„მრავალი ინსტიტუტის, საქველმოქმედო თუ სხვა სახის ორგანიზაციის მსგავსად, „წითელი ჯვრის“ შექმნა ქრისტიანულ რწმენას უკავშირდება. ბანკირისა და ბიზნესმენის ქრისტიანული რწმენით გამოწვეული თანაგრძნობა და სიბრალული იმ სიკეთის წყარო გახდა, რომელიც მილიონობით ადამიანს მისწვდა. მისი მშობლების ქრისტეს რწმენით სავსე გულების სითბო არა მხოლოდ ადგილობრივ თემს შეეხო, არამედ მათი შვილის საშუალებით უფრო მძლავრ ნაკადად იქცა და მძიმე განსაცდელში მყოფ და ტკივილიან სამყაროში დაიღვარა.“
ჟან ანრი დიუნანი (1828-1910), მსოფლიოში ცნობილი, როგორც ანრი დიუნანი დაიბადა ჟენევაში (შვეიცარია), კალვინისტი ქრიასტიანების ოჯახში. ჟენევა არის ის ქალაქი, სადაც პროტესტანტი ლიდერი ჟან კალვინი თავის მსახურებრივ ცხოვრებას ეწეოდა. პროტესტანტული რეფორმის მიმდევრები, ჰულდრიხ ცვინგლი და ჟან კალვინი 1549 წელს ჩაერთნენ რეფორმატორული ეკლესიის შექმნაში, შედეგად ჩამოყალიბდა კალვინისტური მოძღვრება.
ანრი დიუნანის მშობლებს დიდი წვლილი შეჰქონდათ ჟენევის მოსახლეობის ცხოვრებაში. ოჯახი საშუალო კლასის ბურჟუაზიას მიეკუთვნებოდა და აქტიური სოციალური ცხოვრებით იყო დაკავებული. ანრის მამა სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და ბავშვთა თავშესაფარში მუშაობდა და ეხმარებოდა ობლებსა და შინაპატიმრობაში მყოფ პირებს, დედა კი ავადმყოფებსა და ღარიბებზე ზრუნავდა. მშობლების ცხოვრება და საქმიანობა მკაფიოდ აღიბეჭდა ახალგაზრდა ანრის გონებაში და მოამზადა იგი იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელიც მსოფლიოს წინაშე მიუძღვის.
ადრეული სულიერი ცხოვრება
1814 წელს ევანგელური გამოღვიძების მოძრაობა აღმოცენდა დასავლეთ შვეიცარიის რეფორმატორულ ეკლესიებში და სამხრეთ საფრანგეთში. ამ გამოღვიძების ზეგავლენა დიდხანს გაგრძელდა და დროთა განმავლობაში გავლენა მოახდინა ანრის სულიერ ცხოვრებაზე. 18 წლის ასაკში ანრი ჟენევის საქველმოქმედო საზოგადოებას შეუერთდა და ერთი წლის შემდეგ თავის მეგობრებთან ერთად დააარსა „ხუთშაბათის საზოგადოება“. მათი მიზანი იყო შეესწავლათ ბიბლია, დახმარებოდნენ ღარიბებს, მოენახულებინათ სასჯელაღსრულების დაწესებულებები და შეესრულებინათ სხვა სოციალურ-საქველმოქმედო სამუშაოები. მისი რწმენის სიღრმე აირეკლა წერილში, რომელსაც ის სწერს პროტესტანტ მსახურებს:
„ძვირფასო მეგობრებო, ახალგაზრდა ქრისტიანი კაცები შეიკრიბნენ ჟენევაში, რათა თაყვანი სცენ უფალ იესო ქრისტეს, ემსახურონ და ადიდონ იგი. მათ შეიტყვეს, რომ თქვენშიც არიან ძმები, მათსავით ახალგაზრდები, რომელთაც უყვართ თავიანთი გამომსყიდველი და იკრიბებიან, რათა მისი წინამძღოლობით და ბიბლიის კითხვით მეტი ისწავლონ. მტკიცედ სურთ, რომ თქვენი ქრისტესმიერი მეგობრები გახდნენ. ძვირფასო ქრისტესმიერო ძმებო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირადად გაცნობის ბედნიერება არ გვხვდა წილად, ვჩქარობთ, რომ აღგითქვათ მტკიცე ძმური სიყვარული. გთხოვთ, გავაგრძელოთ მიმოწერა, რათა შევინარჩუნოთ ქრისტიანული სიყვარული ერთი მამის შვილებს შორის და წყალობით გადმოგვხედოს ღმერთმა. მოგმართავთ, როგორც დამმოწმებლებს სამყაროსათვის, რომ ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც იცნობენ მას და უყვართ იგი, როგორც მათი ერთადერთი თავშესაფარი და ერთადერთი სიმართლე, რას წარმოადგენენ, თუ არა დიდებულ სულიერ ოჯახს, რომლის წევრებს მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არ იცნობენ ერთმანეთს, გულწრფელი ქრისტესმიერი სიყვარულით უყვართ ერთმანეთი, ქრისტეს სახელით, რომელიც არის მათი წინამძღვარი, მათი მეგობარი, მათი ღმერთი და მათი უფალი…”
კარიერის დასაწყისი საბანკო საქმეში
შესაძლოა იფიქროთ, რომ ანრი დიუნანის მსგავს კაცს მრავალი დაბრკოლება უნდა შეხვედროდა, თუმცა ანრის ცხოვრებაში სხვანაირად განვითარდა სიტუაცია. საზოგადოებრივ საქმეებში ჩართულობის გამო ანრის დაბალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, ამიტომ ის სკოლის დამამთავრებელი კლასიდან გარიცხეს. მან ეკონომიკისა და საბანკო საქმის შესწავლა დაიწყო და თან აგრძელებდა საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმეების კეთებას. 1849 წელს ის სტაჟიორად ჩაირიცხა ბანკ «Lullin et Sautter»-ში და სამი წლის განმავლობაში იღებდა სპეციალიზებულ განათლებას, რის შემდეგაც იგი ბანკის თანამშრომელი გახდა. ამ სამსახურმა ანრის კარი გაუხსნა მომავალი შესაძლებლობებისთვის.
1852 წლის 30 ნოემბერს ანრიმ დააარსა ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის ფილიალი ჟენევაში. ქრისტიანმა ტექსტილით მოვაჭრე ჯორჯ უილიამსმა პირველი ქრისტიანული ასოციაცია ლონდონში დააარსა. სამი წლის შემდეგ კი დიუნანმა ასოციაციის ფილიალი ჟენევაში გახსნა და მონაწილეობა მიიღო პარიზის კონფერენციაში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმა შეიძინა ასოციაციამ. ამ დღიდან ანრი დიუნანის სახელს უკავშირდება ამ ასოციაციის პროგრესი და ზრდა.
სოლფერინო
ქრისტიანულ ასოციაციაში გატარებული წლები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დიუნანის შემდგომი მომზადებისთვის, იმისათვის, რის გამოც ის მსოფლიოს დაამახსოვრდა.
1856 წელს ალჟირში მან შექმნა კოლონიური ასოციაცია, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მონტ-ჟემირას ქარხნების ფინანსურ-ტექნოლოგიურ საზოგადოებად იქცა ალჟირის კუნძულ სეტიფში, მოგვიანებით იგი ცდილობდა – მიეღო ნებართვა, რათა გამოეყენებინა ჩანჩქერი ფქვილის წარმოებისთვის, ასევე ცდილობდა ნებართვის მოპოვებას ხორბლის გაშენებაზეც. მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რათა მეტი შანსი ჰქონოდა, მიეღო გრანტი წარმოების განვითარებისთვის. ადგილობრივი წარმომადგენლები კი მერყეობდნენ, მიეცათ თუ არა მისთვის მიწა იჯარით, დაერთოთ წისქვილის მშენებლობის და წყლის გამოყენების უფლება თუ არა. პრობლემის გადასაჭრელად და საკითხისათვის სინათლის მოსაფენად დიუნანს ურჩიეს – პირდაპირ საფრანგეთის იმპერატორისათვის, ნაპოლეონ მესამისათვის მიემართა, რომელიც იმ დროს ჩართული იყო ლომბარდიის ომში.
სოლფერინოს ბრძოლა
ნაპოლეონის შტაბი პატარა ქალაქ სოლფერინოში (იტალია) იყო განთავსებული. დიუნანი მასთან შესახვედრად გაემგზავრა. 1859 წლის 24 ივნისის საღამოს, მას შემდეგ, რაც სოლფერინოს მიუახლოვდა, უამრავი დაჭრილი, მომაკვდავი და მკვდარი ჯარისკაცით მოფენილ ველზე აღმოჩნდა. 30 000-ზე მეტი ადამიანი იბრძოდა იმ დღეს ბრძოლაში. დიუნანი შეძრწუნებული იყო ამის ხილვით, მტკივნეულად განიცდიდა, რომ არავინ არაფერს აკეთებდა ჯარისკაცებისათვის ჭრილობების შესამსუბუქებლად. მათ უმეტესობას მისჯილი ჰქონდა სისხლდენა, წყურვილი და მარტოობა აგონიისას.
დიუნანს არ შეეძლო, ამისთვის გულგრილად ეყურებინა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა ელემენტარული სამედიცინო განათლებაც კი, ავადმყოფებისთვის მოვლის გამოცდილებამ საავადმყოფოში, რომელსაც მეთაურობდა ბაბუა, ხოლო შემდეგ ზრუნავდა დედა და თვითონ, საშუალება მისცა – კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავალი ეპოვა. ის შესანიშნავი ორგანიზატორი გახლდათ. სასწრაფოდ დაიწყო სამოქალაქო მოსახლეობის მობილიზება, განსაკუთრებით ჩართულები იყვნენ ქალაქში მცხოვრები ქალები და გოგონები, რათა დახმარება გაეწიათ დაჭრილებისა და მომაკვდავებისათვის. სახელდახელოდ ააშენა სამედიცინო პუნქტი, პირადად უზრუნველყო ის საჭირო ნივთებით, ეხმარებოდა ჯარისკაცებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარის წარმომადგენლები იყვნენ ისინი. პირველად იქნა გამოყენებული სამხედრო ქირურგიისათვის უმნიშვნელოვანესი პრინციპი – დაჭრილების დახარისხება დაზიანების სიმძიმის მიხედვით. დიუნანმა დიდი ძალისხმევა გასწია გამარჯვებული ნაპოლეონის მიერ დატყვევებული ავსტრიელი ექიმების გასათავისუფლებლად, რომლებიც ასევე ჩაერთნენ ჯარისკაცებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საქმეში.
არსებობს ლეგენდა, რომელიც დიუნანის ცხოვრების ამ მონაკვეთს უკავშირდება. ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე მან იპოვა თეთრი ზეწარი, რომელზეც სისხლით წითელი ჯვარი დახატა, გაეხვია მასში და იყვირა: „ჩვენ ყველანი ძმები ვართ!“ ამის შემდეგ დაიწყო დაჭრილთა ბრძოლის ველიდან გაყვანა, განურჩევლად იმისა, თუ რომელი მხარის წარმომადგენელი იყო ჯარისკაცი. მისი სიმამაცით ყველა გაოცებული იყო და არავის უფიქრია სროლა.
წიგნით იწყება „წითელი ჯვარი“
ივლისის დასაწყისში, ჟენევაში დაბრუნებისას, მან წიგნში „სოლფერინოს მოგონებები“ აღწერა ის, რაც თავს გადახდა და ის, რაც განიცადა. წიგნი 1862 წელს გამოქვეყნდა. მან მხატვრული სიზუსტით აღწერა ბრძოლა და ომის ტრაგიკული შედეგები.
„ერთ ბატალიონს მეორე ცვლის; ყოველი ბორცვი, ყოველი ქვიანი მაღლობი ბრძოლის დროს დიდი საფრთხეა. გორაკები თუ ხევები გვამებითაა მოფენილი. ავსტრიელები და მოკავშირეთა ჯარები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ისევ კლავენ ერთმანეთს სისხლით მორწყულ მიწაზე, კლავენ ცეცხლსასროლი იარაღით, თავის ქალებს უმსხვრევენ ან ხანჯლითა და ხიშტით ფატრავენ ერთმანეთს. არ წყდება ომი საათის მეოთხედითაც კი. დაჭრილების დასახმარებლად არავინ ჩანს, ისინი მხოლოდ საკუთარი თავის ამარა დარჩნენ… სასაკლაო გაუმართავთ სისხლით დამთვრალ ადამიანებს.
ზოგჯერ ეს ბრძოლა უფრო უარესდება სწრაფმავალი კავალერიის გამო. პატრონებზე მეტად თანაგრძნობას ცხენები იჩენენ, ამაოდ ეძებენ ფეხის დასადგმელს დახოცილთა შორის, მაგრამ მათი რკინის ჩლიქები მკვდრებსა და მომაკვდავებს ზედ უვლის. ცხენების ჭიხვინი ღვთის გმობას, მრისხანების ცრემლებს, ტკივილისაგან გულგამგმირავ ყვირილსა და აგონიაში მყოფთა სასოწარკვეთილ ყრუ გმინვას ერევა.
არტილერია შეუჩერებლივ მიჰყვება კავალერიას, რომელმაც გზა უკვე გაიკვალა გვამებსა და დაჭრილებს შორის. ერთ-ერთის ქვედა ყბა მოტეხილია; მეორის თავი გაპობილია; მესამე გულშია დაჭრილი. მკლავები დამტვრეული და დალურჯებულია; ბრძოლის ველი ადამიანთა ნარჩენებითაა დაფარული; დედამიწა სისხლითაა გაჟღენთილი.“ – წერდა დიუნანი.
დიუნანმა ევროპაში მრავალ პოლიტიკურ ლიდერსა და სამხედრო ჩინოვნიკს წარუდგინა თავისი ნაშრომი, იმ იმედით, რომ ნეიტრალური ორგანიზაცია გამოჩნდებოდა, რომელიც ორგანიზებას გაუწევდა და უზრუნველყოფდა დაჭრილ ჯარისკაცებზე ზრუნვას. მისი იმედი მალე რეალობად იქცა.
„წითელი ჯვრის“ დაბადება
იდეის განსახორციელებლად დიუნანმა ევროპაში მოგზაურობა დაიწყო, მაგრამ ძლიერი მხარდაჭერა თავის მშობლიურ ქალაქში პოვა. 1863 წლის 9 თებერვალს საყოველთაო კეთილდღეობის მიზნით ჟენევის საზოგადოების შეკრებაზე, დიუნანის რეკომენდაციები შეისწავლეს, შეაფასეს და 5-წევრიანი კომიტეტი დააარსეს, რათა მოეკვლიათ და განეხორციელებინათ მისი იდეები. დიუნანიც კომიტეტის წევრი იყო. 1863 წლის 17 თებერვალს, 5-წევრიანი კომიტეტი პირველად შეიკრიბა – ეს დღე არის „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დაარსების დღე. იმავე წლის ოქტომბერში 14-მა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც დაჭრილ ჯარისკაცებზე ზრუნვას ეხებოდა.
ჟენევის კონვენციების შექმნა
წითელი ჯვრის დაარსების შემდეგ ჩამოსაყალიბებელი იყო ომის დროს ჯარისკაცთა მიმართ ადამიანური მოპყრობის უნივერსალური წესები. 1864 წლის 22 აგვისტოს შვეიცარიის პარლამენტმა გამართა კონფერენცია, რომლის დასრულების შედეგად, ჟენევის პირველ კონვენციას მოეწერა ხელი.
- ჟენევის პირველი კონვენციაავადმყოფთა და მოქმედ ჯარში დაჭრილთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. (1864)
- ჟენევის მეორე კონვენციასაზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. (1906)
- ჟენევის მესამე კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ. (1929)
- ჟენევის მეოთხე კონვენციასამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ. (1949)
ჟენევის ეს ოთხი კონვენცია მოიხსენიება, როგორც „1949 წლის ჟენევის კონვენციები“, ან უბრალოდ „ჟენევის კონვენციები“.
ანრი დიუნანის ქრისტიანული გულიდან დაიბადა ორი უდიდესი მნიშვნელობის მქონე სიკეთე – ერთი მხრივ, „წითელი ჯვარი“, მეორე მხრივ, ჟენევის კონვენციები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, დიუნანის ძლისხმევა მუსლიმანურ სამყაროზეც გავრცელდა და მოქმედება „წითელმა ნახევარმთვარემ“ დაიწყო.
დანაკარგი
ჰუმანიტარულმა საქმიანობამ დიუნანის ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა ალჟირში. ამას მისი გაკოტრება მოჰყვა. შედეგად, მისმა ოჯახმა და მეგობრებმა, რომელთაც მის კომპანიაში დააბანდეს თანხა, დიდი დანაკარგი განიცადეს.
დიუნანი, ყველასგან მივიწყებული, ფაქტობრივად გაკოტრებული, მხოლოდ ნათესავებისგან მიღებული, მცირე თანხებით ევროპაში მოგზაურობდა. მოგვიანებით ის დასახლდა მოხუცებულთა მოკრძალებულ სახლში, ჰეიდენში, სადაც მისი შენახვის თანხებს ნათესავები იხდიდნენ.
10 წლის შემდეგ ის კვლავ გაიხსენეს. ჰეიდენში იგი შემთხვევით აღმოაჩინა ჟურნალისტმა და მისგან ინტერვიუ აიღო, რომელიც ასობით ჟურნალმა გადაბეჭდა მთელ ევროპაში. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმდროინდელმა იმპერატრიცამ, მარია ფედოროვნამ დიუნანის მდგომარეობის შესახებ გაიგო, მას პენსია დაუნიშნა. 1901 წელს იგი ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა, თუმცა მისთვის მინიჭებული ნობელის პრემია და ფული მან „წითელ ჯვარს“ გადასცა, ხოლო პენსია, რომელსაც მას იმპერატრიცა აძლევდა, დახარჯა დამატებითი საწოლისათვის მცირეშემოსავლიან ადამიანთათვის მოკრძალებულ მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც ცხოვრების ბოლო წლები თვითონაც გაატარა.
1910 წლის 30 ოქტომბერს ანრი დიუნანი გარდაიცვალა.
მისი მემკვიდრეობა მსოფლიოს
ცოტა ადამიანს თუ დაუტოვებია ისეთი უზარმაზარი მემკვიდრეობა, როგორიც ანრი დიუნანმა დაუტოვა მსოფლიოს. როგორც „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჟენევის კონვენციების „მამა“, ის გახდა ბიძგის მიმცემი მუსლიმანური სამყაროსათვის „წითელი ნახევარმთვარის“ შექმნისთვის. თუმცა არც ისლამი, არც ბუდიზმი, არც ათეიზმი და არც აგნოსტიციზმი არ გამხდარა ამ თანაგრძნობით სავსე ინსტიტუციის საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რელიგიები მათი გავრცელების არეალში სპეციფიკურ კულტურას ქმნიან. ქრისტიანობამაც თავისი კულტურა შექმნა იმ ხალხში, რომელსაც სწამს ქრისტესი, კულტურა, რომელიც სახარების საფუძველზეა დამყარებული. როგორც ქრისტიანი, ანრი დიუნანი გახდა იმ სიკეთის გამცემი, რომელსაც ის იესო ქრისტესგან იღებდა.
წყარო: https://christianheritagefellowship.com