გარდატეხის ასაკი ისაა, რაც მშობლებს განსაკუთრებით აშფოთებთ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ ამის შესახებ: იწერენ ფსიქოლოგიური ვებგვერდის სიახლეებს, კითხულობენ „რჩევებს მშობლებისთვის“, ესაუბრებიან მასწავლებლებს და გარშემო მყოფებს, მაგრამ ძალიან ხშირად ავიწყდებათ, მოუსმინონ საკუთარ შვილებს, გაიზიარონ მათი განცდები და მისწრაფებანი და დაეხმარონ სურვილების განხორციელებაში.
ხშირად მშობლები ცდილობენ ბავშვებს ის გააკეთებინონ, რაც თავად უნდოდათ და რაც, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ შეძლეს. ხშირად საკუთარი სურვილების ხორცშესხმას შვილების ცხოვრებაში ვცდილობთ და გვგონია, რომ ვიცით, რა არის მათთვის უკეთესი…
ინტერნეტპორტალმა – ya-roditel.ru – გამოკითხვა ჩაატარა სკოლებში. მათ სთხოვეს მოსწავლეებს, გულახდილი წერილები მიეწერათ საკუთარი მშობლებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
ალინა, 16 წლის:
„დედა, მე არ ვაპირებ მათემატიკის გამოცდის ჩაბარებას. უკან არც მაშინ დავიხევ, როცა მეასედ გამიმეორებ, რომ იდიოტი ვარ და მეტყვი, რომ მთელი ცხოვრება დამლაგებლად მომიწევს მუშაობა. ვიცი, რომ დამაყვედრი ფულს, რომელიც ჩემს განათლებაში ჩადეთ და დარწმუნებული იქნები, რომ ვერ გავითავისე ჩემი ფუნქციები… მე ბედნიერი ვიქნებოდი, თუ შესაძლებლობა მექნებოდა მესწავლა ვიზაჟი და თმის შეჭრა. ვფიქრობ, არაფერია ცუდი სტილისტის საქმიანობაში, მაგრამ შენ ამას ვერ გაგიგებ, რადგან გამუდმებით გამოცდებზე მელაპარაკები…“
ოლგა, 15 წლის:
„მამა, შენ გამუდმებით მიმეორებ, რომ ჯერ ისევ პატარა ვარ, დედა კი ეპილაციის უფლებას არ მაძლევს, რის გამოც სკოლაში გოგონები დამცინიან. თქვენ ისეთ ტანსაცმელს მყიდულობთ, რაც არ მომწონს და ამის გამოც ხშირად დამცინიან. ისინი მეუბნებიან, რომ სქელი და მახინჯი წარბები მაქვს და ეს კიდევ ერთი მიზეზია მათი დაცინვისათვის. სახლში რომ ვბრუნდები, თავის მოკვლაზე ვფიქრობ, რადგან არ მაქვს ამ ყოველივეს გაძლების ძალა. ალბათ, მდინარის ფსკერზე მიპოვით და როცა დამმარხავთ, მიხვდებით, რომ მართლები არ იყავით…“
ოლეგი, 18 წლის:
„დედა, ცოტა ხნის წინ ჩხუბი მომივიდა სხვა სკოლის ბიჭებთან. დამარტყეს და მეც დარტყმით ვუპასუხე. მამამ შემაქო, შენ კი ტიროდი და ამბობდი, რომ იმისთვის არ გაგიჩენივარ, რომ ნებისმიერს ვეცემე. მშვიდად ლაპარაკი შენთან შეუძლებელი იყო. ოთახში ჩამკეტე და იქამდე არ მიშვებდი, სანამ არ მაიძულე, განცხადება დამეწერა პოლიციაში და როდესაც გამომიშვი, ჩემს სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი ვნახე… იქ ბევრი რამ ეწერა… მე შენ მძულხარ…“
უამრავი ადამიანი სარგებლობს ფსიქოთერაპევტის მომსახურებით იმიტომ, რომ სჭირდებათ ადამიანი, ვინც მოუსმენს… ჩვენ იმდენად აჩქარებული ცხოვრების ტემპი გვაქვს, რომ ვერ ვიცლით ჩვენი შვილების მოსასმენად, ვერ ვიზიარებთ მათ ტკივილსა თუ განცდებს. რამდენჯერ ყოფილა, როდესაც ჩვენთან მოსულან და შეგვიჩერებია: „ახლა არა!“, ან „დავალებები უკვე შეასრულე?“ ჩვენ ხშირად, დაღლილნი, თავიდან ვიშორებთ მათ და შემდეგ გვიკვირს, რატომ ვერ ითავისებენ ჩვენი შვილები მათ მაგიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს…
სავარძელში, საკუთარი შვილების პირისპირ ფინჯანი ყავით ხელში, ჩუმად მსხდომთ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია მათთვის, ვიდრე ბრძნული რჩევა-დარიგებებით და ერთპიროვნული, მათ მაგიერ და მათ სასიკეთოდ მიღებული გადაწყვეტილებებით.