ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები…

22 ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები (მოციქულთა საქმეები 11:26). სიტყვა ქრისტიანი ნიშნავს, „ქრისტეს მსგავსს“.

ტერმინს „ქრისტეს მსგავსი“ სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება აღმოაჩნდეს. ნიშნავს ეს, რომ ქრისტიანი სასწაულმოქმედია, დიდებული მქადაგებელი ან ლიდერია, რომელიც დიადი მიზნის გამო კვდება?! ისაა, ვისი მემკვიდრეობაც ისტორიას დარჩება, ან ისეთი ადამიანია, რომელიც ყველა ზემოჩამოთვლილს აერთიანებს თავის თავში?!

მაშინ, როდესაც ქრისტემ ყველა ზემოჩამოთვლილი შეასრულა, ცოტა ქრისტიანს თუ ნახავთ, რომელნიც სასწაულებს სჩადიოდნენ; ქრისტიანების უმეტესობას არასოდეს უქადაგია და არ ჰქონია ლიდერის პოზიცია; და მაშინ, როდესაც მილიონობით ადამიანი მოკვდა ქრისტეს გამო, მრავალ მათგანს მოწამის გვირგვინიც კი არ ღირსებია. შეჯამება: „ქრისტიანის“ სახელს ამგვარი გზებით ვერ დავიმსახურებთ.

თუ დავაკვირდებით, როგორ განვითარდა მოვლენები მოციქულთა საქმეების მე-11 თავში, შეგვიძლია გავიგოთ, რატომ უწოდებდნენ ადამიანები ანტიოქიაში მორწმუნეებს ქრისტიანებს.

სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ მორწმუნეები იერუსალიმიდან მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში წავიდნენ. თავდაპირველად, სახარებას ქრისტეს მიმდევრებისთვის ქადაგებდნენ, მაგრამ ანტიოქიაში სახარება ბერძნებსაც უქადაგეს (მოციქულთა საქმეები 11:19-20). ანტიოქიაში მორწმუნეები დიდი სურვილითა და სიყვარულით ესაუბრებოდნენ სახარებაზე ნებისმიერს, მიუხედავად რასისა, წარმომავლობისა. მათ უნდოდათ, ყველასთვის მიეტანათ სიტყვა და ყველა გადარჩენილიყო.

მოციქულთა საქმეების 11:21-ის მიხედვით, „ძალიან ბევრმა ირწმუნა“.

ყველა არ ირწმუნებს სახარებას, ქრისტე ამბობდა, რომ მცირედნი პოვებენ მას (მათეს სახარება 7:13-14). მაშასადამე, სახარება მრავალი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

ქრისტიანად წოდებისას, პირველ რიგში, ისინი ხარობდნენ სახარებით. არ არსებობდა დაბრკოლება, რომელიც მათ ქრისტეს შესახებ კეთილი უწყების გავრცელებაში შეუშლიდა ხელს.

ასევე, 21-ე მუხლში ვკითხულობთ: „და იყო უფლის ხელი მათთან.“ თითქოს უბრალო ფრაზაა, მაგრამ დიდ მნიშვნელობას იტევს. ბიბლიის მიხედვით ვხედავთ, რას ნიშნავს, როდესაც უფლის ხელია ვინმესთან.

2 ნეშტთა 30-ე თავის მე-12 მუხლის მიხედვით, ღვთის ხელი იქამდე იფარავს ადამიანებს, სანამ ისინი ღმერთს ემორჩილებიან.

ეზრას მე-7 თავის მე-6-მე-10 მუხლებში მოთხრობილია ისტორია, როგორ გვიძღვება ღვთის ხელი, რათა ვილოცოთ უფლის ნებისამებრ. ღმერთის ხელი ღმერთის ხალხთანაა და სრულყოფს ამ ადამიანებს, რათა მისი საქმეები შესრულდეს და ამზადებს მათ გულებს, რათა აღასრულონ მისი სურვილი.

ღმერთის ხალხს შორის ყოველთვის იყო ერთობა, რათა ელოცათ ღვთის ნების აღსასრულებლად და არა თავიანთი სურვილებისთვის. მათ ესმოდათ ღმერთის ნება საკმარისად, რათა ეშრომათ საამისოდ. უფრო მეტიც, იერუსალიმის ეკლესიამ ანტიოქიაში მიავლინა ბარნაბა, რათა შეეტყო იქაური სიტუაციის შესახებ. ანტიოქიაში მისი ჩასვლის შესახებ ბიბლიაში წერია: „როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი…“ (მოციქულთა საქმეები 11:22-23). ღმერთის მადლის ნახვა ქარის ყურებას ჰგავს. არ შეგიძლია მისი დანახვა, მაგრამ ხედავ ქარის მოქმედებას. ზოგჯერ მშვიდი და მსუბუქია, როგორც ფოთლების მოძრაობა ანდა ყვავილების რხევა, ზოგჯერ კი ძლიერი და საშინელი, რომელიც ხეებს წააქცევს და გამანადგურებელი ძალა აქვს. ღვთის მადლიც ასევეა, მას ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ მის გავლენას.

და რა დაინახა ბარნაბამ?

თუ ნებას მივცემთ, ღმერთის მადლი შეგვცვლის, ახალ ადამიანებად გვაქცევს. ბარნაბა ამ ცვლილების მოწმე გახდა. ღმერთის მადლი გვაძლევს შესაძლებლობას, სირთულეებს გავუძლოთ და ვიშრომოთ მისთვის. ბარნაბამ ნახა, როგორ შრომობდნენ ადამიანები ღმერთისთვის. (1 კორინთელთა 15:10).

ღმერთი ყველაზე არ გასცემს თავის მადლს, მხოლოდ თავმდაბლებზე. 1 პეტრეს 5:5: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“ ბარნაბა ანტიოქიაში თავმდაბლობის მოწმე გახდა.

ღვთის მადლი შესამჩნევი იქნება თქვენი შეცვლილი ცხოვრების სახით, ღმერთისგან მოწოდებული ადამიანები სრულყოფენ მის სამუშაოს, ყოველი მათგანი უსაზღვრო თავმდაბლობით გამოირჩევა.

ყოველ მკითხველს, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, გეკითხებით: როგორ ზომავთ ქრისტიანობას? პირველი საუკუნის ანტიოქიაში რომ გეცხოვრათ, სხვები იტყოდნენ თქვენზე: „ნახეთ, ქრისტიანი მოდის გზაზე“?!

21-ე საუკუნეში, თუკი არასოდეს გითქვამთ: „მე ქრისტიანი ვარ!“, დაგიძახებდნენ სხვები ქრისტიანს? იმსახურებთ, რომ ეს სახელი გერქვათ? „და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება…“ (2 ნეშტთა 7:14). ვართ მისი ერის წარმომადგენლები, რომლებიც მისი სახელით იწოდებიან?!

ტიმოთი ჯონსონი