რის გაკეთება შემიძლია იმისათვის, რომ ჩემს შვილებს ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში დავეხმარო? არ მინდა, ისე იზრდებოდნენ, რომ ეგონოთ, თითქოს მზე მათ გარშემო ბრუნავს, თუმცა, ამავდროულად, ნამდვილად მინდა, რომ საკუთარი თავის პატივისცემა ჩავუნერგო, ვასწავლო საკუთარი თავის ფასი. როგორ უნდა მოვახერხო ეს?
ეფესელთა 2:10 გვაძლევს საფუძველს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად:
„ვინაიდან მისი [ღმერთის] ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.“
თქვენს შვილებში ჯანსაღი და გაწონასწორებული თვითშეფასების ჩამოყალიბებისათვის დაიწყეთ მათში შესაქმის შესახებ ბიბლიური მოძღვრების ჩანერგვა. დაეხმარეთ მათ, რომ საფუძვლიანად გააცნობიერონ ეს მოძღვრება. უთხარით თითოეულს: „შენ უსაზღვროდ ფასეული ხარ, რადგან ღმერთმა შეგქმნა და თანაც, თავის ხატად შეგქმნა! (დაბადების 1:27)! ჩვენ ვერასოდეს ჩავწვდებით ბოლომდე ამას, თუმცა უნდა იცოდე, რომ შენში ღმერთის მსგავსებაა. სწორედ ამიტომაც, შენ გაქვს უნარი იმისა, რომ დატკბე ღმერთთან პირადი ურთიერთობით. უფრო მეტიც, ღმერთმა განსაკუთრებული მიზნისთვის შეგქმნა. მას აქვს შენთვის რაღაც საქმე განკუთვნილი და მხოლოდ შენ შეგიძლია ამ საქმის შესრულება. შენ ღმერთის შემოქმედების შედევრი ხარ, შენ უნიკალური ხარ!“
პროცესის ამ ეტაპზე კარგი იქნება, თუ ბავშვს უფრო კარგად დაანახვებთ, რომ ის უნიკალურია ღმერთის თვალში. ჰკითხეთ მას: „რა გაქცევს იმად, ვინც ხარ? რა იწვევს შენში აღტაცებას? რის კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?“
გამოიკვლიეთ მათი ძლიერი მხარეები და ბუნებრივი მიდრეკილებანი, და დაეხმარეთ, რათა ენთუზიაზმით შეუდგნენ ამ სფეროებში საკუთარი უნარების განვითარებას. იმავდროულად, დაადგინეთ მათი სისუსტენი და დაარწმუნეთ ისინი, რომ არა უშავს, თუკი ყველაფერი არ გამოსდით კარგად. აგრძნობინეთ, რომ თქვენ იცნობთ მათ და რომ ისინი (ისეთნი, როგორნიც არიან) სრულიად მისაღებნი არიან თქვენთვის. შეაქეთ ისინი, როცა სწორად იქცევიან, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა ქება უბრალო, ცარიელ პირფერობაში არ გადაიზარდოს. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ, რომ თქვენი სიტყვები იყოს კონკრეტული და ზუსტი და აღნიშნავდეს ფაქტს. მაგალითად: „შეიძლება გოლი ვერ გაიტანე ფეხბურთის ბოლო თამაშისას, მაგრამ კარგად ითამაშე და ვიცი, რომ ბევრს ვარჯიშობდი, რათა რაც შეიძლება კარგად გეთამაშა.“
ამის შემდეგ გადადით ღვთის სიყვარულის შესახებ საუბარზე. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ღმერთის სიყვარული უპირობოა; ხაზი გაუსვით იმას, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია იმისათვის, რომ ეს სიყვარული მოვიპოვოთ და არც იმისათვის, რომ ღმერთი „ვაიძულოთ“ – აღარ ვუყვარდეთ. მიუთითეთ, რომ ღმერთს ვუყვარვართ, რადგან ჩვენი მამაა, ჩვენ კი მისი შვილები ვართ.
შემდეგ, როცა თქვენი შვილი კარგად ჩასწვდება ამ ცნების არსს, ჰკითხეთ მას: „შენი აზრით, რას გვეუბნება ეს მე და შენ შორის არსებულ ურთიერთობაზე?“ მკაფიოდ და გასაგებად უთხარით თქვენს შვილებს, რომ მათ არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ იმისათვის, რომ თქვენი სიყვარული დაიმსახურონ. გამოხატეთ თქვენი სიყვარული სიტყვიერად ყოველთვის, როცა კი შესაძლებლობა მოგეცემათ. დაუწერეთ მათ პატარა წერილები, რომლებშიც ეტყვით, რომ ფიქრობთ და ლოცულობთ მათზე. ჩაეხუტეთ და აკოცეთ. შეხების მეშვეობით სიყვარულის მცირეოდენ გამოხატულებასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორც კი თქვენი შვილები დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბების გზას დაადგებიან, როგორ დაიცავთ მათ უკიდურესობაში გადავარდნისგან? როგორ აარიდებთ მათ იმას, რომ არ დაჰყვნენ ცდუნებას და საკუთარ თავს არ დაუწყონ თაყვანისცემა, როგორც „ნახევრად“ ღმერთებს და სხვებისგანაც იგივე არ მოითხოვონ?
ეს შედარებით ადვილი უნდა იყოს. დროდადრო რეალობის საკმაოდ დიდი დოზა (ცუდი ნიშნის მიღება სკოლაში ან თამაშის წაგება) საკმარისი იქნება სასურველი შედეგის მისაღწევად, განსაკუთრებით, თუ თქვენც დაეხმარებით სიტუაციის მნიშვნელობის გაგებაში. შვილების მიმართ გამოყენებული ჯანსაღი, დაბალანსებული დისციპლინა და მოსიყვარულე შეგონება ასევე დიდად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ხელს შეუშლის ეგოცენტრულობისა და სხვებისაგან განსაკუთრებული დამოკიდებულების მოთხოვნის ჩამოყალიბებას.
ისიც უთხარით, რა არის დაწერილი ამასთან დაკავშირებით წმინდა წერილში, მაგალითად, რომაელთა 12:3: „თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად, იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს“, ანდა ფილიპელთა 2:4: „თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.“ სიტუაციიდან გამომდინარე უთხარით: „შენ არც ვინმეზე უკეთესი ხარ და არც უარესი. შენ ‘შენ’ ხარ. სხვებს ნუ შეადარებ შენს თავს. ამით საკუთარ ფასეულობას ვერ იპოვი. ეს საშიში გზაა“.
მოუწოდეთ თქვენს შვილებს იმისკენ, რომ შეამჩნიონ სხვა ადამიანთა დადებითი თვისებები და ძლიერი მხარეები და სიხარული გამოხატონ ამის გამო. დაეხმარეთ მათ იმის გაგებაში, რომ სხვებს საფრთხედ არ უნდა აღიქვამდნენ; უთხარით, რომ არ არის საჭირო ყველაფერში პირველობა გარშემო მყოფთა სიყვარულის მოსაპოვებლად.
კიდევ ერთი რამ: თუ გსურთ, რომ თქვენს შვილებს ჯანსაღი თვითშეფასება ჰქონდეთ, იშრომეთ იმისათვის, რომ თავადაც ჯანსაღი თვითშეფასება გქონდეთ. გახსოვდეთ, რომ ბავშვები ყველაფერს გაუცნობიერებლად, თანდათანობით ითვისებენ და ცხოვრებისადმი დადებით დამოკიდებულებას, ჩვეულებისამებრ, ჩვენი მაგალითის მიბაძვით სწავლობენ. თუ თავად ზუსტად იცით, ბიბლიიდან გამომდინარე, ვინ ხართ ღმერთის თვალში, ეს გარშემო მყოფ ადამიანებზეც აისახება.
www.focusonthefamily.com