კეთილი უწყება – ახალი ამბავი, რომელიც არ ძველდება!

4605 ნახვა
455 გაზიარება
9 კომენტარი

დაახლოებით, 2000 წლის წინ ისრაელში მოხდა საოცარი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში − ღმერთი გამოჩნდა ხორცში! მსოფლიომ ბიოლოგიური საათის ათვლა თავიდან დაიწყო. მესიამ, რომელმაც ჯვარზე სიკვდილით, დახსნა მოუტანა ადამის შთამომავლებს, დატოვა სასიხარულო ამბავი, კეთილი უწყება თითოეული ჩვენგანისთვის, რათა გვცოდნოდა, რომ თავისუფალნი ვართ ცოდვის მონობისგან; გვცოდნოდა სიყვარულის შესახებ, რომელიც ჩვენი გადარჩენისთვის თავგანწირვით დამტკიცდა ჯვარზე; დაღვრილი სისხლის შესახებ, რომლის მეშვეობითაც გამოსყიდვა მოგვეცა; იესოს შესახებ, რომელიც აღსდგა მკვდრეთით და ჩვენც აღგვადგინა − ცოდვით სიკვდილისგან საუკუნო სიცოცხლისთვის.

საუკუნეების განმავლობაში კეთილი უწყება (სახარება) გადაეცემოდა თაობიდან თაობებს, ხელით იწერებოდა ბიბლიები კელაპტრის შუქზე, იცვითებოდა უამრავი მქადაგებლის ფეხსამოსი უწყების გადასაცემად განვლილ გზაზე, ეწირებოდა უამრავი მისიონერის სიცოცხლე, რათა გავრცელებულიყო და ჩვენამდე მოეღწია ამბავს, რომელიც შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას, რომელიც გადაგვიყვანდა სიკვდილიდან სიცოცხლეში, რომელიც ბნელში მსხდომთ ნათელს გამოგვიბრწყინებდა… და დღემდე ეს არის უწყება, ახალი ამბავი, რომელიც არ ძველდება… და არ იყო სტამბა, სადაც დაიბეჭდებოდა ბიბლია; არ იყო ავიალაინერები, რომლებიც უსწრაფესად გადაიყვანდნენ მისიონერებს ერთი წერტილიდან მეორეში; არ იყო ინტერნეტი, არ იყო საინფორმაციო სააგენტოები, არ იყო ტელევიზია… და მაინც, ეს იყო ამბავი, რომელიც ვრცელდებოდა ძალიან სწრაფად!

21-ე საუკუნეში ყველა მედიასაშუალება ცდილობს მოიპოვოს საუკეთესო ახალი ამბები და არავის სჭირდება გუშინდელი ინფორმაცია. მაგრამ ქრისტიანებს გვაქვს ახალი ამბავი, რომელიც არასდროს ძველდება, რომელიც ყოველთვის აქტუალურია, რომელიც ავსებს არა ადამიანის ყურს, არამედ სულს., რომელიც იძლევა მარადიულ სიცოცხლეს!

…და დღეს ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება იმისათვის, რომ ვავრცელებდეთ კეთილ უწყებას, თუმცა პარადოქსია, რომ გამოღვიძება არ მოდის.

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც „რკინის ფარდა“ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებდა ადამიანებს. დღეს ადგილმდებარეობის შეცვლაც კი არ გვჭირდება, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია სხვა ქალაქში, ქვეყანაში, ანდა სულაც სხვა კონტინენტზე მცხოვრებ მეგობრებს. განვითარებული ტექნოლოგიების მეშვეობით ვუკავშირდებით ახლობლებს მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში. ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ ახალ ამბავს, ისე რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებთ. ეს ინფორმაციის მოზღვავების საუკუნეა, ინფორმაციული ომების, კიბერ თავდასხმების, ყვითელი პრესის, სკანდალების , ჭორების დრო… მაგრამ არა ღირებულის, არა ჭეშმარიტების, არა ფასეულის…

დღეს გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მივიტანოთ სახარება ადამიანთა გულებამდე, თუმცა ბევრმა ჩვენგანმა შევწყვიტეთ მახარებლობა, დავკმაყოფილდით საკუთარი გადარჩენით. იმის მიუხედავად, რომ არ გვჭირდება ფეხით ან ეტლით მოგზაურობა, გამოვიკეტეთ სამლოცველო სახლებში, შევქმენით კონფორმული ჯგუფები ეკლესიაში, ჩავებღაუჭეთ ჩვენს მსახურებას და ვართ საქმის ერთგულები, როცა მსახურებაც, სამლოცველო სახლიც და ყველაფერი დანარჩენიც საშუალებაა იმისათვის, რომ სახარება ვუქადაგოთ ყველა ქმნილებას.

დღეს ეკლესიებს აქვთ იარაღი ცოდვასთან საბრძოლველად (ღვთის სიტყვა, ლოცვა, მარხვა), მაგრამ კედელზე ჩამოკიდებული იარაღით ვერაფერს მოინადირებ. თუ იარაღი არ აამოქმედე, ის თავისთავად არ გაისვრის.

დღეს მოქმედების დროა! სწორედ ის დროა, უთხრა შენ გვერდით მდგომს, მეზობელს, მეგობარს, კურსელს, თანამშრომელს, რომ არის გზა! ჭეშმარიტი, რომლის გავლის გარეშეც ვერავინ იხილავს ღმერთს! რომ არის სახელი და არ არსებობს სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით! რომ არის ვიღაც, ვინც გამუდმებით აკაკუნებს და ელის როდის გავუღებთ ! რომ არის ის, ვისაც ვუყვარვართ ყველაზე მეტად! რომ არის ღმერთი, რომელიც იცავს ყოველ ჩვენს ნაბიჯს!

მეგობრებო, ადვილია დააწვე ფეისბუკზე გაზიარების ღილაკს და ყოველდღიურად  გააზიარო უამრავი, არაფრისმომცემი ინფორმაცია… გაუზიარეთ ადამიანებს კეთილი უწყება, სასიხარულო ამბავი, რომელიც შეცვლის მათ ცხოვრებას!

P.S. 1974 წელს ფილიპინებში პოლიციას ჩაბარდა 52 წლის იაპონელი პორუჩიკი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იმალებოდა ჯუნგლებში, სადაც ის საგანგებო მისიით გადასვეს 1944 წელს და მთელი ამ ხნის განმავლობაში აგრძელებდა თავის მისიას.

ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, მაგრამ იმპერატორის ერთგულმა ჯარისკაცმა ეს არ იცოდა და განაგრძობდა პოსტზე ყოფნას მიუხედავად იმ არაადამიანური პირობებისა, რომლებშიც ამ ხნის განმავლობაში უწევდა ცხოვრება.

მთელი 30 წლის განმავლობაში ომი მძვინვარებდა ამ ჯარისკაცის ილუზიებში…

დღეს მსოფლიო ილუზიებში ცხოვრობს, მათ სჭირდებათ სახარება, კეთილი  უწყება იმის შესახებ, რომ დახსნილნი არიან ცოდვის მონობის უღლისაგან!

ნატალია ჩიქოვანი