ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვები, ასე ვთქვათ, “სამსახურიდან ხსნიან“ მშობლებს და წლების შემდეგ ისევ აბრუნებენ მათ, მაგრამ უკვე როგორც კონსულტანტებს, და არა როგორც მენეჯერებს. სტიუარტ გოლდმანი
ჯერ კიდევ გუშინ ის “მხოლოდ თქვენი” იყო, ბაღიდან დაბრუნებული ხალისით გიყვებოდათ განვლილი დღის შესახებ, ტანსაცმელს თქვენი გემოვნებით არჩევდით და ვარცხნილობასაც სურვილისამებრ უცვლიდით. ხელიხელჩაკიდებული დაგყავდათ საკვირაო სკოლაში და მიგაჩნდათ, რომ სანიმუშო შვილის სანიმუშო მშობელი იყავით. ალბათ, რატომღაც თქვენც გეგონათ, რომ ეს სიამტკბილობა დიდხანს გასტანდა და თქვენი ცხოვრებაც ზღაპარივით წარიმართებოდა – “ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად…” თუმცა ეს ის თემაა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მშობელს თანაბრად ეხება. ეს საოცარი და ამავდროულად რთული, მოულოდნელობებით სავსე ასაკია და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ის აღარაა ბავშვი, მაგრამ ჯერ არც დიდი არაა; თუ ბოლო დროს, თქვენს სახლში თაობათაშორისი ცივი ომის ატმოსფერო შეინიშნება და ცხვირწინ კარის მოჯახუნებათა რიცხვმაც ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწია, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ეს ის ასაკია, როდესაც მოზარდი საკუთარ იდენტობას ეძებს და ოჯახში თავის დამკვიდრებისათვის “იბრძვის”, თავის მხრივ კი ამას მშობლები “ადგილის დაკარგვის შიშით” პასუხობენ.
ამ პერიოდს გოლდმანი “ემოციების კარუსელს” უწოდებს, რადგან სხეულში მოკლე დროის განმავლობაში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები, როგორც ჰორმონალური და ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. ის აღარ არის “მორჩილი” ბავშვი, ის ნამდვილი მეამბოხეა, რომელიც არსებული “წესწყობილების” წინააღმდეგ იბრძვის, ეძებს რაღაც განსხვავებულს და “მსოფლიოს შეცვლის” იდეითაა შეპყრობილი. ამ დროს მოზარდში თავს იჩენს დაფარული ნიჭების გამოვლენა და ინტერესდება ხელოვნებით, სპორტით, შესაძლოა, დაიწყოს ლექსებისა და ჩანახატების წერა. ამ დროს, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ არასდროს დასცინოთ, პირიქით, იყავით პირველი, ვინც მხარს დაუჭერს, უგულშემატკივრებს და დარწმუნებული იქნება მის შესაძლებლობებში. თუ ამ ადგილს ცარიელს დატოვებთ, აუცილებლად შეავსებენ მას მეგობრები, თქვენ კი დაკარგავთ შანსს, გახდეთ მისი მესაიდუმლე.
აგრესია ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ამ პერიოდისთვის, ოჯახში ნამდვილი რადიკალი გყავთ! უმეტესად მშობლები ამ აგრესიას გამკაცრებული წესებით პასუხობენ, ნაცვლად იმისა, ჩაუღრმავდნენ მიზეზებს. მიზეზი კი მოზარდისადმი ჰიპო ან ჰიპერმზრუნველობა შეიძლება აღმოჩნდეს. ჰოპომზრუნველობის დროს, მოზარდი დაკავებული მშობლებისა და საერთოდ ოჯახისგან ყურადღების დეფიციტით იტანჯება, რაც აიძულებს საკუთარ თავში ჩაკეტვას, რაც, თავის მხრივ, მას სუიციდისკენ უბიძგებს. მიაქციეთ ყურადღება, თუ თქვენი შვილის ლექსიკონში მოიმატა ფრაზებმა: “მარტოსული ვარ!”, “არავის ვჭირდები!”, “ყველაფერი უაზრობაა!”, “მაინც არაფერი გამომივა!”… ჰიპერმზრუნველობის დროს ყველაფერი პირიქითაა, ბავშვს “სული ეხუთება” გადაჭარბებული ყურადღებით, გამუდმებული ზარებით და შემოწმებებით, ჭკუის დარიგებითა და მის ნაცვლად უკვე გადაწყვეტილის შესრულებით, მითითებით – რა უნდა ჩაიცვას, როგორ ჭამოს, ვისთან იმეგობროს და ა.შ. შესაძლოა, ამ დროს, მოზარდს არასრულფასოვნების კომპლექსი განუვითარდეს, ან პირიქით, ინდიფერენტული გახდეს გარემოს მიმართ. ყოველივე ეს კი მასში აგრესიის გამოვლინებას უფრო მეტად ზრდის. იყავით ყურადღებიანი მის მიმართ; შესთავაზეთ დახმარება, ნაცვლად იმისა, რომ მის მაგივრად აკეთოთ; აცადეთ, ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად, რადგან მალე მას რეალურ ცხოვრებასთან პირისპირ მოუწევს დარჩენა და ყველა სიტუაციაში თქვენ ვერ იქნებით მის გვერდით. ერთი სიტყვით, ნურც მთლად თავის ნებაზე მიუშვებთ და ნურც ზედმეტად შეზღუდავთ, გახსოვდეთ, ოქროს შუალედი საუკეთესო გამოსავალია!
კიდევ ერთ პრობლემას მშობლების მხრიდან “ყოველგვარი ახლის” მიუღებლობა და მოზარდის მიერ ტრადიციების განურჩეველი უგულებელყოფა ქმნის. ხშირად მშობელს ჰგონია, რომ შვილს იგი სძულს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მას ისევე სჭირდებით, როგორც მაშინ, სიარულს რომ სწავლობდა. ესეც მისი პირველი ნაბიჯებია, საკუთარი “მე”-ს აღმოჩენისა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრების გზაზე. ეს გამოყოფის პროცესია, იგი ყალიბდება ოჯახისგან დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელსაც საკუთარი შეხედულებები აქვს სამყაროზე. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის ცდილობს ყველაფერზე თავისი აზრის გამოთქმას, თითქოს ყველაფერზე ჰქონდეს პასუხი. არ უთხრათ, რომ “ცხოვრების არაფერი გაეგება”, ნუ აგრძნობინებთ თავს უმნიშვნელოდ, პირიქით, ხაზი გაუსვით, რომ მისი აზრი თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ეცადეთ, უფრო მეტად მოუსმინოთ, ვიდრე ელაპარაკოთ. ეს გაცილებით მეტ სარგებელსა და ინფორმაციას მოგცემთ თქვენი შვილის შესახებ, ვიდრე გამუდმებული ჭკუის დარიგება. მას სჭირდება აუდიტორია, ვინც მოუსმენს და ხშირად ეს აუდიტორია სავსეა მეგობრებით, მშობლებს კი ვერსად იპოვით. “ჩაეწერეთ” თქვენი შვილის მსმენელთა კლუბში და აღარ იწუწუნებთ, რომ ისინი დროის უმეტეს ნაწილს მეგობრების გარემოცვაში ატარებენ.
შვილის მეგობრები – ეს მნიშვნელოვანი თემაა თინეიჯერულ ასაკში, რადგან ამ დროს მოზარდისთვის პრიორიტეტია თანატოლებთან ურთიერთობა და მათ წრეში თავის დამკვიდრება, ამიტომაც იგი დროის დიდ ნაწილს მეგობრების გარემოცვაში ატარებს. ფაქტობრივად, ის თავს აიგივებს თავის მეგობრებთან, ანუ იმ “ჯგუფთან”, რომლის წევრადაც თავს მიიჩნევს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი თქვენი უარყოფითი შეფასება მისი მეგობრების მისამართით, მოზარდის მხრიდან მასზე თავდასხმად აღიქმება. ასე რომ, ეცადეთ ფრთხილი იყოთ მისი მეგობრების შეფასებისას. ნუ დაუსვამთ მას საკითხს ასე: “ან მე, ან ისინი!” კონსენსუსის მიღწევა ამ საკითხშიც შეიძლება, გაგებით მოეკიდეთ მის ყოფნას მეგობრების წრეში, ნუ “აუფეთქებთ” მობილურს და ნუ გადარეკავთ გადასამოწმებლად მეგობართან ან მეგობრის დედასთან, საფუძველი ჩაუყარეთ ურთიერთნდობას თქვენ შორის, მაგრამ მოსთხოვეთ – ნუ გადააჭარბებს ლიმიტს და ნუ დაიგვიანებს სახლში. ეცადეთ, იყოთ ის მხარე, რომელიც საკუთარ წილ პასუხისმგებლობას პირნათლად ასრულებს და თამამად მოითხოვეთ შეთანხმების შესრულება შვილისგანაც.
როგორც წესი, თინეიჯერულ ასაკში ცდილობენ – იყვნენ რადიკალურად განსხვავებულები, რაც მათი ჩაცმისა და ვარცხნილობის სტილშიც გამოიხატება. ნუ აღიქვამთ ამას ტრაგედიად, უბრალოდ აუხსენით, რომ მხოლოდ განსხვავებული ჩაცმულობა არ ნიშნავს განსაკუთრებულობას და ინდივიდუალიზმს, რომლისკენაც ის ასე მიისწრაფვის.
არის კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი, რომელიც ამ პერიოდში ქრისტიან მშობლებს განსაკუთრებით აწუხებთ. ეს ეკლესიასთან მოზარდის დამოკიდებულებაა. ისეც ხდება ხოლმე, რომ ის მორჩილი ბავშვი, რომელიც ხალისით დაგყვებოდათ საკვირაო სკოლაში, ლოცულობდა ყოველი ჭამის წინ და გამუდმებით საგალობლებს ღიღინებდა, მოულოდნელად იცვლება და იმატებს მიზეზთა რიცხვი, თუ რატომ გააცდენს ამ კვირის მსახურებასაც. პირველი, რაც ამ დროს უნდა გააკეთოთ, სიმშვიდის შენარჩუნებაა. არავითარ შემთხვევაში არ დაუწყოთ ქადაგება და მით უმეტეს, “დაშინება”. არ უთხრათ, რომ თუ ის უარს იტყვის ამ გზაზე, თავს ღმერთის რისხვა დაატყდება და მსგავსი. ეს საერთოდ დაივიწყეთ და კონცენტრირება ღმერთის სიყვარულზე მოახდინეთ, ხშირად უთხარით მას, რომ ღმერთს უყვარს! ქადაგებით კი საკუთარი ცხოვრებით უქადაგეთ. ეცადეთ, პირველ რიგში, მასთან ურთიერთობაში გაატაროთ პრაქტიკაში ყველა ის მცნება, რომელიც უფალმა მოგვცა. გვახსოვდეს, რომ ჩვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში, ოჯახიდან იწყება! თინეიჯერულ ასაკში, მოზარდებს უჩნდებათ მოთხოვნილება, გაწევრიანდნენ კომფორტულ ჯგუფებში, მაგალითად, “ემო”, “გოთი” და მრავალი სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს სურვილი – მიეკუთვნებოდეს რომელიმე ჯგუფს, სადაც ის თავს დაიმკვიდრებს. ასეთ დროს ახალგაზრდულ მსახურებაში ჩართულობა და ბანაკებში მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანია. თავადაც იყავით ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში და ხელი შეუწყვეთ შვილსაც, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამაში. ეკლესიაში ფუნქციონირებს თეატრალური, მუსიკალური და სხვა უამრავი მსახურება, დაინახეთ, აღმოაჩინეთ მასში ნიჭები და დაეხმარეთ, იყოს რეალიზებული შესაბამის მსახურებაში.
და ბოლოს, მშობლებსა და შვილებს შორის გარკვეული “ენობრივი ბარიერი” არსებობს, რომელიც სამეტყველო ენის სხვადასხვაობას კი არა (თუმცა ჟარგონის გამო ესეც შეიძლება იყოს), საკითხებთან მიდგომის განსხვავებას და სხვადასხვაგვარ ხედვას გულისხმობს. თუ ხშირად გეუბნებათ, რომ მისი არ გესმით, უბრალოდ დაჯექით და გაიხსენეთ, ეს ის ბავშვია, რომელსაც მეტყველება თქვენ ასწავლეთ და რომლისაც უსიტყვოდ გესმოდათ, სანამ ლაპარაკს ისწავლიდა? იყავით მის გულთან ახლოს, უბრალოდ, გადაინაცვლეთ მშობლის “პოსტიდან” და გახდით მისი საუკეთესო მეგობარი!
ავტორი: ნატალია ჩიქოვანი