის სიტყვიდან გამომდინარე. ასეთი ჟამი ძალიან სერიოზული და დაძაბულია და ამ დროს ყველაფერი ღვთის სიტყვის სინათლეში უნდა ვაკეთოთ, იესო ქრისტეს სახარების მოწოდების შესაბამისად.
კორონავირუსის გავრცელება სულ ცოტა ხნის დაიწყო და შეიძლება ცოტა ხანში ის მხოლოდ მოგონებად დარჩეს სამედიცინო წიგნების ფურცლებზე, მაგრამ ეს შესაძლებლობაა ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, რომ გამოვავლინოთ ქრისტეს სიყვარული მოყვასის მსახურებაში და ვიცხოვროთ უშიშრად, რამეთუ ქრისტემ უკვე მოიპოვა გამარჯვება თავისი შვილებისათვის.