მაქს ლუკადო – „ღმერთი ჩვენ გამო არასდროს ნებდება”

154 ნახვა
37 გაზიარება
0 კომენტარი

იესოს ყველა როდი ხვდებოდა თბილად, ყველა როდი იღებდა პატივით. უამრავი ადამიანი არა უბრალოდ უგულებელყოფდა მას, არამედ უარყოფდნენ კიდეც.

ესაიამ იწინასწარმეტყველა იმის შესახებ, როგორ მიიღებდნენ მას ადამიანები:

მოძულებული იყო, კაცთაგან უარყოფილი, გატანჯული და დასნეულებული. ესაია 53:3 | სბს–სტოკჰოლმი 2001

მოციქულმა იოანემ ადამიანთა მიერ იესოს უარყოფის შესახებ ასე დაწერა:

იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს. იოანე 1:10-11 | სბს–სტოკჰოლმი 2001

როგორ შეძლო ქრისტემ სიმტკიცის შენარჩუნება? ნებისმიერ წუთს შეეძლო ეთქვა: „მორჩა, მე საკმაოდ ბევრი გავაკეთე!“ რატომ არ მოიქცა ასე? რა აძლევდა ძალას, რომ არ დანებებულიყო?

საინტერესოა, ლი აიელბი თუ მიიღებდა პასუხს ამ კითხვაზე. ის ნიუ-იორკის ყოფილი მეხანძრეა და თავისი ცხოვრების 26 წელი ამ საქმეს მიუძღვნა, თუმცა 2011 წლის 11 სექტემბერს მან ბევრად მეტი, საკუთარი ძე დაკარგა.

ლიმ შვილის სხეულის პოვნა საკუთარ მისიად აქცია, ის ათობით ადამიანთან ერთად ყოველდღე თხრიდა ნანგრევებს. ერთ სამშაბათს, 11 დეკემბერს, აფეთქებიდან სამი თვის შემდეგ, მისი ვაჟი იპოვეს და ლი იქ იყო, მის ამოსაყვანად.

ის არ დანებდა, მამა არ დანებდა. მან უარი თქვა შვილის გვამის მიტოვებაზე. რატომ? იმიტომ, რომ შვილისადმი მისი სიყვარული უფრო დიდი იყო, ვიდრე ტკივილი, რომელსაც ძიებისას განიცდიდა.

არ შეიძლება, იგივე ვთქვათ ქრისტეზეც?

რატომ არ დანებდა? იმიტომ, რომ შვილებისადმი მისი სიყვარული გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მისი ცხოვრებისას განცდილი ტკივილი. შენი სამყარო ჩამოინგრა და შენ მკვდარი იყავი ცოდვისგან. აი, ამიტომ მოვიდა ის, რომ ამოგიყვანოს ნანგრევებიდან. მას შენ უყვარხარ!

სწორედ ამიტომ გაუძლო ჩვენს წინააღმდეგობას – „სიყვარული ყოველივეს იტანს.“

სწორედ ამიტომ  გადადგა საბოლოო ნაბიჯი და  განკაცდა.

ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში. მე-2 კორინთელთა 5:21 | სბს–სტოკჰოლმი 2001

რატომ გააკეთა იესომ ეს? არსებობს ერთსიტყვიანი პასუხი სიყვარული. და ეს სიყვარული

ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. 1-ლი კორინთელთა 13:7 | სბს–სტოკჰოლმი 2001

დაფიქრდი ამაზე. შესვი აქედან, დარწყულდი, უბრალოდ კი არ მოსვა, არამედ დალიე. დროა, მისმა სიყვარულმა დაფაროს ყველაფერი შენს ცხოვრებაში: ყველა საიდუმლო, ყველა ტკივილი, ბოროტების საათები, მწუხარების წუთები.

ყველა შეუსრულებელ დაპირებას, ყველა მიღებულ ნარკოტიკს, ყველა მოპარულ თეთრს, ყველა უხეშ, განმკითხველ თუ ბილწ სიტყვას, ყველაფერს მისი სიყვარული დაფარავს.

წარმოიდგინეთ გიგანტური სატვირთო, რომელიც სავსეა სიყვარულით, მის უკან შენ ხარ, ნელ-ნელა სატვირთოდან სიყვარული იღვრება, რომელიც თანდათანობით გფარავს და ბოლოს მთლიანად მისით ხარ მოცული.

სად ხარ? – გკითხავს ვინმე.

შენ კი უპასუხებ: „აქ ვარ, სიყვარულში ვარ ჩაფლული.“

მისი სიყვარული ყოველივეს ფარავს.

გააკეთე ეს მისთვის, მისი სახელის სადიდებლად.

გააკეთე ეს შენთვის, შენი გულის სიმშვიდისთვის.

გააკეთე ეს მათთვის, ადამიანთათვის, რომლებიც შენს ცხოვრებაში არიან.

დაე, მისი სიყვარული გადმოიღვაროს შენზე და დაგფაროს, რათა შენმა სიყვარულმაც დაფაროს სხვები.

მაქს ლუკადო