ისჯება თუ არა ყველა ცოდვა ერთნაირად ჯოჯოხეთში?

7025 ნახვა
196 გაზიარება
2 კომენტარი

ფართოდ გავრცელებული შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ „ყველა ცოდვა ერთია ღმერთისათვის“, წმინდა წერილს არ ეფუძნება. დიახ, ყველა ცოდვა ცუდია, გვაშორებს ღმერთისგან და იმსახურებს ღვთის რისხვას. ყველა ცოდვის გამო გაეკრა ქრისტე ჯვარზე და ახლა უფალი უსასყიდლოდ გვთავაზობს თავის მადლს, რადგან არცერთი ცოდვა არ რჩება ღვთის მადლის მიღმა. მაგრამ მითია ის, რომ ყოველი ცოდვა ზუსტად ერთი და იგივეა ღმერთის წინაშე. დაფიქრდით იმის შესახებ, რაც კორინთელთა მიმართ 1-ელ წერილშია დაწერილი: (6:18): „გაურბოდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.“  

ყურადღება მიაქციეთ, რომ სექსუალური ცოდვა ხარისხობრივად აშკარად განსხვავებულია.

წმინდა წერილი მკაფიოდ მიგვითითებს იმაზე, რომ ზოგიერთი ცოდვა უფრო მეტად განისჯება, ვიდრე სხვანი. განკითხვა გულისხმობს ყველას: „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები.“ (გამოცხადება 20:12), ხოლო მოციქული პავლე წერს: „ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს… ყველას საკუთარი საქმეებისამებრ მიუზღავს… მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას რისხვასა და გულისწყრომას.“ (რომაელთა 2:5-7).

სასჯელის სხვადასხვა ხარისხი იქნება მათთვის, ვინც უარყოფენ ქრისტეს. მკვდრები „განკითხულ იქნენ წიგნებში ნაწერიდან… თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ.“ (გამოცხადება 20:12,13). ამგვარი განკითხვა მოითხოვს იმ საქმეთა შეფასებას, რომლებიც ადამიანებს უკეთებიათ და ცხადია, რომ აქ მათ სხვადასხვა საქმე უკეთებიათ ყველა ერთი როდია.  

უფალი იესო ამბობს: „ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგარ ცემას მიიღებს. ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ.“ (ლუკა 12:47-48).

მაცხოვარი ეუბნება ქალაქებს ქორაზინსა და ბეთსაიდას: „მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.“ (მათე 11:22).

23-ე და 24-ე მუხლებში კი ამბობს: „შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ.“

მწიგნობრებზე კი ქრისტე ამბობდა, რომ „ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“ (ლუკა 20:47). მან ისიც თქვა, რომ ზოგი ადამიანი „მაგარ ცემას მიიღებს“, ზოგი კი „ნაკლებად იცემება.“ (ლუკა 12:47-48). ეს მუხლები იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ სასჯელის სხვადასხვა საფეხური არსებობს.  

მაშ, სხვაგვარად როგორ უნდა განვმარტოთ ხსენებული მუხლები? არ წაიშლება არცერთი მცდარი საქციელი. ყველაფერი გათვალისწინებული იქნება: „თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს.“ (მათე 12:36).

ყოველ ნათქვამ სიტყვას, ყოველ ჩადენილ საქციელს ნათელი მოეფინება და განიკითხება: „რადგან ყველა საქმეს ღმერთი მიიტანს სამსჯავროზე, ყოველივე დაფარულს კარგი იქნება თუ ცუდი.“ (ეკლესიასტე 12:14).

სამსჯავროს დღეს ადამიანთა გულის საიდუმლოებანი გამომჟღავნდება. პავლე მოციქული წერს იმ დღის შესახებ, როცა ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ.“ (რომაელთა 2:16; შდრ. ლუკა 8:17). „ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.“  

„ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გახმაურდება.“ (ლუკა 12:3).

ვფიქრობ, კითხვას იმის შესახებ, ჯოჯოხეთში ჰიტლერი იმავე სასჯელს მიიღებს თუ არა, რასაც საშუალო ცოდვილი, სწორედ ზემოხსენებული ბიბლიური მუხლებიდან უნდა გაეცეს პასუხი. რასაკვირველია, ეს დიდი ნუგეში სულაც არ გახლავთ, რადგან ჯოჯოხეთი ჯოჯოხეთია, მაგრამ ეს ღმერთის სამართლიანობის დადასტურებაა, იმისა, რომ უფალი სრულყოფილი, სამართლიანი და კეთილია. 

წყარო: https://preachitteachit.org