განაგრძე ლაპარაკი

104 ნახვა
16 გაზიარება
0 კომენტარი

ახლა ქრისტიანებისთვის მორცხვობის დრო არ არის. ახლა იმის დრო არ არის, რომ ქრისტიანები გაჩუმდნენ. არ არის დრო უკან დახევისა. ახლა იმის დროა, რომ მათ სიმამაცე გამოიჩინონ. ახლა ლაპარაკის დროა.

წუთისოფელს, რომელიც ნებისმიერ პრეტენზიას ერთადერთ ჭეშმარიტებაზე ფანატიზმის უმაღლეს გამოვლინებად მიიჩნევს, ხმამაღლა უნდა გამოვუცხადოთ, რომ უფალი იესო არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა მისით.“ (იოანე 14:6).

წუთისოფელს, რომელმაც სიხარულით მიიღო შემაძრწუნებელი ტყუილი იმის შესახებ, რომ ჩვილის მკვლელობა თანაგრძნობის გამოვლინებაა მისი დედის მიმართ, ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რომ მხოლოდ ღმერთს აქვს ადამიანისათვის სიცოცხლის მიცემის და წართმევის უფლება და ჩვენ არ უნდა ვკლათ (იობი 1:21, გამოსვლა 20:13).

საღად ლაპარაკი შეშლილთა სამყაროში

წუთისოფელს, რომელმაც დაივიწყა ჭეშმარიტება და ამტკიცებს, რომ სამყაროს დიადი წესრიგი, დედამიწის ბიოლოგიური სიმდიდრე და ადამიანის გონი, რომელსაც შეუძლია კვაზარების და კვარკების გაგება, უსასრულო ქაოსის, უგუნური მაკროევოლუციის და წარმოუდგენელი შემთხვევის ნაყოფია, სიყვარულით უნდა ვუთხრათ იმის შესახებ, რომ

იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ. რომაელთა 1:19-20 | სბს–სტოკჰოლმი 2001

წუთისოფელს, რომელმაც სიხარულით მიიღო ჭეშმარიტების უარყოფა, ოჯახის დანგრევა, უდანაშაულოთა განადგურება და უაზრობის თაყვანისცემა; წუთისოფელს, რომელიც შემოქმედს პატივს არ მიაგებს, შეშლილთა სამყაროა. ეს გართობის ადგილია ეშმაკისთვის (1-ლი იოანე 5:19). ეს უაზრო, კოშმარული სიზმარია.

მიუხედავად ამისა, „სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ“ (ესაია 9:2).  საღ აზრზე დაბრუნება, კოშმარის დასასრული იესო ქრისტეა, რომელიც არის „სინათლე ქვეყნისა“ (იოანე 8:12)

ჩვენი შერცხვენა, შესაძლოა, ღმერთის პასუხი იყოს ჩვენს ლოცვებზე

ჩვენ ვლოცულობდით, რომ იესოს ნათელს ებრწყინა ამ ქვეყანაზე. ჩვენ ვლოცულობდით სრულყოფილ მახარებლობაზე. დღეს ვხედავთ, როგორ იზრდება დასავლეთის საზოგადოებაში სახარების უგულებელყოფა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ღმერთი ლოცვებს მოულოდნელი საშუალებებით პასუხობს.

რას ვხედავთ ახალ აღთქმაში? ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი ღმერთის სიყვარულს და ქრისტეს სახარებას ყველაზე კარგად ბნელ სამყაროში აღიქვამდა, არა მის მსახურთა კეთილდღეობით, არამედ მათ ტანჯვათა მეშვეობით.

უპირველესად, ეს თავად ჩვენმა უფალმა აღასრულა. ჯვარი იყო ყველაზე სამარცხვინო და ყველაზე მართალი, ყველაზე შესაზიზღი და ყველაზე მოსიყვარულე, ყველაზე უწმინდური და ყველაზე წმინდა მოვლენა მთელი კაცობრიობისა და სამყაროს ისტორიაში. სტეფანეს სიკვდილის შემდეგ სახარება გავრცელდა სამარიაში, იუდეასა და ქვეყნის კიდემდე; ასევე მცირე აზიასა და ევროპაში და ეს საქმე აღასრულეს მოციქულმა პავლემ და მისმა გუნდმა, რომლებმაც იმდენი ტანჯვა გადაიტანეს, რომ ეს ჩვენს წარმოდგენას აღემატება. (მე-2 კორინთელთა 11:23-28).

დამოწმება და ტანჯვა გამოსყიდვის მთელი ისტორიის მთავარი „ლაიტმოტივია“. ეს არის ღმერთის მიერ არჩეული მეთოდი თავისი სახარების გასავრცელებლად. ადრეულ ქრისტიანებს უხაროდათ კიდეც, რომ „იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.“ (საქმეები 5:41).

ეს უცნაურად გვეჩვენება დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ჩვენთვის უცხოა გამოსყიდვის ისტორია. ჩვენი უმეტესობა არ ყოფილა იძულებული, დაეთმინა შერცხვენა იმის გამო, რომ ქრისტიანებად ვიწოდებით.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვლოცულობდით, რომ სახარება ჩვენი ერის მეშვეობით გავრცელებულიყო მთელ დედამიწაზე. მაშინ, როდესაც გამოსყიდვის ისტორიას ვუყურებთ, ნუთუ უნდა გაგვიკვირდეს ის, როდესაც ღმერთი პასუხობს ჩვენს ლოცვებს და ღირსად მიგვიჩნევს, რომ მისი სახელის გამო სირცხვილი დავითმინოთ? რას იტყვით, თუ სირცხვილის ჯვარი მილიონობით ადამიანის ხსნას ნიშნავს?

იესომ თქვა:

ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. მათე 16:24 | სბს–სტოკჰოლმი 2001

მან გვითხრა:

მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო… და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. მათე 24:9; 12 | სბს–სტოკჰოლმი 2001

პავლეც გვამზადებს:

და ყველა, ვისაც სურს, ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება. ხოლო ბოროტი ადამიანები და თვითმარქვიები წინ წაიწევენ უარესისკენ, სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან. მე-2 ტიმოთე 3:12-13 | სბს–სტოკჰოლმი 2001

მაშ ასე, რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ უფრო და უფრო მეტად შერცხვენილნი ვიქნებით? ჩვენ უბრალოდ უნდა ვაკეთოთ ის, რასაც აკეთებდნენ პირველი მოწაფეები, ანუ უნდა გავაგრძელოთ ლაპარაკი. მაშინ, როცა ხალხის მთავრებმა მათ სახარების ქადაგება აუკრძალეს, მოციქულებმა უპასუხეს:

განსაჯეთ, განა მართებული იქნება ღვთის წინაშე, თქვენ უფრო მოგისმინოთ, ვიდრე ღმერთს? ვინაიდან არ შეგვიძლია, არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია. საქმე მოციქულთა 4:19-20 | სბს–სტოკჰოლმი 2001

განაგრძე ლაპარაკი!

განაგრძე უწყვეტად ლაპარაკი, არა იმიტომ, რომ კულტურათა ომში გაიმარჯვო, არამედ იმიტომ, რომ სულები მოიპოვო მათდამი სიყვარულის გამო.

მაშინ, როცა ვაგრძელებთ ლაპარაკს, ჩვენი წარმატების საზომად გარემოებათა დაუყოვნებელი გაუმჯობესება არ უნდა მივიჩნიოთ. ზოგჯერ, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სახარება უკან იხევს და ბოროტება ძალას იკრებს. ხშირად, ისტორიაში უფლის წმინდებს სწორედ ასე წარმოუდგებოდათ გარემოებანი, მაგრამ, სინამდვილეში, სახარება განუწყვეტლივ ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკი ათასგვარი ხრიკით ცდილობს მის განადგურებას.

ჩვენ უნდა დავითმინოთ. ეს ნიშნავს ტანჯვასა და შერცხვენას, მაგრამ სახარება მთელ დედამიწას ექადაგება. ღმერთი პასუხობს ჩვენს ლოცვებს. თავდაპირველად, გვაიძულებს დათმენას, შემდეგ ბოლომდე მიგვიძღვის; შემდეგ იესო მამას გადასცემს სამეფოს (1-ლი კორინთელთა 15:24), მერე კი დადგება სიხარულის სისავსე (ფსალმუნი 15:11).

ავტორი: ჯონ ბლუმი

წყარო: https://ieshua.org/